არჩევნები 2013

ცესკო: 10:00-სთვის არჩევნებში მონაწილეობა 240 732-მა ამომრჩეველმა მიიღო

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.8 %-ია. ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის, 240 732-მა ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვილი აღნიშნავს, რომ ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი - 63 360 ამომრჩეველი თბილისში მივიდა. 

რაც შეეხება აქტივობის პროცენტულ მაჩვენებელს, ყველაზე მაღალი აქტივობა ამ დროისათვის 12,2 % რაჭა-ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა.

ცესკოს სპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, რამდენიმე უბანზე მომხდარი პროცედურული ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია. ამასთან, ეკა აზარაშვილი განმარტავს, რომ ბიულეტენები საარჩევნო უბნებზე კანონის შესაბამისად, ნაკლებობით არის მიტანილი და საჭიროების შემთხვევაში, ცესკო უბნებზე ბიულეტენებს დაამატებს.

მისივე თქმით, ლატვიაში, რიგაში საარჩევნო კომისიის წევრი დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.

"თუმცა უკვე ჩვეულებრივ მიმდინარეობსსაარჩევნო პროცესი" - აღნიშნა აზარაშვილმა.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ამ ეტაპზე 10 საჩივარი აქვთ დაწერილი. მისივე განმარტებით, საიას დამკვირვებლებმა ჩანაწერის წიგნში დამატებით კიდევ 13 შენიშვნა დააფიქსირეს.

კომენტარები