კბილაშვილი სააკაშვილზე

კბილაშვილი: დღეის მდგომარეობით, პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს

0 კომენტარი
არჩილ კბილაშვილი ფოტო: ტაბულა

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, არსებობს 27 000 შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად ან უსასყიდლოდ გაასხვისა. ამის შესახებ მან გადაცემაში პოზიცია ისაუბრა.

პროკურორმა  ასევე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, რაიმე საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს. მთავარმა პროკურორმა ისიც აღნიშნა, რომ უამრავი საქმე ახლა გამოძიების სტადიაზეა, რომელიც საფინანსო-ეკონომიკურ თემებს ეხება.

"მაგალითად 27 ათასი შემთხვევაა, როდესაც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად ან უსასყიდლოდ პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონება გაასხვისა. რა თქმა უნდა, ეს 27 ათასი გამოძიების წარმოებას არ ნიშნავს, მაგრამ არსებობს რიგი საქმეებისა, სადაც კითხვებია გაჩენილი პრივატიზების და მისი მიზაშეწონილობის შესახებ. სახელმწიფო ქონების განკარგვა პრეზიდენტის კანონიერი უფლებაა, მაგრამ თუ გამოვლინდება, რომ ამ განკარგვას საფუძველად არაკანონიერი და დანაშაულებრივი მიზანი ედო, მაშინ ის კანონიერი არ არის", - თქვა კბილაშვილმა.

კბილაშვილმა უშიშროების საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კითხვებს აჩენს საბჭოს 2011-2012 წლების ხარჯთაღიცხვა და საკონსულტაციო ხარჯები, რომელიც 26 მილიონს შეადგენს - მათ შორის საუბარია დიდი რაოდენობით ნაღდ ფულზე.

კბილაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხს ამჟამად აუდიტის სამსახური სწავლობს და მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დასკვნას წარმოადგენს, გამოძიების მეორე ფაზა დაიწყება. "უშიშროების საბჭოს მდივანი ლოგიკურად, ალბათ, დასაკითხ ადამიანთა სიაში მოხვდება", - თქვა პროკურორმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები