2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო – ახალი პრემიერი ამას რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების" პროცესის ნაწილად განიხილავდა. ფორმალურად გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც ამ სურვილის დეკლარირება პრემიერის მხრიდან მოხდა.

საქართველოს წინა ხელისუფლებამ 2007 წელს რუსეთში ოლიმპიადის ჩატარებას მხარი დაუჭირა – იმ იმედით, რომ ეს დიდი საერთაშორისო მოვლენა რეგიონში სტაბილურობას მოიტანდა, რუსეთი კი საქართველოს მიმართ უფრო კონსტრუქციული გახდებოდა. ამ იმედმა არ გაამართლა. თბილისმა ასევე არაერთხელ გამოთქვა პროტესტი სოჭის მშენებლობებისთვის აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციის გამო.

2008 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის დროს, დემოკრატმა კონგრესმენმა ალისონ შვარცმა და რესპუბლიკელმა ბილ შუსტერმა კონგრესს შესთავაზეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი მიმართვას ითვალისწინებდა 2014 წლის ოლიმპიადის ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით. საბოლოოდ, დოკუმენტი კონგრესს არ მიუღია. თბილისს კი ომის შემდეგ არც ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი გამოუთქვამს და არც მისი ბოიკოტისკენ მოუწოდებია ღიად.

2012 წლის შემოდგომაზე, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილში პროტესტი მოჰყვა, თუმცა დისკუსიას ფართო მასშტაბი არ მიუღია. სიტუაცია მიმდინარე წლის სექტემბერში შეიცვალა – მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ჩაიბარა. ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის მონაწილე სამხედრო მფრინავის, მაიორ ნეჩაევის გამოცხადება, ქართულ საზოგადოებაში ოლიმპიადაში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ მსჯელობის განახლების საბაბი გახდა.

თუმცა, ხელისუფლება და ოლიმპიური კომიტეტი პოზიციას არ ცვლიან. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წარმომადგენელთა პოზიცია და პეტიციები მთავრობამ მხედველობაში არ უნდა მიიღოს. პრემიერ ივანიშვილის განცხადებით კი, „თუ საჭირო იქნება", ხელისუფლება ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვის. თუმცა, წინა ხელისუფლების მსგავს „იმპულსურ გადაწყვეტილებებს" არ მიიღებს.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადა, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც საქართველოც ემზადება, რუსეთის პრეზიდენტის ჩანაფიქრით, ქვეყნის აღორძინების, რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს ხელახალი აღზევების სიმბოლო უნდა გამხდარიყო.

თუმცა, მსოფლიო ასპარეზობის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ვლადიმირ პუტინის პროექტი დღევანდელი რუსეთის ნაკლოვანებებს და ცოდვებს მსოფლიოს თვალში სულ უფრო მეტად ააშკარავებს. ესენია: საყოველთაო კორუფცია, ტრეფიკინგი და ადამიანის უფლებების მასობრივად შელახვა, ბუნებრივი გარემოს განადგურება, ჰომოფობია და ისტორიული ფაქტების დამალვის მცდელობა.

2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარება 2007 წლის ივნისში, გვატემალაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე გადაწყდა. მას პრეზიდენტი პუტინი პირადად დაესწრო და ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა კომიტეტის წევრები პირადად დაერწმუნებინა, მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ.

ეს ამოცანა ადვილი არ იყო – გარდა იმისა, რომ სოჭი ზაფხულის კურორტია და კლიმატური პირობები ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას ხელს არ უწყობს, პრაქტიკულად მთელი ინფრასტრუქტურა სოჭის ოლიმპიადისთვის ნულიდან იყო ასაშენებელი – კონკურენტებისგან, სამხრეთ კორეის ქალაქ ფხენჩხანის და ავსტრიის ქალაქ ზალცბურგისგან განსხვავებით. მაგრამ კომიტეტმა უპირატესობა მაინც სოჭს მიანიჭა.

როგორც მაშინ პუტინმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ რუსეთის სპორტული მიღწევების, არამედ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს შეფასებასაც ნიშნავდა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ოლიმპიადის სოჭში ჩატარება სწორედ მისი წარმატებული პოლიტიკის შედეგია, მათ შორის, კავკასიის რეგიონში. „რომ არა ის, რომ შევძელით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომ არ შეგვეჩერებინა დაპირისპირება კავკასიაში იმ სახით, როგორიც ის 5-7 წლის წინ იყო, პრინციპულად რომ არ შეგვეცვალა სიტუაცია ეკონომიკაში, ოლიმპიადას ცხოვრებაში ვერ ვეღირსებოდით", – განაცხადა პუტინმა.

2013 წლის თებერვალში კი, რუსეთის პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სოჭში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგატებმა „რუსეთის სახელმწიფოს ძლიერება დაინახეს".

2007 წელს პუტინმა პირობა დადო, რომ ყველა ოლიმპიური ობიექტის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდებოდა, განსაკუთრებული ყურადღება კი ეკოლოგიისა და უსაფრთხოების საკითხებს მიექცეოდა. თუმცა, რაც უფრო ახლოს იყო ოლიმპიადის თარიღი, ამასთან დაკავშირებთ სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდებოდა.

2013 წლის მაისში რუსმა ოპოზიციონერებმა, ბორის ნემცოვმა და ლეონიდ მარტინიუკმა, ვრცელი მოხსენება გამოაქვეყნეს, სათაურით „ზამთრის ოლიმპიადა სუბტროპიკულ ზონაში". მათ სოჭის ოლიმპიადას პუტინის ავანტიურა და უდიდესი აფიორა უწოდეს. მოხსენების თანახმად, ოლიმპიადის თავდაპირველად განსაზღვრული ღირებულება – 12 მილიარდი დოლარი, შემდგომ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2013 წლის დასაწყისისთვის ოლიმპიადის ბიუჯეტმა 50 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შესაბამისად, სოჭის ზამთრის ოლიმპიადა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ოლიმპიადად იქცა.

ოლიმპიური ობიექტების ინვესტორები, თავდაპირველი გეგმის საწინააღმდეგოდ, არა კერძო ბიზნესი, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელმწიფო კომპანიები არიან. ნემცოვისა და მარტინიუკის გაანგარიშებით, ოლიმპიადაზე დახარჯული თანხის 50-60 პროცენტი, უბრალოდ, დატაცებულია.

ოლიმპიურ ობიექტებს და ინფრასტრუქტურას პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები – მათ შორის, ძმები როტენბერგები და ვლადიმირ იაკუნინი – აშენებენ. სამუშაოების არაერთგზის გაძვირების მიუხედავად, კორუფციისა და დატაცების სასამართლომდე მისული არცერთი საქმე არ არსებობს, რაც, მოხსენების ავტორების აზრით, დაუსჯელობის წამახალისებელია.

14 ათასი კაციდან ყველა მეჩირაღდნე რომ ყოფილიყო ომის მონაწილე, ეს იქნებოდა გამოწვევა. მაშინ შეიძლებოდა, რომ ეს სერიოზული ყოფილიყო. 14 ათასიდან ერთადერთი ადამიანია და შენ ამაზე თუ წაიბორძიკებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სახელმწიფო არ ხარ. - პაატა ზაქარეიშვილი

აშკარა კორუფციის მაგალითად მათ ადლერი-კრასნაია პოლიანას 48 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოჰყავთ, რომელიც, ოფიციალური გაანგარიშებით, 9,5 მილირდი დოლარი დაჯდა – 3,5-ჯერ მეტი, ვიდრე პლანეტა მარსზე NASA-ს მისია Curiosity-ის ბიუჯეტია.

თანაც, ოლიმპიური თამაშების შემდეგ სპორტული ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუყენებელი დარჩება მაშინ, როდესაც რუსეთში სპორტის ზამთრის სახეობებისთვის თანამედროვე ნაგებობების ნაკლებობაა.
გარდა ამისა, ნემცოვი და მარტინიუკი მიიჩნევენ, რომ თავად ადგილი, კლიმატის თვალსაზრისით, შეუფერებელია ოლიმპიადის ჩასატარებლად. თანაც, არ განხორციელებულა სანდო ეკოლოგიური ექსპერტიზა, სამუშაოები კი ეკოლოგიური ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.

ოლიმპიური მშენებლობის ეკოლოგიური საფრთხის გამო პროტესტი თავიდანვე გამოთქვა Greenpeace-მა. გარემოსდამცველი ორგანიზაციის განცხადებთ, მშენებლობა იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ კავკასიის ბიოსფერულ ნაკრძალში დაუშვებელია. ეკოლოგების აზრით, ოლიმპიადის საფარქვეშ ნაკრძალის ყველაზე ფასეული ნაკვეთების კერძო სტრუქტურებზე გასხვისებაა დაგეგმილი. ის, რომ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოიჯარეების ნაწილს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები არ გააჩნდა, 2006 წელს რუსეთის საანგარიშო პალატის შემოწმებამაც დაადასტურა.

რუსი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ოლიმპიური მშენებლობებისთვის განკუთვნილი მიწებიდან ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება ხშირად კანონდარღვევით, ძალის გამოყენებით და ადეკვატური კომპენსაციის გარეშე მიმდინარეობდა.

კიდევ ერთი თემა, რომელიც სოჭის ოლიმპიადის მომზადების პროცესში ადამიანის უფლებების მასობრივ შელახვას უკავშირდება, ოლიმპიურ მშენებლობებზე მიგრანტების შრომის ექსპლოატაციაა.

ოქტომბერში ხელსუფლებამ სოჭში შრომითი მიგრანტების მასობრივი დაკავებები დაიწყო. უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ცნობთ, ეს ხშირად უკანონო და არაჰუმანური მეთოდებით ხდებოდა.

2013 წლის თებერვალში Human Rights Watch-მა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე დასაქმებულთა გაუსაძლის პირობებზე ამახვილებდა ყურადღებას. მშენებლობებზე, რომლებზეც ასტრონომიული თანხები იხარჯებოდა, მშენებლების ხელფასებს ხშირად თვეობით არ გასცემდნენ. მუშებს – ძირითადად, მიგრანტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან – პასპორტებს და ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ საბუთებს ართმევდნენ, აიძულებდნენ დღეში 12 საათი ემუშავათ, არ უზრუნველყოფდნენ სათანადო კვებით და საცხოვრებელი პირობებით.

ასევე კრიტიკა დაიმსახურა ვლადიმირ პუტინის მიერ დამტკიცებულმა ოლიმპიადის უსაფრთხოების ღონისძიებებმა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ბრძანებით აგვისტოს თვეში შემოიღო. უფლებადამცველების შეფასებით, ამ ბრძანებით გათვალისწინებული რეჟიმი საგანგებო მდგომარეობას უფრო ჰგავს. კერძოდ, თამაშების დროს ქალაქსა და მის შემოგარენში იკრძალება მიტინგები, დემონსტრაციები და ნებისმიერი სხვა შეკრება, რომელიც არ იქნება დაკავშირებული ოლიმპიადასთან. ასევე, შეიზღუდება პირადი ტრანსპორტით გადაადგილება. ამ ზომებს რუსეთის ხელისუფლება ტერორისტული საფრთხით ხსნის. კავკასიის იმარატის ლიდერმა დოკუ უმაროვმა ივლისში სოჭის ოლიმპიადა შეტევების სამიზნედ გამოაცხადა. ამის მოტივად მეამბოხეთა ლიდერმა ის დაასახელა, რომ თამაშები „ათასობით მუსლიმის საფლავზე ტარდება".

უმაროვი მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა მასობრივ განადგურებას გულისხმობდა – ჩერქეზული ორგანიზაციები სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას სწორედ იმის გამო აპროტესტებენ, რომ ის ტარდება გენოციდის ადგილას, რომელსაც რუსეთი არ აღიარებს. ამ მოვლენების შედეგად, ჩერქეზთა შეფასებით, 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი, ჩერქეზთა დაახლოებით ნახევარი, განადგურდა, გადარჩენილები კი თითქმის მთლიანად ოსმალეთში გადაასახლეს. დღეს მსოფლიოში ჩერქეზთა 90 პროცენტი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს. საქართველო დღეისთვის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩერქეზების გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

სოჭის ოლიმპიადის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ჩერქეზებმა ვანკუვერის 2010 და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადების მსვლელობისას გამართეს. ჩერქეზთა მტკიცებით, ოლიმპიადა მათ მშობლიურ მიწაზე ტარდება, სადაც ამჟამად ამ ხალხის წარმომადგენლები აღარ ცხოვრობენ, კრემლი და პუტინი კი ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობენ.

ოლიმპიადის ბოიკოტისკენ ლგბტ პირების უფლებების დამცველებიც მოუწოდებენ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ წელს მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას" კრძალავს. აგვისტოში ამ მოთხოვნით ბრიტანელმა მსახიობმა სტივენ ფრაიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონს და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა. მსახიობის განცხადებით, გეები რუსეთში დღეს იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ებრაელები ნაცისტურ გერმანიაში.

იმავე პერიოდში ოლიმპიადის ბოიკოტს რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფიც მოითხოვდა – აშშ-ის მიერ ძებნილი დაზვერვის ყოფილი თანამშრომლისთვის, ედვარდ სნოუდენისთვის, რუსეთში თავშესაფრის მინიჭების გამო.
ოლიმპიადა პუტინის პირადი პროექტია, რომლის მეშვეობითაც იგი ფიქრობს დამკვიდრდეს ლიდერად არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოში, – მიიჩნევს ბორის ნემცოვი.

მე რომ ქართველი ვიყო, ემოციურად ძალიან წინააღმდეგი ვიქნებოდი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის, მაგრამ როგორც უცხოელი დამკვირვებელი, ვურჩევდი ყველას, რომ სიტუაცია ემოციების გარეშე აწონ-დაწონონ და საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ. - ორთვინ ჰენინგი, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

როგორც 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებით პუტინმა პირადი ავტორიტეტი და პოლიტიკური პრესტიჟი სასწორზე დადო. თუმცა, არსებობს კრახის საკმაოდ მაღალი ალბათობა, რადგან სოჭში უამრავი პრობლემაა, მოუმზადებელ ინფრასტრუქტურასთან, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებთან თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„ოლიმპიადის ჩავარდნა ძლიერი დარტყმა იქნებოდა პუტინისთვის, რომელიც ძალიან შეეცადა ზღვისპირა ზაფხულის კურორტის 21-ე საუკუნის ზამთრის უზარმაზარ სპორტულ კომპლექსად გადაქცევას", – ნათქვამია სტატიაში.

2011 წლის ოქტომბერში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით „სოჭის ოლიმპიური თამაშები: რუსეთის ახალი სახელმწიფოებრიობის ჩამონგრეული ფასადი". ავტორები – პროფესორი რობერტ ორტუნგი და ეხო მოსკვის მიმომხილველი სუფიან ჟემუხოვი, ამტკიცებდნენ, რომ სოჭის ოლიმპიადის მიზანი „რუსეთის აღმავლობის, ცივ ომში გამარჯვებისა და მსოფლიოში დამსახურებული ადგილის დაკავების" პოზიციონირებაა.

თუმცა, მათი აზრით, ეს მცდელობა წარმატებული ვერ იქნება.

ამერიკელი ანალიტიკოსი, სპეციალისტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში პოლ გობლი, 2013 წლის მაისში, ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ასევე აცხადებდა, რომ „სოჭის ოლიმპიადა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის სიმბოლოდ და უმაღლეს მიღწევად ამზადებდა, როგორც ჩანს, უდიდესი კრახით დასრულდება".

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ თამაშების დროს რაიმე კატასტროფა მოხდება. გობლი განმარტავს – ასეთი მასშტაბის საერთაშორისო მოვლენა მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს, მაგრამ არა მხოლოდ იმ საკითხების მიმართ, რომლის ჩვენებაც სურთ, არამედ იმის მიმართაც, რის დამალვასაც ცდილობენ. „რაც უფრო ყურადღებით აკვირდებიან ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან სიტუაციას სოჭის გარშემო, მით უფრო მეტ სიმახინჯეს ხედავენ", – აცხადებს გობლი. მათ შორის – უცხოელი მუშახელის მონურ მდგომარეობას, მასობრივ კორუფციას, ჩერქეზების გენოციდს და ა. შ.

„ბოლოს და ბოლოს, დასავლეთის საზოგადოებისთვის, რომელმაც არაფერი იცის კავკასიის შესახებ და არც ჩერქეზებზე გაუგია რაიმე, ეს უცნაური სიტყვა „სოჭი" სახეს შეიძენს. რეგიონის ისტორიის, ასევე რუსი მოხელეებისა და პირადად პუტინის ქცევის დამსახურებით, ეს სახე მახინჯი იქნება. ეს პუტინისთვის ცუდის მანიშნებელი გახდება და, შესაძლოა, გახდეს ის ბიძგი, რომელიც სულ უფრო მეტ რუსს აიძულებს, მისი პრეზიდენტობის ლეგიტიმურობაზე დაფიქრდეს", – აღნიშნავს გობლი.

პუტინის ხელისუფლების მიერ აგვისტოს ომის „გმირი" მფრინავის მეჩირაღდნედ გამოცხადებამ და მთავარ ფედერალურ არხებზე ამ ამბის ფართოდ გაშუქებამ აჩვენა, რომ გლობალურ მიზნებთან ერთად, რასაც პუტინი ოლიმპიადას უკავშირებს, მას ლოკალური მიზნების მიღწევაც სურს. მათ შორის – გამოიყენოს ოლიმპიადა აგვისტოს ომის რუსული ვერსიის პროპაგანდისათვის როგორც საკუთარ მოსახლეობაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელიც ამ ვერსიას არ იზიარებს.

ქართველების ოლიმპიადაში მონაწილეობის გამოყენებას ვლადიმირ პუტინი იმის დასამტკიცებლად შეეცდება, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის პრობლემები აღარ არსებობს და საქართველოს რუსეთთან პრეტენზიები აღარ აქვს.

ოლიმპიური ცეცხლის დანთებაში აგვისტოს ომის „გმირის" მონაწილეობა კი იმაზე მეტყველებს, რომ პუტინს ოლიმპიადაზე არა უბრალოდ ქართველი სპორტსმენებისა და დელეგატების, არამედ დამცირებული, მარცხს და კრემლის მხრიდან ჩადენილ უსამართლობას შეგუებული ქართველების ხილვა სურს. და საქართველოზეა დამოკიდებული, მიიღებს მონაწილეობას კრემლის დადგმულ შოუში, თუ სოჭის ოლიმპიადას მსოფლიოსთვის რუსული აგრესიისა და ოკუპაციის შესახსენებლად გამოიყენებს.

კომენტარები