შრომის კოდექსი

ახალი ცვლილებები შრომის კოდექსში: ქალთა უფლებების დაცვა თუ ქალთა უმუშევრობის გაზრდის წინაპირობა

იუსტიციის სამინისტრო, როგორც თავად აცხადებს, შრომის კოდექსის რეფორმირების მეორე ტალღას იწყებს. ამ ეტაპზე ქალთა შრომითი უფლებების რეგულირება იგეგმება. ცვლილებები ძირითადად შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა თანაბარ პირობებში თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა; ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრა; ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დროის დარეგულირება; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას თანხმობის სავალდებულობა; ღამით მუშაობის შეზღუდვა ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის; დამატებითი შესვენების უზრუნველყოფა მეძუძური დედებისთვის; შვებულების უზრუნველყოფა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო; შრომითი პირობების დაცვა. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მომხრეები და მოწინააღმდეგეები არ ელევა.

ცვლილებების შემოთავაზებული პაკეტი

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის მიხედვით, შრომით კანონმდებლობაში 2014 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელი ცვლილებების მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე. ამასთან, დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

კანონპროექტის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივები მინისტრმა თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს, დამსაქმებლებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს გააცნო. „ცვლილებების მიზანია ის, რომ როცა ქალის დასაქმების საკითხი იხილება რომელიმე დაწესებულებაში, არამც და არამც დასაქმების წინარე პერიოდში შეკითხვები არ ეხებოდეს შესაძლო ორსულობას, შესაძლო შვილის ყოლას, დაქორწინების პერსპექტივას და ა.შ., რომ ქალებს და კაცებს თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება და თანაბარი სოციალური გარანტიები ჰქონდეთ, რომ ღამე ზეგანაკვეთური სამუშაო და მივლინება იყოს განსაზღვრული ქალთა კატეგორიისთვის მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მომხრეების არგუმენტები

შრომითი ურთიერთობების სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების მომხრეების მთავარი არგუმენტია, რომ დამსაქმებელი არ უნდა იყოს უფრო უპირატეს მდგომარეობაში, ვიდრე დასაქმებული. გამოდის, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები დაპირისპირებული მხარეები არიან, ამიტომ სახელმწიფოს როლის გაზრდა დასაქმებულთა უფლებების დასაცავად აუცილებელია.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ შრომით ურთიერთობებში ქალების უფლებების დაცვით, კიდევ უფრო ფართო პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობენ ხელს - მაგალითად, როგორიცაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უკეთ დაცვა და დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრა.  

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ დასაქმებული ქალბატონებისთვის დეკრეტული შვებულება უნდა იყოს 1-წლიანი და ამ პერიოდში მათ ხელფასის 2/3 უნდა შეუნარჩუნდეთ. „იმ ადამიანებს, ვისაც 150 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, მანდ უნდა იყოს გარკვეული სტანდარტი - ასე ვთქვათ ზედა ზღვარი, სადაც 150 ლარზე ნაკლები არ მიეცემათ დეკრეტული შვებულება“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების მომხრეა გაეროც. გაეროს განვითარების პროგრამის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელის სოფო ქემხაძის მოსაზრებით, შრომის კოდექსმა უნდა განსაზღვროს არა მარტო ის, თუ როგორი იქნება ჩვენი მოქალაქეეის სოციალური და ეკონომიკური დაცულობა, არამედ ისიც, თუ როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები და დასაქმების გაზრდის პერსპექტივები ქვეყანაში.

სწორედ ამ კუთხით აკრიტიკებენ შრომით ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევას იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის მოწინააღმდეგეები. მათი აზრით, შრომითი ბაზრის მოქნილობის შეზღუდვა შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას.

მოწინააღმდეგეების არგუმენტები

შრომითი ურთიერთობების სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტია, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები არ არიან, შესაბამისად, სახელმწიფოს როლის გაზრდა დასაქმებულთა უფლებების დასაცავად საჭირო არ არის.

დასაქმებულს, როგორც ნებისმიერი პროდუქტის გამყიდველს, სურვილი აქვს თავისი შრომა გაყიდოს მაღალ ფასში, ხოლო დამსაქმებელს, როგორც ნებისმიერი პროდუქტის მყიდველს, სურვილი აქვს შრომა იყიდოს დაბალ ფასში, მაგრამ განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, დამსაქმებელს და დასაქმებულს აქვთ საერთო ინტერესი - ეფექტიანი შრომა დამსაქმებელს საშუალებას უქმნის შეამციროს ხარჯები და გაზარდოს მოგება, რაც თავის მხრივ დასაქმებულზეც აისახება - ეს მისთვის ხელფასის გაზრდის წინაპირობაა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო ღიაა სისტემა, მით უფრო მაღალია კონკურენცია არა მხოლოდ მათ შორის, ვინც სამუშაოს ეძებს, არამედ დამსაქმებლებს შორისაც. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს საბაზრო მექანიზმები აუმჯობესებს დასაქმებულთა მდგომარეობას. მეორე მხრივ, მექანიზმის მოშლა, რომელიც ბიზნესმენს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო თამამად მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, უარყოფითად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ზოგადად, დასაქმების მაჩვენებელზე.

დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ელგუჯა მელაძის აზრით, შრომის კოდექსში ქალთა უფლებების დაცვისკენ გამიზნული ცვლილებები ქალბატონებში გაზრდის მოტივაციას, რომ არ განვითარდნენ პროფესიონალურად, დამსაქმებელი კი ასჯერ დაფიქრდება, სანამ ქალს სამსახურში მიიღებს.

ქალთა დასაქმების გაუარესებაზე საუბრობს ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი სარა ვილიამსონიც. მისი თქმით, ქალთა უფლებების დაცვა ძალიან მგრძნობიარე თემაა: „ქალებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, დედობა აირჩიონ, მათ პირად და ოჯახურ არჩევანზე ზრუნვა დამსაქმებლის პასუხისმგებლობა არ არის, ამიტომ, ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული რეკომენდაციები უარყოფით გავლენას მოახდენს ქალთა დასაქმებაზე. სამსახურის შოვნა განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს ვილიამსონი.

საერთაშორისო გამოცდილება

კვლევითი ცენტრი PMCG, რომელმაც საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილებების ეკონომიკური ანალიზი ჩაატარა, საერთაშორისო გამოცდილებას იშველიებს და მსოფლიო ბანკის ჯერ კიდებ 1990 წლის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შრომითი ბაზრის რეგულაციები, რომლებიც მიმართული იყო დასაქმებულების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, სინამდვილეში ზიანს აყენებს მათ. OECD წევრ სახელმწიფოებში არსებული უმუშევრობის განსხვავებული დონეების მიზეზების ძიებისას, ჯერ კიდევ 1994 წელს წარმოდგენილ ანგარიშებში, ხაზს უსვამს შრომითი ბაზრის ინსტიტუტების მნიშვნელობას და წევრ ქვეყნებს შრომის ბაზრების დერეგულირებას ურჩევს.

ანგარიშში წარმოდგენილი საერთაშორისო ემპირიული კვლევების ანალიზი ცხადყოფს, რომ შრომის ბაზრის რეგულაციების გამკაცრება აუარესებს ვითარებას შრომის ბაზარზე. კერძოდ, ამცირებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ალბათობას, ზრდის უმუშევრობას და კორუფციას და ართულებს ეკონომიკურ კრიზისებთან ადაპტირების შესაძლებლობას.

ბიზნესგარემოს შეფასება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების შემადგენელი ნაწილია. ამ პროცესში ყურადღება ექცევა რამდენიმე ფაქტორს, ძირითადად, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, საგადასახადო და შრომის კოდექსებს, სასამართლო სისტემას - თუმცა არა განცალკევებულად, არამედ მთლიანობაში.

განვითარებულ ქვეყნებში შედარებით მკაცრი შრომითი კანონმდებლობა შესაძლებელია დააბალანსოს სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ ან გამართულმა სასამართლო სისტემამ, თუმცა OECD-ის და ევროკავშირის ქვეყნების ანალიზი ცხადყოფს, რომ მკაცრ შრომით რეგულაციებს ეკონომიკაზე ამ ქვეყნებშიც უარყოფითი ეფექტი აქვს - მაგალითად, ესპანეთში უმუშევრობის დონემ 26%-ს, ხოლო საბერძნეთში - 25%-ს გადააჭარბა. ამასთან, ორივე ამ ქვეყანაში მაღალია ახალგაზრდობის უმუშვერობის დონე - ესპენთში 55.9%-ია, ხოლო საბერძნეთში - 57%.

ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში კი, სადაც მაკროეკონომიკური სტაბილურობა ნაკლებია, სასამართლო სისტემა არ არის გამართული, ეკონომიკის დამატებითი რეგულაციებით დატვირთვა ამცირებს ახალი ინვეტიციების ჩადების სტიმულს, რაც უარყოფითაც აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ისე დასაქმების მაჩვენებელზეც.

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ - 2013 წლის ბოლოსთვის ეკონომიკა პროგნოზირებული 6%-ის ნაცვლად, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, 3%-ით გაიზრდება; 2012 წლის ბოლო კვარტლიდან დღემდე 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა; მთავრობა აპირებს ძვირი შიდა ვალის აღებას, რაც სავარაუდოდ, გაზრდილი სოციალური ვალდებულებების დაფარვას მოხმარდება - შრომით ბაზარზე უხეში ჩარევა და თავისუფალი ბაზრის ახალი რეგულაციებით დამძიმება ცეცხლთან თამაშს გავს.

კომენტარები