დანაშაულის სტატისტიკა

შსს-ს მტკიცებით, ოქტომბერში დანაშაულის კლების ტენდენცია გაგრძელდა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, თუმცა, მონაცემები წინა რამდენიმე შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც დაჯამებული სახით არის მოცემული და არ არის გაშიფრული, რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან მოიმატა, როგორი დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი და ა.შ.

შსს-ს მიერ 6 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7 112 ერთეულით იკლო, რაც 22,7%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40,6%-ით მოიმატა და 59,1%-ია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 1 004 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 27,6%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64,5%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,3 %-ით მოიმატა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არაერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას, თუმცა, უშედეგოდ. შსს-მ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის მარტში შეწყვიტა.

კომენტარები