მუსიკა

ალბომები

 

Machinedrum – Vapor City

Machinedrum – Vapor City

წარმოშობით ნიუ იორკელი, ბოლო დროს კი ბერლინში დაფუძნებული პროდიუსერი ტრევის სტიუარტი, იგივე Machinedrum, უკვე დეკადაზე მეტია ელექტრონული მუსიკის სცენაზე მოღვაწეობს. მას შემდეგ, რაც ელექტრონული მუსიკის თითქმის ყველა სფეროში სცადა ბედი, იქნება ეს სოლო (Machinedrum, Syndrone), თუ კოლაბორაციონული პროექტები (Sepalcure, Jets და Dream Continuum), მისი უკანასკნელი სოლო ნამუშევრები უფრო footwork-ის და jungle-ის სინთეზურ ექსპერიმენტებად შეიძლება შევაფასოთ. სწორედ ამ ექსპერიმენტულმა მიგნებებმა, 2011 წლის ალბომის Room(s) სახით, ანდერგრაუნდში მოღვაწე მუსიკოსი საერთაშორისო აღიარებამდე მიიყვანა. Room(s)-ის 90-იანების ნიუ იორკის რეივ კულტურის ნოსტალგიამ, სადაც არც თანამედროვე ელექტრონული ტენდენციებია უგულებელყოფილი, Machinedrum-ს წლის ერთ-ერთი საუკეთესო პროდიუსერის ტიტულიც მოუტანა.

ტრევის სტიუარტის ექსპერიმენტების უკანასკნელი ნაყოფი 2013 წლის სექტემბრის ბოლოს, Ninja Tunes-ზე გამოსული ალბომი Vapor City-ია. ერთი და იგივე ქალაქი, რომელიც პროდიუსერს ალბომზე მუშაობის პერიოდში ესიზმრებოდა, გახდა კიდეც Vapor City-ის ინსპირაციის წყარო. „სიზმარს გადავყავდი ქალაქში, სადაც თითქოს ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ იქ არასდროს ვყოფილვარ", – ამბობს სტიუარტი.

ურბანული მედიტაციები ელექტრონულ მუსიკაში ძალაუნებურად Burial-ის ასოციაციებს იწვევს, მაგრამ დაბის ნაცვლად, Vapor City-ის ცენტრალური თემა footwork-ის და jungle-ის თანამედროვე ვარიაციებია. ალბომის 10 ტრეკი სიზმრისეული ქალაქის ქუჩების და მოედნების სახელწოდებებს და მათ ატმოსფეროს, ქალაქის ხმაურს გამოხატავს. სინგლად გამოსული Gunshotta, რომელიც, მუსიკოსის თქმით, „ძალადობით, პარანოიით და მანკიერებით აღსავსე" ქალაქის ერთ-ერთ რაიონს ასახავს, footwork-ის, drum'n bass-ის და რაგა სემპლის ერთგვარი სინთეზია.

ალბომის კიდევ ერთი სინგლი Eyesdontlie, სიხშირეშეცვლილი, განმეორებადი ვოკალური სემპლითა და სინთეზატორული წიაღსვლებით, შეიძლება აღვიქვათ, როგორც კლასიკური რეივ კულტურისადმი ნოსტალგიური ჟესტი. როდესაც ამ ნოსტალგიას, რომელიც მთელ ალბომს გასდევს ფონად, ახალი მიგნებები და უზადო არანჟირებაც ერთვის თან, შეიძლება ითქვას, რომ Machinedrum წლის ერთ-ერთი გამორჩეული და Room(s)-ზე არანაკლები ხარისხის ალბომით დაუბრუნდა მუსიკალურ ასპარეზს.

Tim Hecker – Virgins
Tim Hecker – Virgins

მუსიკა თავისი არსით აბსტრაქტული ხელოვნებაა, მაგრამ ისეთი მუსიკოსი, როგორიცაა კანადაში მოღვაწე ტიმ ჰეკერი, შეიძლება ითქვას, მას უფრო ააბსტრაქტულებს. ჰეკერი უკვე თამამად შეგვიძლია „ემბიენთის” ვეტერანად მოვნათლოთ. მისი მუსიკა ყოველთვის რაღაცას და რაღაცას შორისაა, საწყისი წერტილი და დანიშნულების ადგილი კი უცნობია; უბრალოდ, სხვადასხვა „საუნდები” ამ საერთო მოძრაობას უერთდებიან და თუ ზოგი მუსიკალური სტრუქტურის გამართვას ემსახურება, ზოგი პირიქით – დესტრუქციითაა დაკავებული, ზოგი კი ისე უჩინარდება და წყვეტს არსებობას, რომ ვერცერთს ასწრებს.

2011 წლის საყოველთაოდ აღიარებული Ravedeath 1972-ის შემდეგ, მუსიკოსმა მორიგი ალბომის გამოსვლის თარიღად 2013 წლის 14 ოქტომბერი დაასახელა. ალბომის ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ Virgins – ისეთი მუსიკის შექმნის მცდელობაა, რომელიც „აცდენილია საერთო ფაზას, დროს და მელოდიას”. და მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება აბსოლუტურად შეესაბამება ალბომის ხასიათს, Virgins არანაირად არ წარმოადგენს ცალკეულ ხმათა კაკაფონიას, პირიქით, აქა-იქ ძალიან ადვილად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ცხადია არასტანდარტული, მაგრამ მაინც გარკვეული მელოდიები.

12-ტრეკიანი ალბომი ერთ მთლიან, უწყვეტ კომპოზიციად აღიქმება, მუსიკალური თემები კი შიგადაშიგ მეორდება (Virginal I & Virginal II). რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ მხოლოდ ტრეკების სათაურებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ამ ალბომის შექმნისას ჰეკერი თეოლოგიურმა თემებმა გაიტაცა. ჯამში, Virgins გახლავთ ალბომი, რომელიც თავისუფლად შეიძლება, წლის ბოლოს, საუკეთესო ალბომების სიების სათავეებთან ვიხილოთ.

 

Bill Callahan – Dream River

Bill Callahan – Dream River

Dream River, ბილ კალაჰანის რიგით მეხუთე ალბომი (მე-18, თუ Smog-ის ფსევდონიმით გამოსულ ალბომებსაც მივათვლით), 17 სექტემბერს გამოვიდა. ამერიკელი მუსიკოსი, რომლის ყველაზე ძლიერი მხარე ტექსტებისა და მუსიკის წერაა, ნელ-ნელა საკუთარ ვოკალურ შესაძლებლობებსაც ხვეწს. რა თქმა უნდა, რამე რევოლუციურ ცვლილებებთან ამ ალბომში საქმე არ გვაქვს, ბილი ისევ ნაკლებად „მღერის” და ძირითადად ხავერდოვანი, რბილი ვოკალით გადის ფონს.

მუსიკალური თვალსაზრისით, Dream River ახლოს დგას კალაჰანის 2011 წლის ალბომთან Apocalypse, თუმცა ისეთი მუსიკოსის ალბომების შედარება, როგორიც კალაჰანია, თითქოს აზრს კარგავს. როგორც ჩანს, ის იმ მცირერიცხოვან ხელოვანებს მიეკუთვნება, ვინც მუსიკალურ სამყაროში საკუთარი ადგილის განსაზღვრასა თუ გარკვეული ნიშის დაკავებაზე საერთოდ არ ფიქრობს. ის უბრალოდ წერს სიმღერებს და უკრავს ხარისხიან მუსიკას.

საერთოდ, კალაჰანის ტექსტები თითქმის ყველაფერს მოიცავს – უკიდურესი სენტიმენტალურობიდან, უკიდურეს ირონიამდე. მუსიკალური თვალსაზრისით, ამერიკული ფოლკის, სოულის, lo-fi-ს და ა.შ. გავლენები კალაჰანს მუდმივად ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ექსპერიმენტატორ მუსიკოსად იწყებდა კარიერას და, რაღაც თვალსაზრისით, ამ ალბომშიც ასეთად დარჩა. მის ვოკალს აქ აკომპანიმენტს კვლავაც გიტარა უწევს, თუმცა Dream River ინსტრუმენტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის – კლავიში, ჩასაბერი თუ დასარტყამი ინსტრუმენტები ალბომის საერთო ტექსტურას ქმნიან, ალბომის, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამერიკელი მუსიკოსი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა.

კომენტარები