საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: ვინც გეუბნებათ შეუტიოთ მუსლიმებს, საქართველოს მტრები არიან

facebook.com/SaakashviliMikheil

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართული საზოგადოებისადმი პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელ მიმართვაში განაცხადა, რომ მან გააძევა უშიშროების სტრუქტურებიდან რუსეთის აგენტები. მისივე თქმით, მისმა მთავრობამ საფუძველი დაუდო შესანიშნავ ურთიერთობებს NATO-სთან და ევროკავშირთან, მაგრამ დარჩა უზარმაზარი პრობლემა ჩრდილოელ მეზობელთან. პრეზიდენტმა ასევე შემწყნარებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, საქართველოს გაერთიანების საქმეში.

მისი თქმით, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველო დანაწევრებული იყო. "აჭარას მართავდა ადგილობრივი ტირანი, ეთნიკური სომხებით დასახლებული რაიონი მიტოვებული ჰყავდა ცენტრალურ ხელისუფლებას. მაშინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა სამეგრელოსა და სხვა რეგიონების გაუცხოებისთვის. პანკისის ხეობა, პრაქტიკულად, უკონტროლო იყო... ჩვენ მოვიგეთ იმ ხალხის გული, რომელიც გარიყულად გრძნობდა თავს და ამით გავაერთიანეთ ქვეყანა. რუსულმა ოკუპაციამ საშუალება არ მოგვცა იგივე გაგვეკეთებინა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთანაც, მაგრამ რუსული ოკუპაცია მრავალი ფაქტორის გამო უახლოეს წლებში დასრულდება და ჩვენ კვლავ გავერთიანდებით. ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ შევქმნათ მიმზიდველი მოდელი, ღია, შემწყნარებელი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნისა",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისვე თქმით, ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ "უნდა შეუტიოთ თქვენს მუსლიმ ძმებს ანდა შეურაცხყოთ თქვენი აზერბაიჯანელი ან სომეხი ძმები", არიან საქართველოს ერთიანობისა და გამთლიანების მტრები და ისინი რუსულ თამაშს თამაშობენ.

"გთხოვთ, არ მისცეთ მათ საშუალება შებღალონ თქვენი სული. ჩვენ შემწყნარებლები ვართ და გვჭირდება კიდეც, ვიყოთ ტოლერანტულები და ღია განსხვავებებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავიფერფლებით ან დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ბოლოს ვიქცევით დანაწევრებულ გვამად ევრაზიულ გაერთიანებაში. ეს კი ერთი და იგივეა",-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები