თბილისის შესახებ კანონი

პარლამენტმა თბილისის შესახებ კანონპროექტის განხილვა დროებით შეაჩერა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თბილისის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სხვადასხვა ცვლილების გარდა, მერის უფლებამოსილების შეზღუდვასაც ითვალისწინებდა, დროებით შეჩერდა. მსჯელობა პარლამენტის სესიაზე იყო დაგეგმილი, თუმცა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის განხილვა გადაიდო და მასზე თვითმმართველობოს კოდექსთან ერთად იმსჯელებენ.

"სხვადასხვა უფლებებსა და კომპეტენციებზეა საუბარი. არამარტო საკრებულოსი და მერიის. მე ვფიქრობ, თბილისს სჭირდება სპეციალური კანონი. მომავალში, ჩვენ ამ კანონზე, შესაძლოა, მისი დახვეწის თვალსაზრისით გავაგრძელოთ მუშაობა. თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე, შეიძლება, რაღაც ცვლილებები შევიდეს დედაქალაქის შესახებ კანონში, ოღონდ, არა მისი ლიკვიდაციის სახით. ასე რომ, წყნარად იყოს ბატონი უგულავა, მას არაფერი არ ემუქრება", - აცხადებს უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის პავლე კუბლაშვილის შეფასებით კი, კარგია, რომ პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. მისი თქმით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

"რაც შეეხება ახალ კოდექსს, რომელმაც უნდა დაარეგულიროს თვითმმართველობაში უფლებამოსილების გადანაწილების საკითხი, მე მინდა, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ და დარწმუნებული ვარ, რომ არც ახალ კოდექსში არ უნდა იყოს ისეთი ნორმა, რომელიც შეზღუდავს მერის უფლებებს", - აღნიშნავს კუბლაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის მერს თანამდებობის პირების დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭირდება. დედაქალაქის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ავტორები არიან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი და მისი პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი.

ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, მერი ვიცემერებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს, გამგებლებს, ადმინისტრაციის უფროსებს დამოუკიდებლად ვერ დანიშნავს ან გაუშვებს.

კომენტარები