საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

ისრაელის ქნესეთის წევრი: უვიზო რეჟიმი საქართველოსთან მტკივნეული საკითხია

0 კომენტარი
ფოტო: trend.az

ისრაელის ქნესეთისა და ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი ავრაამ მიხაელი ვიზების გაუქმების თემას მტკივნეულ საკითხად მიიჩნევს.
მისი თქმით, თავად საქართველოში არის წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს.

"საქართველოში რთული მდგომარეობაა სამუშაოს კუთხით. ჩვენც, ისრაელში არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ხალხი მასობრივად მივიღოთ. ვიზების გაუქმების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოდან ჩასულმა ხალხმა ისრაელში არაკანონიერი მუშაობა დაიწყოს. ჩვენ ისრაელში ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს აფრიკიდან შემოსული ხალხის. მილიონი ადამიანი შემოვიდა ისრაელში 2-3 წლის განმავლობაში და ჩვენ ისეთ სასტიკ სასჯელებზე გადავედით, რომ ხალხს ვაპატიმრებთ, მათ შორის ქართველებიც არიან, რა ვქნათ", - აღნიშნა ისარელის ქნესეთის წევრმა.

ავრაამ მიხაელის თქმით, ის ამ საკითხზე 4-5 წელია მუშაობს და ადრე იყო თხოვნა, რომ ეს არ გაკეთებულიყო. "თუმცა, დღეს გადაწყდა, რომ ჩვენ წინ წავწიოთ. ეს კეთდება ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის ფარგლებში. ქართველი ერის და ჩვენი ერის, საქართველოდან წამოსული ებრაელების სურვილია, რომ ვიყოთ მეგობრულ ურთიერთობაში".

ქნესეთის წევრი გამოეხმაურა 2014 წლის ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის 26- საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნის წლად გამოცხადებასაც, რომლის ფარგლებში გაიმართება მრავალი ერთობლივი კულტურული ღონისძიება, მოხდება სინაგოგების და სასაფლაოების აღდგენა, მუზეუმის გახსნა. როგორც ავრაამ მიხაელმა განაცხადა, ეს მათთვისაც სიურპრზია. რაც შეეხება საფლავების და სალოცავების საკითხს, მისი თქმით, ეს მათთვის მტკივნეული საკითხია.

"ჩვენ არ გვაქვს დღეს იმდენი კავშირი იმ ადგილებთან, სადაც ჩვენი ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ. ამიტომ, მთავარია არა მხოლოდ გაკეთდეს, არამედ შეინახოს. ამაში გვინდა საერთო ენა გამოვძებნოთ მთავრობებს შორის. ამ საკითხს მაღალ დონეზე შევიმუშავებთ", - აღნიშნა ავრაამ მიხაელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები