გოგა ძველაიას საქმე

სუბარი: მზად ვართ, ძველაიას საქმის ვიდეომასალა უცხოეთშიც გავგზავნოთ

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო მზად არის, ციხეში გარდაცვლილი არასრულწლოვნის გოგა ძველაიას ერთდღიანი პატიმრობის ამსახველი დალუქული ვიდეომასალა დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის გააგზავნოს, მათ შორის - უცხოეთშიც. სუბარისთვის გაუგებარია გარდაცვლილის მამის დავით ძველაიას პოზიცია, რომელმაც დღევანდელი ვიდეოჩვენება დატოვა და განაცხადა, რომ კადრებში შვილი ვერ ამოიცნო.

"სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. მამა ამბობს, რომ ნანახი პირი მისი შვილი არ არის, ბიძები ამბობდნენ, რომ ეს გოგა ძველაიაა. ფირები წარმოადგენს სათვალთვალო კამერით გადაღებულ მასალას დერეფანში, რომელიც სახეზე არ არის ორიენტირებული და ამიტომ შეიძლება, ჩვენ ვერ ამოვიცნოთ გოგა ძველაია, თუმცა ექსპერტიზისთვის ამის დადგენა 5 წუთის საქმეა. მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, გამომძიებელი ყველა ჩართულია ამ პროცესში და მათ რომ არასწორი კადრები ეჩვენებინათ ოჯახისთვის, ეს წარმოუდგენელია, ჩვენთვის მაშინ ყველაფერი დამთავრდებოდა, მათ შორის - ჩვენი პოლიტიკური კარიერა", - განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის გადაწყვეტილებითაც, აღნიშნული ფირები - პატიმრის საკანში შეყვანა და მისი ცხედრის საკნიდან გამოტანა მედიის წარმომადგენლებსაც აჩვენეს.

ცნობისთვის, 16 წლის გოგა ძველაია ქუთაისის #2 დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს. ის საპყრობილეში ერთი დღის მიყვანილი იყო. გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა, რომელსაც გირაო ჰქონდა შეფარდებული, თავი მოიკლა. ოჯახს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.

კომენტარები