ჟენევის მოლაპარაკებები

ზალკალიანი: ოკუპირებულ რეგიონებთან რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერა არ განიხილება

mfa.gov.ge

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ქართული დელეგაცია რუსეთისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებას ელოდება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერას არც განიხილავს. საუბარი ასევე შეეხება მავთულხლართების საკითხსა და ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო მიმდინარე პროცესებს.

"ჩვენს მიერ ძალის არგამოყენების საკითხი არც განიხილება. საქართველოს უკვე აქვს იურიდიულად აღებული ვალდებულება ძალის არგამოყენებაზე და ჩვენ არც განვიხილავთ ამ ოკუპირებულ რეგიონებთან უშუალოდ რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერას. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა უპასუხოს საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე", - განაცხადა ზალკალიანმა. 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა კი აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციისგან ელოდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი ვალდებულების აღებას, რომელიც საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს და არაერთგზის. 
"რაც შეეხება მეორე, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს, ჩვენ ტრადიციულად დღის წესრიგის მიხედვით ვიმუშავებთ. დავაყენებთ ყველა პრობლემას, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. ცენტრალური თემა იქნება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 25-ე რაუნდი ორ დღეს გასტანს. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

კომენტარები