0 კომენტარი

„არტსოფელი საქართველოში" – ასე მოიხსენიებენ გარიყულას, სადაც 1885 წელს, წარმოშობით პოლონელმა ინჟინერმა ვასილ ბოლგარსკიმ ოჯახის საზაფხულო რეზიდენციისთვის სასახლე დააპროექტა. მფლობელებს საკუთრება გასაბჭოების შემდეგ ჩამოართვეს, ხოლო ბოლგარსკი დახვრიტეს. შენობა მხატვრების ხელში XX საუკუნის 90-იან წლებში აღმოჩნდა, 2000 წლიდან კი ჩამოყალიბდა არტისტთა კომუნა, რომელმაც ქართველი და უცხოელი ხელოვანები გააერთიანა.

მათ თანამშრომლობასა და ერთობლივ მუშაობაზეა ორიენტირებული Fest i Nova – ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც არტ-ვილა გარიყულაში 9-16 სექტემბერს მიმდინარეობდა. კურატორი იყო ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი, რომელმაც მონაწილეთა ხედვა „უხილავი დინებებისკენ" წარმართა.

როგორც ფესტივალის დირექტორისგან, მხატვარ ყარამან ქუთათელაძისგან შევიტყვეთ, წლევანდელი ფესტივალი, უპირველესად, მხარდამჭერთა (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის საელჩო საქართველოში, თიბისი ბანკი, ფრანგული ინსტიტუტი, ვილა არსონი), მონაწილეთა და მოხალისეთა (დაახლოებით 400 ადამიანი) ჩართულობით გამოირჩეოდა.

„წელს ჩამოყალიბდა ამერიკული, ფრანგული, ავსტრიული პავილიონები. თუმცა, სიტყვა პავილიონი, ჩვენს შემთხვევაში, შენობას კი არა, კულტურულ-დიპლომატიურ ურთიერთობას ნიშნავს. ქართველები უფრო ნაკლებად იცნობენ გარიყულას, ვიდრე უცხოელები. არადა, სწორედ გარიყულა შეიძლება გამოვიყენოთ კულტურის და ხელოვნების განვითარების დეცენტრალიზაციის მოდელად. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ ფესტივალში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. მათი დახმარებით, ქართველების, ფრანგების, ამერიკელების და აზერბაიჯანელების ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო", – აღნიშნავს ფესტივალის დირექტორი. მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია შემოქმედებითი და კულტურული დიალოგის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობაც და გული წყდება, რომ ნაკლებად აქტიურობენ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

„წლევანდელი ფესტივალი მასშტაბური გამოვიდა. მონაწილეების გარდა, ჩამოვიდნენ ენთუზიასტები, მოხალისეები, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. შეიქმნა ისეთი პოზიტიური გარემო, რომელიც აკლია თბილისს. მოხდა ენერგიებისა და გამოცდილების გაცვლა, რაც უკვე პროგრესია", – გვიყვება ყარამან ქუთათელაძე და გვათვალიერებინებს ექსპოზიციას, რომელიც სასახლის ტერიტორიაზეა გაბნეული და ქართლში – რკონის, იკვის, კალო უბნის, ერთაწმინდის, ნოსტეს, უფლისციხის სიახლოვეს მდებარეობს.

2013 წლის ფესტივალის ანგარიშის პრეზენტაციას ორგანიზატორები ოქტომბრის შუა რიცხვებში, რთველის დროს გეგმავენ. თუმცა გარიყულას მანამდეც შეგიძლიათ ესტუმროთ და ნახოთ 15-მდე არტისტის ნამუშევარი, მათ შორის: ვილა არსონიდან ჩამოსული ფრანგი ახალგაზრდების მიწიდან ამოღებული და ბეტონის მოედანზე მოძრავი ხე, რომელიც არასტაბილური წონასწორობის იდეას განასახიერებს, ასევე, ცნობილი არტისტის – დომინიკ ფიურის ალისას თემაზე შექმნილი ობიექტები, ამერიკული პავილიონი (კურატორი – ლოს ანჯელესში მცხოვრები ქართველი არტისტი ნანა ჩიჩუა. მასთან ერთად: ტრევის უეიდ აივი, ლევერ რუხინი, ტრისტან დიუკი, ლორელაინ კონიგი, მარკუს ბეუტერი) და სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების არტობიექტები, რომლებიც სივრცეში, საოცრად ლამაზი ლანდშაფტის ფონზე, საუკეთესოდ იკითხება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს

კომენტარები