აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები არხის დირექტორს ზეწოლაში ადანაშაულებენ

აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები არხის ხელმძღვანელობას აფრთხილებენ და აცხადებენ, რომ საინფორმაციო სამსახური და ტოქშოუ ინდიკატორი შეწყვეტს მუშაობას, თუკი ტელევიზიის დირექტორი სოსო სტურუა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტს დაატოვებინებს ირინა ყურუას.

ტელევიზიის თანამშრომლებმა ამ საკითხზე დღეს ბათუმის პრესკაფეში პრესკონფერენციაც გამართეს.

"აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები ზეწოლად ვაფასებთ ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელისთვის გაკეთებულ შეთავაზებას ტელევიზიის დატოვების შესახებ.
ირინა ყურუას სხვა სამსახურში გადასვლის შეთავაზება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. აჭარის ტელევიზიამ, არსებობის 25 წლის მანძილზე, სამთავრობო ტელევიზიის სტატუსის ფონზე მხოლოდ წელს შეძლო ობიექტური და ნეიტრალურად გამშუქებელი მაუწყებლის სტატუსი მიეღო. ამას მოწმობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კვლევის შედეგებიც. სწორედ ახალი ამბების რედაქციის უფროსის პროფესიონალიზმის საშუალებით შევძელით პროდიუსერთა ჯგუფმა და ჟურნალისტებმა, მაყურებლის ნდობის მოპოვება.

აჭარის ტელე-რადიო მაუწყებელი მეორედ დადგა მსგავსი ფაქტის წინაშე. ერთხელ მაშინ, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაუწყებელზე მართვის სადავეები აიღო. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო პროტესტის ნიშნად საინფორმაციო სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დატოვა თანამდებობა. საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ტელევიზიაში იგივე პროცესი მეორდება", - აცხადებენ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირინა ყურუამ ტაბულას განუცხადა, რომ არხის დირექტორმა სოსო სტურუამ ტელევიზიიდან რადიოს საინფორმაციო სამსახურში გადასვლა 31 ოქტომბერს შესთავაზა.

"აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახური ფიქტიურად არსებობს, რადგან რადიოს ეთერში ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა გადის. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონკურსი რომ ჩატარდა, რადიოსთვის ვერცერთი რეპორტიორი ვერ შეარჩიეს და ფაქტიურად, არ ფუნქციონირებს. რადიოში ორი პროდიუსერია, რომელიც კურირებს, ტელევიზიის ახალი ამბებიდან რომელი ტექსტი წაიკითხოს რადიოს წამყვანმა. ტელევიზიის დირექტორი კი მთავაზობს ამ არარსებული საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობას. ეს ჩემთვის პირდაპირი მინიშნება იყო, რომ უნდა წავსულიყავი ტელევიზიიდან. სოსო სტურუას არგუმენტი ვკითხე და ერთადერთი რაც მითხრა, რომ მას სათქმელი ექნებოდა, რომ საინფორმაციო სამსახურში ყველა თანამშრომელი კონკურსგავლილი იყო. ოღონდ, ვისთან იყო ანგარიშვალდებული, არ უთქვამს. ჩემს პოზიციაზე, ისევე როგორც დირექტორისაზე, კონკურსი არ გამოცხადებულა, ეს კონკურსი უნდა გამოცხადდეს მოგვიანებით, როცა აჭარის ტელევიზია ტელე-რადიო დეპარტამენტიდან საზოგადოებრივ მაუწყებლად საბოლოოდ გარდაიქმნება", - უთხრა ირინა ყურუამ ტაბულას.

ირინა ყურუას თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელი იყო არხის ხელმძღვანელის შეთავაზება.

"ამას ზეწოლად იმიტომ აღვიქვამ, რომ ამაში სხვა ლოგიკა არ დევს. ბოლო ორი თვის განმავლობაში მონიტორინგის შედეგად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უმაღლესი შეფასება მოგვცა და ვფიქრობ, ეს გადაჭარბება არ არის, ასეთი რამ არ მომხდარა ტელევიზიის ისტორიაში და ეს მივაღწიე იმ გუნდთან ერთად, ვისთან ერთადაც ვმუშაობ და ეს იყო დიდი მონაპოვარი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურისთვის. ამის ფონზე, როცა ხელმძღვანელი გთავაზობს უფუნქციობას და უფუნქციობაში ხელფასის აღებას ორი თვით და ორი თვის შემდეგ როცა გპირდება, დირექტორის კონკურსში გავიმარჯვებ და დაგაბრუნებ ტელევიზიაში, მე ეს აღვიქვი, როგორც ვიღაცის მიერ მიცემულ გარანტიად, რომ თუ შენ ირინა ყურუას გაუშვებ სამსახურიდან, შენ ამ კონკურსში გაიმარჯვებ. მას დიდად არ უცდია ამის შენიღბვა და დამალვა, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ წასვლით რაღაც გარიგების ნაწილი გავხდებოდი, ეს კი ჩემთვის მიუღებელია", - განუცხადა ტაბულას აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ირინა ყურუას თქმით, ის ელოდება თუ როდის დაწერს სოსო სტურუა მისი რადიოში გადაყვანის შესახებ ბრძანებას, რის შემდეგაც ყურუა საბოლოოდ დატოვებს აჭარის ტელევიზიას.

"მას ვუთხარი ეცნობებინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ ეს მომწერა: ჯერ არ გადამიწყვეტია, მადროვე" , - ამბობს ირინა ყურუა.

ტაბულა შეეცადა სოსო სტურუასთან დაკავშირებას, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. სტურუა ინტერნეტგამოცემა media.ge-სთან ინტერვიუში უარყოფს რაიმე ზეწოლას და ამბობს, რომ ცვლილებები ტელევიზიის გასაუმჯობესებლად შესაძლოა მოხდეს. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ირინა ყურუას გადაყენებას არ აპირებს. მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია თავად ყურუას პოზიცია, რომელსაც ამ თანამდებობის დატოვება არ სურს.

"მას არ უნდა თანამდებობის შეცვლა, რადგან ასეთი პოზიცია აქვს, აღარ განვიხილავ. თუ თვითონ იქნებოდა თანახმა, მხოლოდ მაშინ გადავიდოდა სხვა თანამდებობაზე", - განუმარტა სოსო სტურუამ media.ge-ს. 

კომენტარები