ბაჩო ახალაიას საქმე

ეკა არეშიძე: ლაშა ნაცვლიშვილის შეხვედრა ახალაიას მოსამართლესთან გამორიცხულია

თბილისის საქალაქო სასამართლო გამორიცხავს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისა და მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის შეხვედრას ახალაიას საქმესთან დაკავშირებით. როგორც ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას მიმართ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა, მსგავს შეხვედრაზე ინფორმაციას არ ფლობს. 

"ასეთ ფაქტს ადგილი არ ექნებოდა. ეს გამორიცხულია. საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მხარესთან კონტაქტი არ გვაქვს", - თქვა ეკა არეშიძემ და გამოცხადებულ განაჩენზე ისაუბრა. მისი თქმით, შეკრებილი მასალების შეფასების შედეგად, სასამართლომ ბრალდებულები ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა სსკ-ს 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ ასევე, ყველა ბრალდებულს მოუხსნა საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქ/პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 144-ე მესამე პრიმა მუხლი მოიცავს აღნიშნულ დანაშაულს და ცალკე კვალიფიკაციას არ საჭიროებს.

"სასამართლომ ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ". "დ", "ე" და "ზ" ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, მათვე 3 წლის ვადით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ ყველა ბრალდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის და 3 თვის ვადით; ასევე ბაჩანა ახალაიას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4.000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს - ჯარიმა 3.000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ", - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო და განმარტავს, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი). ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ორი და მეტი თავისუფლებაშეზღუდული პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს.

"საქმის არსებითად განხილვისას ბაჩანა ახალაიამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ ისარგებლა საგამონაკლისო უფლებით და პროცესზე დაიკითხა დაცვის მხარის 3 მოწმე და ბრალდებული ბაჩანა ახალაია. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით, მათ შორის, ბრალდების მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და, შესაბამისად, მათი სხდომაზე ზეპირი გამოკვლევა არ მომხდარა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 8 სასამართლო სხდომა", - აღნიშნა ეკა არეშიძემ.

ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოუტანეს. სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა თქვა, რომ მოსამართლე მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს შეხვდა და მისგან მიიღო დავალება, რომ ბაჩო ახალაიასთვის 2-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გოგა ონიანისთვის უცნობია, სად შედგა შეხვედრა, თუმცა, მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად გაიმართა. მისი განცხადებით, მოსამართლემ სწორედ ნაცვლიშვილის დავალება შეასრულა. გოგა ონიანი მოითხოვს აღნიშნული ინფორმაციის შესწავლას.

"თუკი ინფორმაცია არ დადასტურდება, მე ბოდიშს მოვიხდი", - თქვა ადვოკატმა.

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს - მეგის ქარდავას, დავით ჭაკუასა და რევაზ ჭარბაძეს ბრალი არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ედებათ.

კომენტარები