უწყებათაშორისი კომისია

გოჩა ლორთქიფანიძე: უწყებათაშორისმა კომისიამ რეაგირება ყველა საჩივარზე მოახდინა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით, 27 ოქტომბრის არჩევნებით ქვეყანამ დაადასტურა, რომ საარჩევნო დემოკრატიიდან ინსტიტუციონალური დემოკრატიისკენ მიდის. ლორთქიფანიძის თქმით, ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა ცესკომ და უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ ხარვეზებს სწავლობდა.

"კომისია მთლიანობაში ემსახურებოდა იმ გარემოს ფორმირებას, რა გარემოც ჩამოყალიბდა თანასწორუფლებიანი და ტრანსპარენტული საარჩევნო პროცესის სახით. უწყებათაშორის კომისიას ახასიათებდა სისტემურობა და თანმიმდევრულობა და არცერთი შემოსული განაცხადი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია", - განუცხადა ჟურნალისტებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გოჩა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ კომისიის საქმიანობა დადებითად შეაფასა არასამთავრობო სექტორმა.

უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს ამ ფორმატში ბოლო სხდომა გამართა, თუმცა, ლორთქიფანიძის თქმით, ის საქმიანობას გააგრძელებს და უახლოეს პერიოდში გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორისი კომისია იმ მიზეზით დატოვა, რომ, მათი თქმით, კომისია საჩივრებზე რეაგირებას არ ახდენდა. ენმ-ის წარმომადგენლის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, კომისია საპარლამენტო უმცირესობის საჩივრებს არ განიხილავდა. 

"თურმე კომისიის ამოცანა ყოფილა არა ჩვენს საჩივრებზე რეაგირება, არამედ, ჩვენი განადგურება და წინასაარჩევნო დევნა. თუ ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორის კომისიაში ვერ დაბრუნდება", - აღნიშნა ბოკუჩავამ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე.

 

კომენტარები