არჩევნები 2013

FT: სააკაშვილის დაჭერა საქართველოს განვითარებისთვის მომაკვდინებელი იქნება

სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს - ასე ჰქვია Financial Times -ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გასამართლების უარყოფით მხარეებს ეძღვნება. 

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მესიჯი იქნება პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლიდერებისთვის: "არ ჩაატაროთ თავისუფალი არჩევნები, რადგან შეიძლება ციხეში ჩაგსვან", - წერს ჟურნალისტი ნილ ბაქლი.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა აღიარა თავისი პოლიტიკური შეცდომები, მაგრამ მისი დაკავება დიდი დარტყმა იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიისკენ სვლისთვის. სააკაშვილის დაჭერა სავარაუდოდ წერტილს დაუსვამს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებას და მომაკვდინებელი იქნება დემოკრატიული განვითარებისთვის.

"ვარდების რევოლუციიდან 10 წლის განმავლობაში, საქართველო თითქმის ვერშემდგარი ქვეყნიდან მზარდ, ფუნქციონალურ, დემოკრატიის სახელმწიფოდ ტრანსფორმირდა. 2008 წელს, რუსეთთან ომის შემდეგაც კი, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ცდილობდა ძალაუფლების მონოპოლიზებას, გასულ წელს კი ძალაუფლება მილიარდერ პრემიერს მშვიდობიანად გადააბარა. ასე რომ, ქვეყნის ტრანსფორმირება არსებითად არ შეცვლილა", - წერს ნილ ბაქლი Financial Times-ში.

FT წერს,  რომ "ვარდების რევოლუციის" ლიდერის დაკავება უკრაინის 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების ექო იქნება. მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა ევროკავშირის ხელშეკრულების დადების მთავარ პირობად უკრაინას ტიმოშენკოს განთავისუფლება წაუყენეს, სააკაშვილის დაკავების შემთხვევაშიც მსგავსი რეაქციაა სავარაუდო. ევროკავშირის გარეშე კი, საქართველოს დიდი არჩევანი არ ექნება და რუსეთთან მოუწევს ურთიერთობა.

"ევროკავშირის ხელშეკრულების გარეშე, საქართველოს თითქმის აღარ დარჩება გზა, გარდა იმისა, რომ რუსეთთან კავშირების აღსადგენად უფრო მეტი გააკეთოს. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს საბაჟო კავშირში შესვლასაც, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ევრაზიული კავშირის" გასაღრმავებლად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ბელარუსთან და ყაზახეთთან ერთად შექმნა", - ნათქვამია FT-ის სტატიაში.

ნილ ბაქლი წერს, რომ ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ახალი პრემიერმინისტრი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს, თავიანთ სამსახურს მილიარდერ ივანიშვილს უნდა უმადლოდნენ. სტატიის ავტორის აზრით, ბიძინა ივანიშვილი პოსტის დატოვების მიუხედავად, კულისებიდან გააგრძელებს ქვეყნის მართვას.

ამასთან, ავტორი წერს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ქვეყანაში ნაციონალიზმისა და რელიგიური კონსერვატიზმის აღორძინებაა, რამაც თავი მუსლიმებზე, ეთნიკურ უმცირესობებსა და გეი ადამიანებზე თავდასხმებში იჩინა. 

FT-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო ევროპული სტილის დემოკრატიის გზას ადგას, თუმცა მის მიღწევას შესაძლოა, ოცი წელი დასჭირდეს. "შესაძლოა, საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანზე დამოკიდებული საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები წინაღობად იქცეს, თუ ქვეყნის განვითარების გზას გააგრძელებს",- ნათქვამია ნილ ბაქლის სტატიაში.

 

კომენტარები