საერთაშორისო დამკვირვებლები

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია: არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა

საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი შეფასებები და დასკვნები წარმოადგინა. მისიის შეფასებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და ატმოსფეროც კონსტრუქციული იყო.

”კამპანიამ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების თავისუფლებას პრობლემები არ შექმნია. მედია ნაკლებად პოლარიზებული იყო და შეხედულებათა ფართო სპექტრს ასახავდა. არჩევნების დღეს, ამომრჩეველს თავისუფლად შეეძლო არჩევნის გაკეთება" - წერია დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნებზე უარყოფითად აისახა ბრალდებები პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში.

სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნო პროცესზეც ისაუბრა.”საარჩევნო კამპანია პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც მთავარ კანდიდატთა შორის კონკურენცია დაჩრდილა. კამპანიის განმავლობაში დომინირებდა პერსონალიებზე ორიენტირებული დებატი" - აღნიშნავს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცენტრალური კომისიის მუშაობაც შეაფასეს. ”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამუშაო პროფესიონალურად, გამჭვირვალედ და დროულად შეასრულა და მონაწილეთა ნდობით სარგებლობდა. თუმცა ზოგიერთმა დამკვირვებელმა უბნის საარჩევნო კომისიის წევრების გამოუცდელობა პრობლემად დაასახელა. ” - წერია დასკვნაში.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრები არიან დემოკრატიული ინსიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი(OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა(OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ევროპარლამენტი (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA). 

კომენტარები