ევოლუციის თეორია

ადამიანის ახლებური ისტორია

ავთო ქორიძე
0 კომენტარი

ადამიანის წინამორბედის ევოლუციის თეორია შეიძლება მნიშვნელოვნად „გამარტივდეს": მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანების წინამორბედი სახეობა შეიძლება არც ისე „დაქსაქსულია", როგორც აქამდე გვეგონა და შესაძლოა ყველა მათგანი ჰომო ერექტუსის ერთგვარი ნაირსახეობა იყოს. ამის დასამტკიცებლად მკვლევრები დმანისში აღმოჩენილ სრულყოფილ თავის ქალას, სახელწოდებით ქალა 5, და იქვე აღმოჩენილ 4 ქალას იყენებენ.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორები – დავით ლორთქიფანიძე და ქრისტოფერს ცოლიკოფერი აცხადებენ, რომ ჰომო ჰაბილისი, ჰომო რუდოლფენსისი და ჰომო ერექტუსი, რეალურად ჰომინიდების ერთ ხაზს წარმოადგენენ.

დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა, სავარაუდოდ, ჰომო ერექტუსის ადრეული ფორმაა. 1.8 მილიონი წლის წინ აფრიკაში წარმოშობილ ამ სახეობას თანამედროვე ადამიანის მსგავსი პროპორციები ჰქონდა და, სავარაუდოდ, პირველი იყო, რომელმაც ცეცხლის გამოყენება და საჭმლის მომზადება დაიწყო.

ქალა 5 პირველად 2005 წელს აღმოაჩინეს, მანამდე, 2000 წელს კი არქეოლოგებმა ქალის ყბა იპოვეს. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თავის ქალა მამრობითი სქესის წარმომადგენელს ეკუთვნოდა, რომელსაც გრძელი და ფართო სახე, დიდი ყბა და კბილები, თუმცა ტვინისთვის მცირე სივრცე ჰქონდა (მხოლოდ 550 კუბური სანტიმეტრი). აღმოჩენილი თავის ქალა აფრიკაში ნაპოვნ სხვა ჰომო სახეობების თავის ქალებს შეადარეს.
დანარჩენი ოთხი ქალა ეკუთვნის მოხუც, უკბილო ზრდასრულ მამრს, შუა ხნის მამრს, ახალგაზრდა მდედრს და მოზარდს, რომლის სქესის დადგენა შეუძლებელი იყო. მეცნიერებმა არ იციან, მიეკუთვნებოდნენ თუ არა ისინი ერთსა და იმავე „ოჯახს" ან ცხოვრობდნენ თუ არა ერთსა და იმავე დროს.

სავარაუდოდ, ხუთივე ჰომინიდი მტაცებელმა ცხოველმა ბუნაგში შეათრია, თუმცა ბუნაგი მალევე ჩამოინგრა, რის შედეგადაც ჩონჩხები იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნდა.

არქეოლოგებმა ჩონჩხები არგონის იზოტოპის საშუალებით დაათარიღეს და დაადგინეს, რომ მათი ასაკი დაახლოებით 1,77-1.85 მილიონი წელია.

„დმანისი უნიკალური ადგილია, ერთგვარი დროის კაფსულა, რომელიც ზუსტად გვაჩვენებს, რა ხდებოდა 1.8 მილიონი წლის წინ", – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. დმანისში აღმოჩენილი ადამიანთა წინაპრების თავის ქალები უძველესია აფრიკის შემდეგ.

„ამ ადგილზე დიდი კონკურენცია იყო ხორცისმჭამელებსა და ჰომინიდებს შორის. როგორც ჩანს, ლეშისთვის იბრძოდნენ და ჰომინიდებისთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, ჰომინიდები ხშირად წარუმატებლად ამთავრებდნენ თავიანთ მცდელობას", – ამბობს ლორთქიფანიძე.

დმანისში აღმოჩენილი ხუთი თავის ქალა ერთმანეთისგან ფიზიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდება. ადგილზე მომუშავე მეცნიერების განცხადებით, ეს თავის ქალები აფრიკაში სხვადასხვა ადგილას რომ ეპოვათ, მათ სხვადასხვა სახეობებს მიაკუთვნებდნენ. მაგრამ ამ 5 ჩონჩხის ერთად პოვნის და შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ერთ ადგილას ცხოვრობდნენ და ერთსა და იმავე ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

„(დმანისის 5 ქალა) იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ჩნდება ცდუნება, ისინი სხვადასხვა სახეობას მივაკუთვნოთ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ინდივიდები ერთი და იმავე ადგილზე გეოლოგიურ პერიოდში ბინადრობდნენ, ასე რომ, ისინი ერთი სახეობის პოპულაციას წარმოადგენენ", – აცხადებს პროფესორი ცოლიკოფერი, ციურიხის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი.

მკვლევრების მტკიცებით, მიუხედავად მათი ანატომიური განსხვავებებისა, 3D მოდელების შექმნის შედეგად გაირკვა, რომ ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ იმ დონეზე განსხვავდებიან, როგორც დღევანდელი მოსახლეობის ან შიმპანზეების ნებისმიერი 5 წევრი.

პროფესორ იან ტატერსელის განცხადებით, დმანისის მეხუთე ქალა „უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაა, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა". კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის პროფესორის ტიმ უატის განცხადებით, აღმოჩენის მნიშვნელობა უდიდესია: „ეს ნამდვილად იქნება პალეოანთროპოლოგიის კლასიკა".

ლორთქიფანიძის გუნდის ახალი აღმოჩენა კითხვებს აჩენს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ 1.9 მილიონი წლის წინანდელ სახეობაზე, ავსტრალოპიტეკუს სებიდაზეც. აქამდე არსებული თეორიის მიხედვით, ის დღევანდელი თანამედროვე ადამიანის პირდაპირი წინაპარი უნდა ყოფილიყო. ლი ბერგერი ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ მისი აღმოჩენის გაქარწყლებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა და ლორთქიფანიძის გუნდს აკრიტიკებს იმის გამო, რომ აღმოჩენილი თავის ქალა ავსტრალოპიტეკუს სებიდას არ შეადარეს.

პალეონტოლოგთა ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი აღმოჩენის მიმართ. პროფესორი ფრედ სპური აცხადებს, რომ მკვლევრების მეთოდოლოგია არ არის საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ ხუთივე აღმოჩენილი ქალა ერთ სახეობად მივიჩნიოთ. მისი თქმით, კვლევა მნიშვნელოვანწილად აღმოჩენილი თავის ქალების სახის გარეგან აღწერილობას ეყრდნობა, პრობლემა კი ის არის, რომ ჰომოს სახეობის იდენტიფიცირებისას მსგავსი აღწერილობა ნაკლებად რელევანტურია. სპური შენიშნავს, რომ კვლევა არ იყენებს ჰომო ერექტუსის, ჰომო ჰაბილისის ან ჰომო რუდოლფენსისის იმ კრიტიკულ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს (მაგალითად, გრძელი ხელები), რომელთა საშუალებითაც ხდება მათი გამოყოფა სხვა სახეობებისგან. მისი აზრით, დმანისში აღმოჩენილი ქალა ევოლუციის აშკარა მაგალითია და განვითარების მხრივ, სავარაუდოდ, ჰომო ჰაბილისსა და ჰომო ერექტუსს შორის უნდა მოვათავსოთ.

სპურის კრიტიკას ლორთქიფანიძემ გამოცემა netgazet-თან ინტერვიუში უპასუხა. მისი თქმით, სპურს, სავარაუდოდ, სრულად არ წაუკითხავს გამოქვეყნებული სტატია, რადგან ნაშრომს თან ახლავს დამატებითი მასალები.

ორთქიფანიძის თქმით, სპური უბრალოდ თავისი ჯგუფის პოზიციას იცავს, რომელიც მრავალი სახეობის გამოყოფის მომხრეა.

„მეთოდოლოგია არის ორმხრივი. პირველი არის აღწერილობითი ნიშნები, კლასიკური. მეორე არის ზომები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ეს უკვე თანამედროვე მეთოდოლოგიაა – კომპიუტერული პალეოანთროპოლოგია. აქ როგორც აღწერილობითი ნიშნები, ისე ზომებია შედარებული. შედარებისთვის აღებული იყო ძალიან დიდი, ასეულობით სტატისტიკური მონაცემი, როგორც თანამედროვე ადამიანის, ისე მაიმუნების და, რა თქმა უნდა, ნამარხების. მნიშვნელოვანია ის, რომ ის ვარიაცია, მაგალითად, ტვინის მოცულობა დმანისის ნამარხებს ერთს აქვს 550, მეორეს აქვს 750", – აღნიშნავს ლორთქიფანიძე netgazet-თან საუბრისას.

პროფესორი კრის სტინგერი აცხადებს – მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა ნამდვილად აღმოჩინეს ახალი ტიპის თავის ქალა, ის სკეპტიკურად არის განწყობილი ახალი თეორიის მიმართ, თითქოს ადამიანის წინამორბედი ჰომინიდები ერთ სახეობას მიეკუთვნებოდნენ.

„მხოლოდ ჰომო ერექტუსი გადარჩა და გახდა წარმატებული, მაგრამ დასაწყისში ბუნება ცდებს ატარებდა, თუ როგორი ზომის უნდა ყოფილიყო ადამიანის ტვინი. ეს სახეობები იყენებდნენ ინსტრუმენტებს, ჭამდნენ ხორცს და სწორედ ამან განაპირობა ევოლუციის პროცესი, მაგრამ ამან ასევე განაპირობა სახეობათა სხვადასხვაობა. დმანისის ჯგუფი ერთ-ერთი მაგალითია წარმატებული სახეობისა, რომელიც ამ პროცესში ჩამოყალიბდა და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა", – უთხრა პროფესორმა სტინგერმა BBC-ის.

იმავე თავის ქალებზე დაკვირვებით, მკვლევრებმა – ანა მარგველაშვილმა, ქრისტოფ ცოლიკოფერმა და დავით ლორთქიფანიძემ, დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები კბილებსაც იწმენდნენ. მკვლევრებმა კბილის ჩიჩქნის და საერთო „საჩიჩქნით" გამოწვეული დაავადების ნაკვალევიც აღმოაჩინეს.

„დმანისის მთავარი მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ აქ არის ყველაზე სრულყოფილი ნიმუში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ არა იზოლირებული ნამარხები, არამედ მთელი ჯგუფი, პოპულაცია. ეს, გარკვეულწილად, არის შესაძლებლობა, რომ ადრეული ჰომოს შესწავლა მოხდეს პოპულაციური ბიოლოგიის საშუალებით", – აცხადებს ლორთქიფანიძე.

homo sapiens
ჰომო საპიენსი – თანამედროვე ადამიანი, ერთადერთი სახეობა, რომელიც ჰომოს ნაირსახეობიდან გადარჩა. ცხოვრების პერიოდი: 200,000 - დღემდე
homo neanderthalensis

ნეანდერტალელი – აღმოჩენის ადგილი: გერმანია, ნეანდერის ხეობა. განიხილება ან როგორც ჰომო საპიენსის ქვესახეობა ან ცალკეული სახეობა. ცხოვრების პერიოდი: (650,000 – პროტონეანდერტალელი) 300,000-30,000 წლის წინ. ნეანდერტალელის გადაშენების რამდენიმე თეორია არსებობს: 1. ნეანდერტალელი განსხვავებული სახეობა იყო და თანამედროვე ადამიანის, ჰომო საპიენსის გაჩენამ და მასთან კონფლიქტმა მისი განადგურება გამოიწვია; 2. ნეანდერტალელი ჰომო საპიენსის ქვესახეობა იყო და მასთან ურთიერთობის პროცესში გარდაიქმნა; 3. კლიმატური ცვლილებები

 
homo heidelbergensis

ჰომო ჰეიდელბერგენსისი – აღმოჩენის ადგილი: გერმანია, ევროპა, აფრიკა. ცხოვრების პერიოდი: 250,000-200,000 წლის წინ; სავარაუდოდ აფრიკელი ჰომო საპიენსის და ევროპელი ნეანდერტალელის წინაპარი
 
homo antecessor

ჰომო ანტესესორი – აღმოჩენის ადგილი: ესპანეთი. ცხოვრების პერიოდი: 600,000-250,000 წლის წინ

homo erectus

ჰომო ერექტუსი – აღმოჩენის ადგილი: აფრიკა, საქართველო, ესპანეთი, ინგლისი, ინდოეთი, შრი ლანკა, ჩინეთი; ცხოვრების პერიოდი: 1.8 მილიონი-143 ათასი წლის წინ. დმანისში 1991 წელს აღმოჩენილ ქალას თავდაპირველად ჰომო ერექტუს გეორგიკუს უწოდეს. თავდაპირველი შეფასებით ის ჰომო ჰაბილისის შთამომავალი და აზიელი ჰომო ერექტუსის წინაპარი უნდა ყოფილიყო. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ის ჰომო ერექტუსის სახეობას მიეკუთვნებოდა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ჰომო ერექტუსი კავკასიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა და იქიდან გავრცელდა აფრიკასა და დანარჩენ ტერიტორიებზე. შედარებით უფრო გავრცელებული თეორიის თანახმად, ჰომო ერექტუსი აფრიკიდან წამოვიდა და შემდეგ დღევანდელი დმანისის ტერიტორიიდან გავრცელდა დანარჩენ ევრაზიაში.

 

homo floresiensis

ჰომო ფლორესიენსისი - მეტსახელად ჰობიტი, აღმოჩენის ადგილი: ინდონეზია. ცხოვრების პერიოდი: 94,000-12, 000 წლის წინ

homo ergaster

ჰომო ერგასტერი – აღმოჩენის ადგილი: აღმოსავლეთ აფრიკა. ცხოვრების პერიოდი: 2.33-1.44 მილიონი წლის წინ

homo habilis

ჰომო ჰაბილისი – აღმოჩენის ადგილი: ტანზანია. ცხოვრების პერიოდი: 2.33-1.44 მილიონი წლის წინ
homo rudolfensis
ჰომო რუდოლფენსისი: აღმოჩენის ადგილი: კენია, ცხოვრების პერიოდი: 2 მილიონი წლის წინ, ჰომო ჰაბილისის თანამედროვე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები