არჩევნები 2013

ცესკო: ჩვენი ინფორმაციით, მთივლიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჭიკაანში, საარჩევნო უბანზე ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მთივლიშვილს საარჩევნო უბანი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მან სამაგიდო სიების გადაღება დაიწყო.

"ყვარლის ოლქში, ჭიკაანში, მე- 14 საარჩევნო უბანზე, ადგილი ქონდა ჟურნალისტთან დაკავშირებულ ერთ ფაქტს. გელა მთივლიშვილი იმყოფებოდა ამ უბანზე და იღებდა სამაგიდო სიებს. კომისიის წევრებმა მას უთხრეს, რომ არ გადაეღო სიები და შენობა დაეტოვებინა. შენობა დაატოვებინეს, თუმცა აჟიოტაჟი ატყდა გარეთ, მან გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია, მიიყვანა სხვა ჟურნალისტებიც. ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მტკიცებით კი, ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქის მე-14 ჭიკაანის საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მთივლიშვილის თქმით, ინციდენტში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ, ამ ყველაფერს კი, კომისიის თავმჯდომარე ივანე სეფიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

"როდესაც უბანში შევედი, კომისიის წევრები უბნის გარეთ იმყოფებოდნენ და ამ საკითხის გარკვევა ვითხოვე. ასევე, ვითხოვე სარეგისტრაციო ჟურნალში დარეგისტრირება, თუმცა კომისიის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს" - ამბობს მთივლიშვილი.  როგორ კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი აღნიშნავს, მას ასევე არ მიეცა აღნიშნული ინციდენტის შესახებ საჩივრის დაწერის შესაძლებლობა. ჟურნალისტის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

თავად ჭიკაანის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე სეფიაშვილი გელა მთივლიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და შენობიდან გაძევების ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, მთივლიშვილი სამაგიდო სიებს იღებდა, რაზეც მიუთითეს, რომ არ შეიძლებოდა და მან უბანი საკუთარი სურვილით დატოვა.

„არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, ვუთხარით, რომ სამაგიდო ვერსიების და კაბინების გადაღება არ შეიძლებოდა. მაინც იღებდა სამაგიდო სიებს. მე ვუთხარი, მიბრძანდით-მეთქი, ეგ არის და ეგ. როგორ გეკადრებათ, ხელით შეხება შეიძლება? გაბრძანდა თავისით. რა შეურაცხყოფა, სულ მოწიწებით ველაპარაკებოდით“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ივანე სეფიაშვილმა.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

 

კომენტარები