ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა

Eurasianet: გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი

france24.com/

გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet მოლი კორსოს სტატიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერმინისტრის მტკიცებით, ამ თვის ბოლოს მოსალოდნელი მისი თანამდებობიდან წასვლა, ქვეყანას ძლიერ პოლიტიკურ პერსონალიებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

სტატიის თანახმად, ივანიშვილის განცხადებით, რომელიც 24 ნოემბრისთვის დატოვებს თანამდებობას, საქართველოს ევროპული სტილის მთავრობას დაუტოვებს, თუმცა შანსი იმისა რომ ივანიშვილმა კულისებიდან მართოს მთავრობა ძალიან დიდია.
"თუმცა, დღესდღეობით ძალიან ცოტა რამ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, მთავრობას საკუთარი სტრატეგია ჰქონდეს და დიდად არავინ ცდილობს იმ მოსაზრების გაფანტვას, რომ ერთადერთი, ვისაც კონტროლის სადავეები აქვს ხელთ, მილიარდერი პრემიერია. არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ამყარებს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება უახლოეს ხანებში – პირველი ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტის არქონაა, რომელსაც შესწევს ძალა შეავსოს ივანიშვილის წასვლის გამოწვეული ვაკუუმი და მეორე – თავად პრემიერმინისტრის უზარმაზარი პირადი ქონება, რომელიც "ფორბსის" მონაცემებით 5,3 მილიარდ დოლარს შეადგენს, იმის გარანტიაა, რომ ის კვლავინდებურად გააგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ პროცესებზე" - წერს მოლი კორსო. 

სტატიის ნათქვამია რომ არც ღარიბაშვილსა და არც მარგველაშვილს გარდა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მუშაობისა, პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ. ჯამში, ორივეს ხელისუფლებაში საქმიანობის გამოცდილება ერთ წელსა და ცხრა თვეს ითვლის. სტატიის ავტორის თქმით მარგველაშვილი უფრო იმითაა ცნობილი, რომ ივანიშვილის კარგი მეგობარია, ვიდრე იმით რომ 9 თვის მანძილზე განათლების მინისტრი იყო. მოლი კორსო ასევე ხაზს უსვამს, რომ ღარიბაშვილის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მისი პროფესიონალური კარიერა ივანიშვილის საკუთარ ან მის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობით შემოიფარგლება. 

სტატიის ავტორი  პოლიტოლოგ მარინა მუსხელიშვილის კომენტარი მოყგავს, რომელიც აცხადებს, რომ მთავრობის ცხადი სტრატეგიის არარსებობა მიმავალი პრემიერის სტრატეგიის გარდა, ივანიშვილს ძალიან გავლენიან ფიგურად წარმოაჩენს. 
"ივანიშვილი არ აკონკრეტებს პრემიერმინისტრობიდან წასვლის შემდეგ საკუთარ გეგმებს. მან სურვილი გამოთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი გახდეს და ისაუბრა 20-წლიან პერიოდზე, რომლის შემდეგაც ქვეყანა საბოლოო გამარჯვებას მიაღწევს. პოლიტიკური გავლენის გარდა, სავარაუდოდ, ფული ის საშუალება იქნება, რითაც ივანიშვილი საკუთარ არსებობას საგრძნობს გახდის. სექტემბერში მან განაცხადა, რომ 1 მილიარდ დოლარს დააბანდებს 6-მილიარდიან თანაინვესტირების ფონდში, რომელიც საქართველოს შენელებული ეკონომიკის გასაცოცხლებლად შეიქმნა",- ნათქვამია სტატიაში. 
ავტორი ასევე ციტირებს თამარ გურჩიანის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება თანაინვესტირების ფონდში პირადი ქონებიდან ამხელა თანხის დაბანდება და ამასთან ერთად პრემიერისა და პრეზიდენტის პოსტებზე "თავისი კანდიდატების" დანიშვნა, აშკარად მიუთითებს მის სურვილზე, შეინარჩუნოს კონტროლი მთავრობაზე. 

 

როგორც ავტორი აღნიშნავს, ქართველი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ივანიშვილის განცხადების გავლენით, ირაკლი ღარიბაშვილს უკვე პრემიერმინისტრად მოიხსენიებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცება უკვე გადაწყვეტილია და ახალი პრემიერმინისტრისთვის თავისი ლეგიტიმურობის დამტკიცება უდიდესი გამოწვევა იქნება. 

კომენტარები