მიხეილ სააკაშვილი

The Economist: სააკაშვილის ხანის დასასრული

გამოცემა  The Economist-მა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც აქცენტი სააკაშვილის მმართველობის დასასრულზე, ახალი ხელისუფლების საქმიანობაზე, ქვეყანაში ინვესტიციების კლებასა და ქსენოფობთა გავლენის ზრდაზეა გაკეთებული.

ტაბულა  The Economist-ის სტატიის თარგმანს გთავაზობთ: 

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ერთდროულად იყო როგორც უმნიშვნელოვანესი, ისე უინტერესო. მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ არჩევნებით აღინიშნა როგორც სააკაშვილის თითქმის 10-წლიანი მმართველობის დასასრული, ასევე, თავად საპრეზიდენტო სისტემის. სააკაშვილის ინიციატივით 2010 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველო საპარლამენტო მართვის სისტემაზე გადავა, სადაც ძალაუფლების დიდი ნაწილი პრემიერმინისტრის ხელში იქნება მოქცეული.

არჩევნები იყო უინტერესო იმიტომ, რომ ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა პოსტ საბჭოთა სივრცეში, როცა ძალაუფლების გადაცემა მოხდა წესების დაცვით. არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი დარღვევებისა და არეულობის გარეშე ჩაიარა. კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნები ხმების 62%-ის მიღებით მოიგო. ის ყოვლისშემძლე პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პროტეჟეა. მეორე ადგილზე 22%-ით გავიდა მიხეილ სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარია, ბევრი გააკეთა ქართული პოლიტიკის ამოსაყირავებლად, როცა 2011 წელს თავისი დახურული სივრციდან გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის გამოსაწვევად. ქართლმა ოცნებამ, პოლიტიკური ძალების მიქსმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც სააკაშვილის გუნდიდან წასული ლიბერალები, ისე ქართველი ნაციონალისტები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გასული წლის არჩევნებში დაამარცხა.

"მარგველაშვილის გამარჯვების აღნიშვნისას, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ "შემდეგი წელი წყნარი იქნება". ეს პირობა რთული შესასრულებელია. ბატონი ივანიშვილის პირველი წელი ძალაუფლებაში მღელვარე იყო. ის ხელისუფლებაში იმ რეფორმისტული მანქანის მოსაშლელად მოვიდა, რომელსაც სააკაშვილი მართავდა და რომელიც ურჩობის და უზღვავი ენერგიის წყალობით ბოლო წლებში ავტოკრატიისკენ გადაიხარა.

შესაძლოა ივანიშვილმა და მისმა მოკავშირეებმა ამ მანქანის მოშლა შეძლეს, მაგრამ ამავდროულად იმის მოწმენიც არიან თუ როგორ შეფერხდა ეკონომიკა, მცირდება უცხოური ინვესტიციები და იზრდება ქსენოფობიური ფუნდამენტალისტი ჯგუფების გავლენა. დამკვირვებლები სულ უფრო და უფრო ღელავენ სააკაშვილის მოკავშირე ყოფილი მინისტრების და მაღალჩინოსნების დაპატიმრებების გამო. შესაძლოა ზოგიერთმა მათგანმა მართლაც ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ სამაგიეროს გადახდის ელფერი, რაც ამ გამოძებებს დაკრავს, ევროპელი დიპლომატების თქმით, ამ პროცესს "შურისძიების პოლიტიკას" ამსგავსებს.

სააკაშვილის ბედი ახლო მომავალში გაურკვეველია. მუხედავად მისი პრეზიდენტობის ფერმკრთალი დასასრულისა, ის ამბობს, რომ საქართველოს მომავლის რწმენა აქვს. იქნება თუ არა თავად მომავლის მონაწილე? ივანიშვილი როგორც ამბობს ვადის ამოწურვის შემდეგ სავარაუდოდ პროკურორები დაინტერესდებიან ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვით. მაგრამ, ფაქტია, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლი გახდა, ანაც ქვეყნიდან გაქცევა მოუწია, ეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას დააზარალებს.

ძალიან ბუნდოვანია ივანიშვილის გეგმები. ის ამბობს, რომ გადადგება პრემიერ მინისტრის პოსტიდან. როგორც ჩანს, მილიარდერს აღიზიანებს კრიტიკა, რაც მაღალ თანამდებობას სდევს თან. ის იმასაც ხვდება, რომ ქართული ოცნების თაფლობის თვე მთავრდება და უკმაყოფილება იზრდება - ამიტომ სჯობს გვერდზე გადგეს. თუმცა ის ამბობს, რომ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა სურს კულისებიდან - იმ მექანიზმით, რომელსაც შემაშფოთებლად ასაიდუმლოებს.

ამ გაურკვევლობის მიუხედავად, საქართველო მოქმედი, გარდაქმნილი დემოკრატიაა. მისი შეცდომების და სიყოყოჩის მიუხედავად, ეს სააკაშვილის დამსახურებაა.საქართველოს ისტორიის შემდეგი თავი შესაძლოა არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის შესახებ იყოს და მათი განუზომელი ეგოების დუელის შემდეგ, ეს შესაძლოა კარგიც აღმოჩნდეს.

კომენტარები