არჩევნები 2013

N9 ციხეში საარჩევნო პროცესს პოლონეთის სენატის წარმომადგენელი აკვირდება

ე.წ. მატროსოვის ციხეში საარჩევნო პროცესს პოლონეთის სენატის წარმომადგენელი და საქართველოში პოლონეთის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გრეჟინა შტარკი აკვირდება. მისი თქმით, ამ დრომდე ყველაფერი წესის მიხედვით მიდის.

"ეს განსაკუთრებული დაწესებულებაა და ჩვენც განსაკუთრებული ინტერესი გვამოძრავებს ამ დაწესებულების მიმართ თუ როგორ ჩატარდება საარჩევნო პროცესი და როგორ მიიღებენ მასში მონაწილეობას ის პატიმრები, რომლებიც აქ იმყოფებიან", - განაცხადა გრეჟინა შტარკმა. მისივე თქმით, მატროსოვის ციხეში ყოფილი მაღალჩინოსნების ყოფნა არის ერთერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, საარჩევნო პროცესს სწორედ ამ ციხეში აკვირდება. 

"აქ იმყოფებიან მაღალჩინოსნები და ამიტომ არის ჩვენი ინტერესი გამოწვეული განსაკუთრებულად ამ დაწესებულების მიმართ. გვაინტერესებდა როგორ ჩაივლიდა ეს ყველაფერი ამ დაწესებულებაში და იქნება თუ არა დაცული ყველა ის ნორმა და პროცედურა, რაც აუცილებელია ამ პროცესისათვის. მე ვარ პოლონეთის სენატის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და ამავდროულად ვარ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში იმ ჯგუფისა, რომელიც სხვადასხვა ადგილებში მუშაობს დამკვირვებლის სტატუსით", - განაცხადა გრეჟინა შტარკმა. 

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში ხმას 50 პირი მისცემს, აქედან 24 პატიმარია, დანარჩენი კი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი. დღეს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია.

მთლიანად, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 200 პატიმარი სარგებლობს. 

"ყველა პატიმარი, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გამოიკითხა. დაახლოებით 1700 კაციდან 200-მა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ასევე, ყველა იმ პატიმარს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს და არ ჰქონდა პირადობის მოწმობები ვადის გასვლის გამო, სახელმწიფომ უფასოდ დაუმზადა ახალი პირადობის მოწმობები", - თქვა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. 

კომენტარები