27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ბაქრაძე: ჩვენი პარტია საქართველოს ევროპული არჩევანის მთავარი დამცველი ძალაა

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა. ბაქრაძემ დასკვნითი შეხვედრა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალი მთავრობის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა და მხარდამჭერებს ქართული ოცნების შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა.

"ილიას კვალდაკვალ, დღეს ჩვენი პარტია საქართველოს ევროპული არჩევანის მთავარი დამცველი ძალაა. ჩვენ ვაკეთებდით და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, სადაც დღევანდელ მთავრობას ყველაზე მეტად სჭირდება კონტროლი. პრეზიდენტმა ხალხთან ერთად უნდა აიძულოს მთავრობა მთავარ ამოცანად გაიხადოს არა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ, ხალხზე ზრუნვა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება და, ამავე დროს, პრეზიდენტსაც უნდა შეეძლოს მთავრობასთან ერთად მუშაობა და მისი ამ საკითხში დახმარება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მომავალი პრეზიდენტის ამოცანა და სწორედ ასეთ მიდგომას ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებას", - თქვა ბაქრაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა მთავრობას თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა. ბაქრაძის თქმით, გადასახადების შემცირება, სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ახალ რეგულაციებზე უარის თქმა, ეკონომიკური ამნისტია და დანაშაულის დეკრიმინალიზაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საუკეთესო სტრატეგიაა. პრეზიდენტობის კანდიდატმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

 

კომენტარები