2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

ISFED: პრემიერის მიერ საჩუქრის გადაცემის ფაქტები არცერთ უწყებას არ შეუსწავლია

netgazeti.ge

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების(ISFED) თავმჯდომარემ ნინო ლომჯარიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონება საქართველოს მოქალაქეებს გადასცა, თუმცა, აღნიშნული ფაქტების შესწავლა არც ერთი სათანადო უწყების მიერ არ მომხდარა. ეს კი არასწორი პრაქტიკაა.

ლომჯარიამ ასევე თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გაცილებით ნაკლები ფაქტი გამოვლინდა, ვიდრე გასულ წელს.

ლომჯარიას თქმით, საბიუჯეტო რესურსების წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების მხოლოდ რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. “ფაქტიურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საბიუჯეტო რესურსის გამოყენება პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის არ ხდებოდა”, - თქვა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობაში გამოიხატებოდა. ძირითადად ეს ხდებოდა მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ, თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც საჯარო მოხელეები ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატის, დავით ბაქრაძის კამპანიაში. “ესეც არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაფიქსირდა არა ერთი პარტიის სასარგებლოდ”, - თქვა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ თვითმმართველობებში ოცზე მეტი ადგილობრივი თანამდებობის პირი შეიცვალა და ძირითადად ეს იძულებისა და ზეწოლის ფონზე ხდებოდა.“აღნიშნულ პროცესებს ჩვენ ვაფასებთ, რომ თანამდებობის პირების ცვლილებით გავლენა მოეხდინათ წიასაარჩევნო გარემოზე ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში”, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა სიიდან ამოიღეს 97 000 რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი, რომელთაგან 9 000-მა რეგისტრაცია ხელახლა გაიარა.

თუმცა, ლომჯარიას თქმით, პრობლემატურად ფასდება საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების საკითხი. საზღვარგარეთ რეგისტრაცია 50 000-მდე ამომრჩეველმა გაიარა, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი უცხოეთში რეალურად მყოფ ქართველებთან გაცილებით დაბალია. ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ სამომავლოდ მათთვის ხმის მიცემის ალტერნატიულ გზებზე უნდა იფიქროს.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო მედიაცენტრში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.

კომენტარები