ინვესტბანკი

ინვესტბანკში დარღვევების გამო ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდა

medianews.ge

სააქციო საზოგადოება ინვესტბანკში საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის დირექტორმა, გიორგი ქადაგიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ინვესტბანკში გამოვლენილი დარღვევების შინაარსისა და სიმძიმის გამო მიიღეს.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიადგეს საბანკო სექტორის ნდობას. ამ კონტექსტში მინდა გითხრათ, რომ ინვესტბანკში ეროვნული ბანკის შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ მთელი რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი. დარღვევების შინაარსიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ინვესტბანკში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე. დროებითი ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას არსებულ აქციონერებთან ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. თუ ჩვენი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული, უახლოეს მომავალში დროებითი ადმინისტრაცია დატოვებს ბანკს", - თქვა ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, თუ მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, ეროვნული ბანკი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

"აქვე აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ბანკის არცერთ კლიენტს  არ შეექმნება არანაირი შეფერხება საბანკო ოპერაციების მიწოდების კუთხით.  მინდა დავადასტურო, რომ ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება ჩვენს მთავარ მიზანს, ეს არის საბანკო სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც თავის მხრივ არის ეკონომიკის განვითარების მთავარი პირობა; ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს არ ჰქონდეს არანაირი შეფერხება საბანკო სერვისის მიღების კონტექსტში", - აღნიშნა ქადაგიძემ.

კომენტარები