კბილაშვილის გადადგომა

სესიაშვილი: პროკურატურას ახალი სისხლი ახალ რელსებზე გადაიყვანს

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

პროკურატურას ახალი სისხლი ახალ რელსებზე გადაიყვანს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ეს განცხადება სესიაშვილმა მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.

"მე ვფიქრობ, რომ ესაა არჩილ კბილაშვილის მიერ მიღებული ღირსეული გადაწყვეტილება. ჩვენს ხელისუფლებას და განსაკუთრებით პროკურატურას ჰქონდა რთული პერიოდი - ე.წ. კოაბიტაციის პერიოდად მონათლულ ვითარებაში უწევდა მას ძალიან რთულ საკითხებზე მუშაობა. კოაბიტაციური პერიოდი მოითხოვდა თავისებურ პოლიტიკურ მიდგომას, მათ შორის, პროკურატურაში და ვფიქრობ, რომ არჩილ კბილაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის ქვეშ წარმატებით გაართვა ამ გამოწვევას თავი. ახლა ჩვენ ვართ სხვა რეჟიმში და ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი ახალი სისხლით ჩანაცვლება იქნება პროკურატურისთვის ახალი ეტაპი. საერთო ჯამში, ეს ახალი ეტაპი უნდა იყოს ამ სისტემის ობიექტურად და სტაბილურად მოქმედების გარანტი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, პროკურატურის ახალ რელსებზე გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალური პოლიტიკა არ გაგრძელდება.
"კბილაშვილის გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალური პოლიტიკა არ გაგრძელდება. რას უნდა ველოდოთ ახალი მთავარი პროკურორისგან? უნდა ველოდოთ, რომ სისტემას გახდის სტაბილურს, ეფექტურს და კანონის ფარგლებში მოემსახურება ქვეყანაში სამართლიანობას. ჩვენ გარკვეულწილად გვიწევდა კოაბიტაციის პირობებში პოლიტიკური ვითარების გათვალისწინება, ეს არ ნიშნავს, რომ პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იყო, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკა ითვალისწინებდა კოაბიტაციურ რეჟიმს. ამიტომ, მისი წასვლით და ახლის მოსვლით, მიმაჩნია, რომ გზა იხსნება ამ სისტემის ადეკვატურად განვითარებისთვის", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა. 

კომენტარები