რელიგია

უფრო და უფრო ბინდდება

11 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 7 ახალი მღვდელმთავარი გამოარჩია. ამ რაოდენობის ეპისკოპოსთა ერთდროულად გამორჩევა საქართველოს ეკლესიისთვის უკანასკნელ წლებში უპრეცედენტოა. ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი და მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი ვახტანგი ტიტულარულ ეპისკოპოსებად იქცნენ და სინოდის შემადგენლობაში დარჩნენ. ამასთან, სრულიად მოულოდნელად, სინოდის წევრად დაბრუნდა პენსიაზე გასული ბოდბელი ეპისკოპოსი დავით ტიკარაძე, რომელიც მიტროპოლიტ იობის ჯგუფში განიხილებოდა.

შედეგად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში უკვე 44 წევრია. ეს მაშინ, როცა პატრიარქ ილია მეორის არჩევის დროს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სულ 7 ეპისკოპოსი ჰყავდა ილია მეორის ჩათვლით. ამ რაოდენობის მღვდელმთავარი საქართველოში 1811 წელს, ავტოკეფალიის გაუქმების დროსაც კი არ ყოფილა. შედარებისთვის, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც 6 მილიონამდე, ანუ საქართველოს საპატრიარქოზე თითქმის ორჯერ მეტი მრევლი ჰყავს – 15 მღვდელმთავრით კმაყოფილდება. მსოფლიო საპატრიარქოს 1 მღვდელმთავარი კი, საშუალოდ, 2 მილიონი მორწმუნის დამწყემსვას ახერხებს.

ახალი მღვდელმთავრების გამორჩევის საჭიროება სწორედ საპატრიარქო არჩევნებისთვის მზადების ნაწილია. ახლადგამორჩეული პირები მწყემსმთავრობას უნდა უმადლოდნენ არა ეკლესიის ბუნებრივ და ორგანულ განვითარებას, არამედ სინოდში არსებული დაჯგუფებებისთვის ხმების გამრავლების აუცილებლობას. ასეთი გამორჩეული კანდიდატი კი მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილია. სინოდმა იმდენად სწრაფად გაყო ეპარქიები და ჩამოაყალიბა ახლები, რომ გეოგრაფიაში შეცდომების დაშვებაც მოახერხა. მაგალითად, სინოდის დადგენილებით ჩამოყალიბდა აგარაკ-წალკის ეპარქია, თუმცა იმავე სინოდმა არ გამოყო აგარაკი „დმანისისა და აგარაკ-ტაშირის" ეპარქიიდან, რომელიც მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულის იურისდიქციაში დღემდე ირიცხება. ამ უზუსტობის თავიდან აცილება, როგორც ჩანს, ვერც თავად მეუფე ზენონმა შეძლო, რადგან ის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპისკოპოსიც გახლავთ და სინოდზე დასწრება ვერ მოახერხა. ანუ ერთ ეპარქიაზე ორი ეპისკოპოსი დადგინდა, რაც ასევე კანონიკური უწესრიგობაა. აღსანიშნავი აქ ის არის, რომ აგარაკი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, უბრალოდ, არ ესაზღვრება წალკის ეპარქიას და ამ ფაქტს „აგარაკსა" და „წალკას" შორის დასმული ტირე ვერ შეცვლის.

საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში სინოდი არ ერიდება თავი აარიდოს მართვა-გამგეობის დებულების მოთხოვნებსაც. მაგალითად, ეპისკოპოსად გამორჩეული იღუმენი სვიმონ ცაკაშვილი 31 წლის არის, როცა დებულება 35-წლიან ქვედა ზღვარს აწესებს საეპისკოპოსო კანდიდატისთვის. მათ უმრავლესობას არ აქვს სასულიერო განათლება, რაც ასევე დებულების მოთხოვნაა.

აღსანიშნავია, რომ პენსიაზე არ გასულა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი, რომელიც 75 წლის არის და ამ ასაკში, მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, პენსიაზე გასვლა უნდა ითხოვოს. სინოდის სხდომის ოქმში არ არის აღნიშნული, რომ მან ითხოვა და უარი ეთქვა. თუმცა კანონიკური სამართლის აბსოლუტურად ღია იგნორირება აქ არ სრულდება და ახალ ოქმში შერჩევითი სამართლის მაგალითიც გვაქვს.

სინოდის სხდომიდან გამოსულმა ეპისკოპოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ეპისკოპოსები – მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი ვახტანგი და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი პენსიაზე გავიდნენ. სხდომის ოქმის გამოქვეყნებამ რამდენიმე დღით დაიგვიანა და საბოლოოდ დადგინდა, რომ მეუფე ვახტანგი ტიტულარულ ეპისკოპოსად დარჩა და შვედეთში სამრევლოების შექმნისთვის იზრუნებს, ხოლო მეუფე თადეოზსაც იგივე, ტიტულარული ეპისკოპოსის სტატუსი განესაზღვრა. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მღვდელმთავარი ინარჩუნებს სინოდის წევრობას.

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მართლმადიდებელი მრევლისთვის, რომელიც მეუფე ვახტანგს მრუშობაში, საეკლესიო ქონების გაფლანგვასა და საეკლესიო კანონიკის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებდა. მართლაც, არაერთი წყარო ადასტურებს, რომ მეუფე ვახტანგს დიდი ხანია აქვს არაკანონიკური თანაცხოვრება ქალთან. მოგეხსენებათ, აღმოსავლურ ეკლესიაში დადგენილი წესის თანახმად, ეპისკოპოსს არ შეიძლება ჰყავდეს ცოლი. მართალია, არსებობს გამონაკლისი პრაქტიკა, როცა ეპისკოპოსს ნებას რთავდნენ უკვე მოყვანილი ცოლი არ გაეშვა, მაგრამ საეკლესიო კანონიკა გამორიცხავს ეპისკოპოსობის შემდეგ ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებას და, შესაბამისად, კანონიკურ, სქესობრივ თანაცხოვრებას. იგივე ითქმის მეუფე თადეოზზეც, რომელიც ასევე იკონომირებული ეპისკოპოსია და ასევე ეპისკოპოსობაში ეყოლა შვილი.

შესაძლოა მავანს ეთქვა, რომ სინოდს წლებია ავიწყდება საეკლესიო კანონიკა, მაგრამ ამავე ეპისკოპოსებმა ხელი მოაწერეს სინოდის სხდომის ოქმს, სადაც მღვდელმოქმედება შეუჩერდა დეკანოზ იაკობ აბაშიძეს – სწორედ რომ მრუშობისთვის. აქ უკვე მათ არ დავიწყებიათ მუხლები საეკლესიო კანონებიდან:

„წმ. სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და დაადგინა: მოციქულთა კრების XXVI; ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I; წმ. ბასილი დიდის XXXII კანონების საფუძველზე დეკანოზ იაკობ აბაშიძეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და სინანულისთვის გაიგზავნოს ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში".

აღნიშნული კანონები სწორედ მრუშობას უკრძალავენ სასულიერო პირებს. მაგრამ გასაკვირი აქ ის არის, რომ სწორედ ისინი, ვინც უკვე ათწლეულებია არღვევენ სამონაზვნო აღთქმას, პედანტური სიზუსტით სჯიან მას, ვინც დამნაშავეა იმავეში. განსხვავება აქ მხოლოდ ის არის, რომ მამა იაკობს გავლენა და ჩინი არ ეყო თავის გადასარჩენად.

კომენტარები