ცივი იარაღის ტარება

21 წელს მიუღწეველი პირები ცივი იარაღის ტარებისთვის სსკ-ით აღარ დაისჯებიან

RFE/RL

21 წლამდე ასაკის პირების მიერ ცივი იარაღის ტარების დეკრიმინალიზება ხდება. ცივი იარაღის ტარებისთვის როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი პირები 200 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაჯარიმდებიან. ამასთან, მკაცრდება სასჯელი ნასამართლეობის მქონე ან ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირებისთვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტები პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარუდგინა.

კანონის მოქმედი რედაქციით, 21 წელს მიუღწეველ, ნასამართლეობის მქონე ან ნაროკიტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდაკისრებულ პირებს ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმა სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ეკისრებათ, იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების ვადის აღკვეთით ორ წლამდე.

ცვლილების მიხედვით კი, ცივი იარაღის ტარება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება იქნება. ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის ადმინისტრაციული წესით გაფრთხილებას ან 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა არ გავრცელდება ნასამართლობის მქონეებზე და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელ დაკისრებულ პირებზე - ისინი ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად აგებენ. (ჯარიმა ან თავისუფლების აღვკეთა ორი წლამდე). თუ ეს პირები დანაშაულს ჩაიდენენ არაერთგზის ან დამნაშავე გასამართლებული იყო მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მათი სასჯელი ჯარიმით ან სამწლიანი პატიმრობით განისაზღვრება. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაისჯებიან ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირები, რომლებმაც დანაშაული მესამედ ან მეტჯერ ჩაიდინეს. (ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე).

„ცივი იარაღის ტარებისთვის მკაცრდება სასჯელი ნასამართლეობის მქონე ან ნარკოტიკების მომხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირისთვის. ასევე იმ პირისთვის, ვინც არაერთგზის ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული ან ნასამართლევი იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის“, - განმარტავს შსს საკანონმდებლო ინიციატივაში და აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიზანია ცივი იაარღის გამოყენებით ჩადენილ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება და პრევენცია.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სანქცია არ დაეკისრება პირს, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების, პროფესიული საქმიანობის განხორციელების, ნადირობის, თევზაობის, მცენარეული პროდუქტის შემგროვებლობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ან ნაციონალური სამოსელის ტარების დროს, როცა ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ასეთი სამოსელის ნაწილია და არ იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან არ ქმნის ამგვარ საფრთხეს.

"ცივი იარაღის ტარება გულისხმობს იმას, რომ პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ხელბარგში", - აზუსტებს შსს საკანონმდებლო ინიციატივაში.

კომენტარები