საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა

შსს-ს ცნობით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 17.4%-ით გაიზარდა

ვიზიტორთა სტატისტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ოქტომბრის თვეში შემოსულ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის ოქტომბერში სულ 480 510 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1%-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 556 110 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 23,7%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე და უკვე გაასწრო 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 785 244 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,4%);

ბ) ტრანზიტი - 1 001 010 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 57,3%);

გ) სხვა - 1 769 856 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,8%).

2013 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+13,5%), სომხეთიდან (+34,3%), რუსეთიდან (+37%), უკრაინიდან (+58,6%) და ირანიდან (+26,7%) შემოვიდა.

შსს-ს განცხადებით, ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერში, უკვე ტრადიციულ პოლონეთი-ჩეხეთი-ავსტრიასთან ერთად კვლავ გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია და გერმანია (შესაბამისად, 70%, 34%, 27%, 20%, 17% და 17%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (39%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელარუსის მოქალაქეები 61%-იანი მატებით.

შსს-ს ინფორმაციით, 2013 წელს ასევე გაზრდილია საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა აქტივობაც, მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში შემოსვლა 22.4 %-ით, ხოლო გასვლა 22.8%-ით გაიზარდა.

კომენტარები