Pussy Riot-ის საქმე

ადვოკატი: PUSSY RIOT-ის წევრი კრასნოიარსკის კოლონიაში გადაიყვანეს

ნადეჟდა ტოლკონიკოვა
Natalia Kolesnikova/AFP/Getty / http://www.thedailybeast.com/

Pussy Riot-ის წევრის ნადეჟდა ტოლოკონიკოვას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კრასნოიარსკის მხარეში განთავსებულ კოლონიაში გადაიყვანეს. BBC-ის ცნობით, ამას ადვოკატი საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ტოლოკონიკოვა თავს კარგად გრძნობს. მათივე განმარტებით, Pussy Riot-ის პატიმარ წევრს მალე ახალ კოლონიაში მოათავსებენ, რის შემდეგაც, ახლობლებს ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადებში მიაწვდიან.

რუსული პანკჯგუფ Pussy Riot-ის პატიმრობაში მყოფი წევრი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა 24 ოქტომბრიდან გაუჩინარებულია. ხელისუფლება ოჯახის წევრებს არ აძლევს ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ტოლკონიკოვას ქმრის პიოტრ ვერზილოვის ინფორმაციით, ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ ოქტომბერში ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა მორდოვიას კოლონიაში, რომელიც მოსკოვიდან დაახლოებით 445 კილომეტრში მდებარეობს. ის კოლონიის ადმინისტრაციას ცუდ მოპყრობასა და კანონდარღვევაში ამხელდა და ცდილობდა არასამთავრობო სექტორის ყურადღება მიეპყრო ციხეში არსებული გაუსაძლისი პირობებისათვის.

როგორც ტოლოკონიკოვას ახლობლებისთვისაა ცნობილი, ის სხვა ციხეში, ჩელიაბინსკის მიმართულებით 21 ოქტომბერს მატარებლით წაიყვანეს, თუმცა, Pussy Riot-ის წევრი 24 ოქტომბრის შემდეგ არავის უნახავს და არანაირი ინფორმაცია არ არსებობს მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

პიოტრ ვერზილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე ტოლოკონიკოვას დასჯა და მისი სულიერად გატეხვა გადაწყვიტა. ნადეჟდა ტოლოკონიკოვა Pussy Riot-ის სხვა წევრებთან ერთად 2012 წლის გაზაფხულზე დააკავეს და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის საკათედრო ტაძარში შესრულებული პანკსიმღერის - ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი - გამო. ამ დროისათვის პატიმრობაში ნადეჟდა ტოლოკონიკოვასთან ერთად რჩება ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მარია ალიოხინა. ისინი 2014 წლის მარტში უნდა გაათავისუფლონ.

BBC წერს, რომ კოლონია მორდოვიაში, სადაც ნადეჟდა ტოლოკონიკოვა იხდიდა სასჯელს, სამუშაო ბანაკები ფუნქციონირებს, რომელიც საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ე.წ. გულაგებს ჰგავს.

 

 

კომენტარები