პრეზიდენტის შეწყალება

მიხეილ სააკაშვილმა ძებნილი რევაზ ჭარბაძე შეიწყალა და ორდენით დააჯილდოვა

0 კომენტარი
ფოტო: www.chveniambebi.info

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში მსჯავრდებული, ძებნილი რევაზ ჭარბაძე შეიწყალა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა რევაზ ჭარბაძე საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში შეტანილი წვლილისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

"რაც შეეხება რევაზ ჭარბაძეს, მე არა მხოლოდ უყოყმანოდ ვაწერ ხელს მისი შეწყალების დოკუმენტს, არამედ ვაჯილდოებ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით ნიშნად დაფასებისა იმ დიდი ღვაწლისა, რაც საუკუნეების შემდეგ, ქართული სამხედრო წარმოების აღორძინებით და შექმნით გამოიხატა. მადლობას ვუხდი მას იმ რწმენის დაბრუნებისთვის, რომ ქართველებს ყველაზე რთული ტექნიკური ამოცანის გადაწყვეტა ხელეწიფებათ სწორი ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის პირობებში. მთავარია, მალე დადგეს ის დრო, როდესაც რეზო და მისი მსგავსი სპეციალისტები შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას და აღმშენებლობის შემდეგ ტალღაში მონაწილეობას", - განაცხადა პრეზიდენტმა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი ჭარბაძის დედას გადასცა.

"რეზო ჭარბაძე იყო ჩვენი კომპანია დელტას ხელმძღვანელი. 2008 წელს, როცა ყველა ქვეყანას გაუჭირდა ჩვენთვის იარაღის მოყიდვა და საქართველო იყო პრაქტიკულად დაუცველი, საქართველო დადგა აუცილებლობის წინაშე, გამოეშვა საკუთარი იარაღი. ჯერ ავაწყეთ დიდგორი, შემდეგ - ლაზიკა, არტილერიის ცეცხლის მანქანა, რომელიც იყო რუსული "გრადის" გაუმჯობესებული ვარიანტი. ჩვენ გვყავდა უპილოტო საფრენი აპარატები და მათი კოდები საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა მტრის ხელში, რის შემდეგაც სარაკეტო სისტემის დამუშავება დაიწყო. საქართველომ მოახდინა სასწაული და ეს ყველაფერი გააკეთა ქართველმა. როგორც ხედავთ, ქართველებსაც შეძლებიათ მაღალი ტექნოლოგიების წარმოება", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქარხანა დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია, რეზო ჭარბაძე კი ქვეყნიდან გააქციეს.

"ქარხანა დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და გადასულია პატარა რაღაცეების წარმოებაზე. ჩვენ ათობით მანქანა გამოვუშვით, გვქონდა დიდი საექსპორტო პოტენციალი. ჭარბაძე გაუშვეს, ქვეყნიდან გააქციეს და კრიმინალის ჩვენების საფუძველზე, დაუსწრებლად მიუსაჯეს სასჯელი მაშინ, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთმა ქვეყანამ უყოყმანოდ მისცა თავშესაფარი. ჭარბაძის მუშაობის შეწყვეტა რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებში შედიოდა, რადგან დამპყრობელს არ უნდა, გვქონდეს იარაღი. არ ვარ მომხრე, ვინმეს ხელი დავაფაროთ, თუ რამე საზიზღრობა აქვს ჩადენილი, მაგრამ ასეთი ხალხის დაკარგვა არ შეიძლება", - თქვა სააკაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რევაზ ჭარბაძე ბაჩო ახალაიასთან ერთად მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილმა ამავე საქმეზე რამდენიმე დღის წინ შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც შეიწყალა. სწორედ მას შემდეგ გახდა აქტუალური პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების შეზღუდვის საკითხი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები