ბაჩო ახალაიას საქმე

პროკურორი: ახალაიას პირველი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია

Archil Kbilashvili
Tabula

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, ბაჩო ახალაიას პირველი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. მეორე გამამართლებელ განაჩენს კი, კბილაშვილი ჯერჯერობით არ იცნობს. როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, ორივე საქმეში, რომელშიც ახალია თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, წაყენებული ბრალდება დასაბუთებულია. აღნიშნულის შესახებ კბილაშვილმა გადაცემაში პოზიცია ისაუბრა.

"ისმის კითხვა, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? მოდით გავითვალისწინოთ, რომ ვარ პროკურორი და არ მაქვს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება, ამიტომ რის თქმის უფლებასაც კანონი მაძლევს, შემიძლია ვთქვა, რომ განაჩენი, რომელსაც გავეცანი, როცა ის პირველად გამართლდა, ჩემი ღრმა რწმენით, უკანონო და დაუსაბუთებელია. რაც შეეხება მეორე განაჩენს, ის არ წამიკითხავს, ამიტომ მისი შეფასება, გამიჭირდება", - თქვა კბილაშვილმა.

კბილაშვილის თქმით,  პროცესები ჯერ არ დასრულებულა და დასრულდება მაშინ, როცა საქმე სამივე სასამართლო ინსტანციას გაივლის.

გადაცემაში კბილაშვილმა ასევე აღნიშნა, "თუ ჩვენ შევხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, როცა პრეზიდენტი შეწყალების უფლებამოსილებას იყენებს და ძალიან ბევრ პირს იწყალებს, მათ შორის გახმაურებელ ფაქტებთან დაკავშირებულ პირებს, მაშინ შეიძლებოდა გვქონოდა ასეთი შემთხვევა: თუ პირველ და ბოლო შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა, მისი შეწყალება მოხდებოდა. შეწყალების შემთხვევაში დაიკარგებოდა შესაძლებლობა, რომ მოცემულ საქმეებზე სამართლიანი განაჩენი დამდგარიყო. დღეს ეს შესაძლებლობა დაკარგული არ არის".

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. საქმის მიხედვით, ბაჩო ახალაიას, ბრალდებულ 7 პირთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებოდა. კიდევ ერთ საქმეზე, რომელშიც ბაჩო ახალაია გამართლდა, სამხედროების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება.

რაც შეეხება ე.წ. ციხის ბუნტის საქმეს, ახალაია დამნაშავედ სცნეს და 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

 

კომენტარები