გიორგობიანის განცხადება TI-ის განცხადებაზე

შსს სხვადასხვა უწყებაში თავისი ფარული წარმომადგენლების ყოფნას უარყოფს

შსს

"სამწუხაროა, რომ ასეთი სერიოზული ორგანიზაცია, როგორიც არის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო(TI), ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

საუბარია ორგანიზაციის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობა ხელყოფილია კომისიაში შს სამინისტროს წარმომადგენლის არსებობით, რომელსაც კომისიის თანამშრომლები მეტსახელად გენერალს ეძახიან. გიორგობიანი ამ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

"სამწუხაროა, რომ ასეთი სერიოზული ორგანიზაცია, როგორიც არის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს. პირველად გავიგე, რომ ორგანიზაცია განცხადებაში კონკრეტულ სახელს და გვარს კი არ ასახელებს, არამედ პიროვნებას ფსევდონიმით იხსენიებს. თუ ორგანიზაციას აქვს კონკრეტული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია, დაასახელოს კონკრეტული პირები და ჩვენ დაუყოვნებლივ შევისწავლით საკითხს და მოვახდენთ რეგირებას", - განაცხადა გიორგობიანმა.

გიორგობიანმა ასევე უარყო საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადება, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად იმყოფებიან როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

"შევახსენებთ ორგანიზაციას, რომ ამ საკითხზე განმარტება ადრეც გავაკეთე და ის პირი, რომელზეც გოგუაძე საუბრობს, ჩვენი თანამშრომელი არ არის", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. 

ორგანიზაციის თქმით, მსგავსი პრაქტიკა საქართველოში წლების მანძილზე არსებობდა, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მეორეჯერ გათავისუფლების შემდეგ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ახდენდა (როგორც ჩანს, აღნიშნული პიროვნება პარალელურად საზოგადოებრივ მაუწყებელში უსაფრთხოების საკითხებში მენეჯმენტის მრჩევლად მუშაობდა) და მას შესაბამის სარგებელს სთავაზობდა, თუკი გოგუაძე ბარათაშვილის გათავისუფლებას მხარს არ დაუჭერდა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება მარეგულირებელ კომისიას, TI-ის განცხადებით, "გენერალი" მარეგულირებლის საქმიანობის და თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას აგროვებს, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონის თვალსაჩინო დარღვევაა.

მაშინ, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დირექტორ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობას უცხადებდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძემ დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი ციბაძე ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის იყო კონტრდაზვერვის თანამშრომელი, რომელიც მაუწყებელში სიტუაციის სამართავად იყო მიგზავნილი.

როგორც ემზარ გოგუაძემ ტაბულას განუცხადა, ციბაძეს ხელფასს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უხდის, გარდა ამისა, შსს-ც უარყოფს, რომ ციბაძე უწყების თანამშრომელია. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისთვის გაუგებარია, თუ რა მიზნითა და ვისი დავალებით მუშაობს ირაკლი ციბაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ე.წ. ოდეერის, იგივე უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სხვადასხვა უწყებებში არსებობაზე გაზეთ რეზონანსის რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან საჯარო შეხვედრისას ისაუბრა. მან პრემიერს ჰკითხა, როდის აპირებდა მთავრობა ამ ინსტიტუტზე უარის თქმას, რომელიც, ტუღუშისვე თქმით, ქვეყნის "სამარცხვინო ლაქაა". პრემიერმა საჯაროდ აღიარა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს.

"მთავრობის სხდომაზე ორჯერ მქონდა პოლემიკა ამაზე. ამას გარეთ ვერ გამოვიტან, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ამაზე უარი ვთქვათ და ალბათ უახლოეს მომავალში მოვახერხებთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები