არჩევნები 2013

ბურჯანაძე: ეგზითპოლების შედეგები არ მაინტერესებს

პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში სოციოლოგია არ მუშაობს და როგორც ეგზითპოლები, ისე საზოგადოებრივი აზრის კვლევები, არის მოსახლეობაზე ზემოქმედების მცდელობა. როგორც ბურჯანაძემ ბრიფინგზე თქვა, მან არ იცის ეგზითპოლების შედეგები და არც აინტერესებს, რადგან იცის მდგომარეობა საარჩევნო უბნებზე და მოსახლეობის განწყობა. 

"ამიტომ, მე დაახლოებით ვიცი, რა შედეგები იქნება პარალელური დათვლის შედეგად. ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას, გვაქვს დაწერილი ათასზე მეტი საჩივარი. ახლა არის ყველაზე რთული პერიოდი, როცა ადვილად შეიძლება მოხდეს ოქმების გადასწორებები, ბიულეტენების ჩაყრა.. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დამკვირვებლები იქნებიან ეფექტურები" - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება.

"იქ მე გიორგი მარგველაშვილთან ერთად ვიბრძოლებ. მოვუწოდებ ყველას, თითოეული ხმა დაიცავით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, ვიცით ისიც, რომ არ მუშაობს ეგზიტპოლები. იყო არჩევნების გაყალბების მცდელობები. მაგალითად, მარნეულში, სადაც ბევრი მხარდამჭერი გვყავს, შუქი გაითიშა. ეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად გაკეთდა"- ამბობს ბურჯანაძე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK-ს ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემებით,  გიორგი მარგველაშვილს ხმების 66.7% აქვს, დავით ბაქრაძეს 20.2%, ნინო ბურჯანაძეს 7.5%.  ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე  გიორგი მარგველაშვილმა ხმების 68,0%  მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 17,1%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 9,9%.

კომენტარები