არჩევნები 2013

გიორგი თარგამაძე: ამომრჩეველმა მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანი კრედიტი გასცა

0 კომენტარი

პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი თარგამაძის განცხადებით, სურს საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს იმაში, რომ წინ ძალიან დიდი გამარჯვებები გველოდება. როგორც თარგამაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისმა მხარდამჭერებმა ყოველგვარი სარგებლის და ფინანსური დაინტერესების გარეშე მისცეს ხმა. 

"გაკეთებული საქმე, გაწეული შრომა, მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი ყურადღება უქმად არ იკარგება და ის აუცილებლად ამახსოვრდებათ ადამიანებს. ეს აუცილებლად აისახება ჩვენს შემდგომ შედეგებზე, ქართულ ქრისტიან-დემოკრატიულ შედეგებზე", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. მისი შეფასებით, ქრისტიან-დემოკრატების მონდომება, შემართება, შეთავაზებული პროგრამები უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებდა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ეს არჩვენები ფაქტობრივად არის წინა არჩევნების ნაბახუსევი ქართული პოლიტიკური განწყობისთვის, ვერ გეტყვით, რომ მოულოდნელი შედეგები იყო, თუმცა ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო. გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ, რომ იმ მიდგომებს, რომლებიც ზოგადად ქართველ ქრისტიან-დემოკრატებს გვაქვს საქართველოს განვითარებასთან და პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. მინდა, ყველა ქრისტიან-დემოკრატი მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი გულშემატკივარი დავარწმუნო, რომ წინ ძალიან დიდი გამარჯვებები გველოდება", - განაცხადა თარგამაძემ.

გიორგი თარგამაძემ არჩევნების საერთო შედეგიც შეაფასა. მისი თქმით, იმ პროცენტების გათვალისწინებით, რაც სახელისუფლებო კანდიდატმა მიიღო, ხელისუფლება კიდევ უფრო ღრმად მიეცემა თვითკმაყოფილების გრძნობას და უფრო მეტად დაკარგავს ანგარიშვალდებულებას ხალხისა და მათი პრობლემების მიმართ.

"თუმცა, ვისურვებდი, რომ ჩემი ეს პროგნოზები არ გამართლდეს. როგორც საქართველოს მოქალაქეს, დიდი სურვილი მაქვს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი იყოს ეფექტური და სარგებლის მომტანი თავისი ქვეყნისთვის, შეინარჩუნოს ამ ქვეყნის ღირსება და ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებას. ამ საქმეში მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ფაქტი ერთია, არჩევნების შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანი კრედიტი გასცა მარგველაშვილზე და ივანიშვილზე. ამ ხელისუფლებას უკვე აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ უნიათობა, უსუსურობა, მიუღწეველი შედეგები რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას თუ ადამიანს გადააბრალოს. ასეა თუ ისე, შედეგი სახეზეა და ყველა ვალდებული ვართ პატივი ვცეთ ამ შედეგს", - აღნიშნა თარგამაძემ.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა 62.12% მიიღო, დავით ბაქრაძემ - 21.72%, ნინო ბურჯანაძემ  10.18%, ხოლო გიორგი თარგამაძემ - 1.07%. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 98.7%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინდელ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46.6% იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები