არჩევნები 2013

გიგი წერეთელი: მნიშვნელოვანია, მოიგოს მთელმა საზოგადოებამ და ქვეყანამ

www.radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, მისი პარტია მზად არის, კონკურენტებს გამარჯვება მიულოცოს. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ არჩევნების წინასწარი შედეგებია ცნობილი, სურათი დრამატულად არ შეიცვლება.

"ამას პოლიტიკური გამოცდილება გვკარნახობს. ჩვენთვის მთავარი იყო პროცესი ნორმალურად წარმართულიყო. რა თქმა უნდა, ყველა საკუთარი კანდიდატურის წარმატებაზე ფიქრობს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, მოიგოს მთელმა საზოგადოებამ და ქვეყანამ. თუ ეს ასე იქნება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და თავისუფლად მივულოცავთ გამარჯვებას კონკურენტებს, რაც ასე ღირსეულად გააკეთა დავით ბაქრაძემ", – განუცხადა ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK-ს ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმების 66.7% აქვს, დავით ბაქრაძეს 20.2%, ნინო ბურჯანაძეს 7.5%. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილმა ხმების 68,0% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 17,1%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 9,9%.

დავით ბაქრაძემ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა წინასწარ მიულოცა იმის მიუხედავად, რომ მისივე თქმით, ეგზითპოლი არჩევნების შედეგების მხოლოდ წინასწარ შეფასებას აჩვენებს.

კომენტარები