ხუდონჰესის მშენებლობა

ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხაიშში აქცია გაიმართა

Aleksey Muhranoff / travelgeorgia.ru

დღეს სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ხაიშში, ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან გიგანტური ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას მოითხოვდა. აქციის მონაწილეებმა ასევე ფიცი დადეს. მათი თქმით, ისინი ხუდონჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. 

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, ჰესის მშენებლობის შედეგად, შესაძლოა, 8 სოფელი დაიტბოროს და ამიტომაც ხელისუფლებამ ხუდონჰესის აშენებაზე უარი უნდა თქვას.

”გეოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე, იმ პრობლემებიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ კაშხალთან დაკავშირებით, ჩვენ ვთვლით, რომ საფრთხე არის ძალიან მაღალი.  ამას ემატება ბიოლოგიური ეკოსისტემების რღვევა, ტყეების გაქრობა, ძალიან რთული სოციალური პირობები. საფრთხეა, რომ აქ შეიძლება სერიოზული პრობლემები წამოვიდეს, როგორიცაა მეწყერი, ზვავები და ძალიან რთული ეკოლოგიური პირობები შეიძლება შეიქმნას.” - აღნიშნა ჩხობაძემ.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის თქმით, ხუდონჰესის მშენებლობა ეკოლოგიას საფრთხეს არ შეუქმნის და მთლიანად ქვეყნისთვის დადებით შედეგს მოიტანს. 

”თავიდანვე არ იყო მოლოდინი, რომ ოვაციებითა და ტაშით შეხვდებოდნენ ამ პროექტს. პირიქით, ვიცით, რომ ამ ხალხისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. და ჩვენც ასევე გვტკივა ეს თემა. რასაკვირველია, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან.  ყველანაირად შევეცდებით, რომ დავიყოლიოთ ეს ხალხი პროექტის განხორციელებაზე.” - თქვა ხმალაძემ.

აქციის მონაწილეთა თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციებს მომავალშიც გამართავენ.

 

კომენტარები