პრემიერის ანალიზი

რა არ ჯდება პრემიერის ანალიზში

ვარდების რევოლუციამ, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე შექმნილ შანსთან ერთად, საზოგადოების ნაწილში არასწორი სტერეოტიპებიც შექმნა.

ამ სტერეოტიპის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არსებულ (არასაპარლამენტო) ოპოზიციაში ღრმადგამჯდარი რწმენა, რომ საკმარისია რუსთაველზე (ან სადმე სხვაგან, მაგალითად, დინამოს სტადიონზე) რაღაც რაოდენობის ხალხი გამოიყვანო და ძალაუფლება ხეზე მოწყვეტილი ვაშლივით ჩაგივარდება ხელთ.

ამ სტერეოტიპის გამო ქვეყანამ სამართებლის პირზე იარა, ხოლო მისი დარღვევა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას იმის ფასად დაუჯდა, რომ ვარდების რევოლუციისადმი იმთავითვე რევანშისტულად განწყობილმა ძალებმა საზოგადოების ნაწილი მის „პირსისხლიანობაში" დაარწმუნეს.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დამარცხების მყისიერი აღიარებითა და კოალიცია ქართული ოცნებისათვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებით, სათავე საქართველოსათვის სრულიად ახალ ტრადიციას დაედო. მაგრამ ვარდების რევოლუციის შედეგად შექმნილი სხვა ყალბი სტერეოტიპები არსად გამქრალა.

ძალაუფლების უზურპაციაზე რეაქცია

პრემიერ ივანიშვილის მთავრობის ღიად გაცხადებული სურვილი, დაიმორჩილოს სასამართლო და მედია, სწორედ ამგვარი სტერეოტიპის კიდევ ერთი მაგალითია. ივანიშვილს აშკარად ეტყობა, რომ იგი ასე ფიქრობს: სააკაშვილმა თავის დროზე მოახდინა თავის ხელში ყველაფრის უზურპაცია, ახლა მე უნდა მოვახდინო.

ასეთი შეხედულება, თუ ივანიშვილი მართლაც ასე ფიქრობს და ეს მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილება არაა, არასწორია ორი ასპექტით. ჯერ ერთი, მცდარია შეხედულება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა უკონტროლო და ერთ ხელში მოქცეული ძალაუფლების მაგალითი იყო. თუმცა მას სწორედ ასეთად წარმოაჩენდნენ ვარდების რევოლუციისადმი იმთავითვე რევანშისტულად განწყობილი ძალები.

მეორე, უნდა განვასხვაოთ ქვეყანა, რომელიც სააკაშვილმა მიიღო პოლიტიკურ მემკვიდრეობად და ქვეყანა, რომელიც ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკურ მემკვიდრეობად.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტში საქართველოზე მომზადებული ბოლო ანგარიშის სამუშაო ვერსიაში ვკითხულობთ:

"... 2003 წლისთვის კორუფცია ისე ღრმადგამჯდარი იყო, ხოლო ბიზნესი, ორგანიზებული დანაშაული და სახელმწიფო – ისე ურთიერთგადაბმული, რომ მხოლოდ მკაცრ ზომებსა და მყარ პოლიტიკურ ნებას შეეძლო მოჯადოებული წრის გარღვევა და ქვეყნის განვითარების მიმართულების შეცვლა. ეს კონტექსტი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, რატომ წარმოადგენდა აუცილებლობას ის მეთოდები, რაც ვარდების რევოლუციის მთავრობამ გამოიყენა და რომელთაგან ზოგიერთის გამოყენება დემოკრატიულ საზოგადოებებში, როგორც მინიმუმ, გაკვირვებას გამოიწვევდა. ... თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ვარდების რევოლუცია უფრო მოდერნიზაციის შესახებ იყო, ვიდრე დემოკრატიზაციის, საქართველო აშკარად უფრო დემოკრატიულია დღეს, ვიდრე ის იყო 2003 წელს".

სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს შესახებ ამგვარი შეფასება დომინირებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში, პრემიერი ივანიშვილი ვერ იღებს დასავლეთიდან იმაზე ლეგიტიმაციას, რასაც აკეთებს. იგი გაკვირვებულია: მის ანალიზში არ ჯდება, როგორ აკრიტიკებს მას დასავლეთი იმის გამო, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ ღიად წახალისებული ძალადობრივი მეთოდებითა და მართლმსაჯულების შერჩევითი გამოყენებით ჩაიგდო ხელთ ადგილობრივი თვითმმართველობა მთელ ქვეყანაში (თბილისის მერიის გარდა); მუდმივად ცდილობს (და თუ ხმაურიან პოლიტიკურ პროცესებზე გამოვლენილი დარღვევებითა და ხარვეზებით ვიმსჯელებთ, ცალკეულ შემთხვევებში გამოსდის კიდეც) სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებას; პირდაპირ დაიქვემდებარა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ემუქრება ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებობა

კიდევ ერთი სტერეოტიპი, რაც გავლენას ახდენს პრემიერ ივანიშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკურ ანალიზზე, ესაა არჩევნების წაგების შემდეგ ყოფილი მმართველი პარტიის უცილობლად დაშლა-გაქრობა.

იმის გამო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გაქრა მოქალაქეთა კავშირი, როგორც პოლიტიკური ძალა (უფრო ადრე სამოქალაქო ომს მოჰყვა მმართველი კოალიციის – მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს – ფაქტობრივი გაქრობა), ვარდების რევოლუციის მიმართ იმთავითვე, 2003 წლის ნოემბრიდანვე, რევანშისტულად გამსჭვალულ, შევარდნაძის პერიოდის ნომენკლატურას ჰქონდა იმედი, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ერთიანი ნაცooიონალური მოძრაობაც გაქრებოდა პოლიტიკური სცენიდან.

ეს არ მოხდა. მეტიც, ის, როგორც წარდგა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კიდევ ერთი დასტურია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რჩება საქართველოს ყველაზე დიდ და სერიოზულ პოლიტიკურ პარტიად, რომელსაც შესწევს უნარი, პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების პირობებშიც შეასრულოს კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიციის საკვანძო როლი და, იმავდროულად, განავითაროს შიდაპარტიული დემოკრატია.

თუ საზოგადოებრივი ინტერესით ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად რაც უნდა უნდოდეს საზოგადოების უმრავლესობას – პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად – ესაა დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ დაკომპლექტებული მთავრობითა და ქმედითი ოპოზიციით, რომელიც საზოგადოებას მნიშვნელოვან საკითხებზე მეტ ინფორმაციასა და ალტერნატიულ ხედვებს სთავაზობს.

საქართველოს დღეს პირველად ჰყავს არა მხოლოდ ანგარიშგასაწევი ძლიერი ოპოზიცია, არამედ პირველად ჰყავს ხელსუფლებაში ყოფნის გამოცდილების მქონე ოპოზიცია. ამიტომაცაა მისი კრიტიკა საფუძვლიანი, ხოლო მოქმედების მოდუსი – კონსტრუქციული.
საყოველთაოდ ცნობილი „17 მაისის მოვლენებზე" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა პოზიცია ასეთი იყო: ხელისუფლების მიერ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ძალადობის და აგრესიის აღკვეთას – ზოგჯერ ძალის პროპორციული გამოყენებითაც კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არასოდეს აქცევს პოლიტიკური დემაგოგიის საგნად. ასეთი ოპოზიციის ყოლის ფუფუნება, სამწუხაროდ, არასოდეს ჰქონია თავად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

დამოუკიდებელ სასამართლოსა და პლურალისტულ მედიასთან ერთად, ასეთი ოპოზიციის არსებობა ის ფუნდამენტია, რომელიც, სწორად გამოყენების შემთხვევაში, საზოგადოებას ახალ საფეხურზე აიყვანს. მაგრამ შეგახსენებთ: მისი მმართველობის პერიოდში (რომელიც, მისივე აზრით, 20 წელი უნდა გაგრძელდეს), ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებობა არ ჯდება პრემიერ ივანიშვილის ანალიზში.

ეკონომიკური სტაგნაცია

როდესაც „სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგით გამოდიოდა და სახელმწიფო სტრუქტურების ნებისმიერ ქმედებას „უსამართლოს" უწოდებდა, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ივანიშვილი მოქმედებდა ვარდების რევოლუციისადმი იმთავითვე რევანშისტულად განწყობილი ძალების მიერ ფართოდ რეკლამირებული მცდარი სტერეოტიპით: ბიზნესი სააკაშვილის რეპრესიული ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოქმედებს.

დღევანდელი პრემიერი ვერც კი წარმოიდგენდა, „სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგით საზოგადოებაში რა ტენდენციებს აღვიძებდა და როგორ შეუშლიდა ეს ტენდენციები მასვე ხელს, ქვეყანა მშვიდ ატმოსფეროში ემართა და განვლილი 9 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის ტემპი შეენარჩუნებინა.

ბიზნესი პირველად მაშინ შეფიქრიანდა, როდესაც თბილისის მერიის წინააღმდეგ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების ხელოვნურად აგორებული ტალღა სხვა საწარმოებსაც მიადგა. მერე იყო შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ბიზნესისთვის დაწესებული სხვა რეგულაციები; უცხოელი ინვესტორებისადმი ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ გაღვივებული აგრესიის კიდევ უფრო გამძაფრება; იპოთეკარების საკითხის ერთი ხელის დაკვრით გადაწყვეტის სურვილი და საქართველოში ყველაზე მდგრადი – საფინანსო სექტორის შეტორტმანება; კრიმინალის ზრდა; და მთავარი: პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა.

ყველა ამ ქმედებას, რამაც სერიოზულად შეაფერხა ჩვენი განვითარება, ზურგს უმაგრებდა „სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგი.

მილიარდერს თავიდან გაუკვირდა ბიზნესის ინერტულობა. მას, ალბათ, გულწრფელად ეგონა, რომ ინვესტორები ისეთივე ენთუზიაზმს განიცდიდნენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მომხდარი ხელისუფლების მანამდე უპრეცედენტო ცვლილებით, როგორი ენთუზიაზმითაც ელოდა კოალიცია ქართული ოცნების ამომრჩეველი სუფთა ფურცელზე „კეთილი მილიარდერისთვის" გამხელილი ოცნებების ასრულებას. ბიზნესი კი არა მხოლოდ ზემოჩამოთვლილმა ფაქტებმა შეაფიქრიანა, არამედ იმანაც, როგორ შეძლებს ქართული ეკონომიკა ასწიოს ის სოციალური ტვირთი, რასაც მას კოალიცია ქართული ოცნების მთავრობა ადებს ზურგზე.

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც აყოლილია სოციალურ პოპულიზმს, გარდაუვლად მიდის საბიუჯეტო ხარჯების იმგვარ ზრდასთან, რომ არსებული საგადასახადო განაკვეთი ვეღარ უზრუნველყოფს საკმარისი გადასახადების აკრებას ბიუჯეტში (სიმარტივისთვის ვივარაუდოთ, რომ კორუფციის დონე არ იმატებს). მთავრობა მიდის ცდუნებამდე, გაზარდოს გადასახადები ანუ უფრო მეტი საგადასახადო ტვირთი დაადოს ბიზნესს. შედეგად, ბიზნესი კიდევ უფრო ინერტული ხდება და ასე საოცნებო სამუშაო ადგილები, მატების ნაცვლად, იკლებს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ქართულ საზოგადოებას – რომლის ერთ სულზე შემოსავალი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა სასურველისგან – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპი და მისით მოტანილი კეთილდღეობის მცირე ელემენტები არ აკმაყოფილებდა. ადვილი წარმოსადგენია კოალიცია ქართული ოცნების ამომრჩევლის ფრუსტრაცია, როდესაც ოჯახის ერთი წევრი სამუშაო ადგილს და, შესაბამისად, საშუალოდ 500-600-ლარიან შემოსავალს კარგავს და მთავრობა იმით ამშვიდებს, რომ ოჯახის მეორე, პენსიონერ წევრს, პენსიას 25 ლარით უზრდის.

რაც უნდა არ ჯდებოდეს პრემიერის ანალიზში, საზოგადოება ყველგან და, მათ შორის, საქართველოშიც, სწრაფად და, სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულად გრძნობს ეკონომიკური სტაგნაციით გამოწვეულ შედეგებს.

„გაუგებრობა"

დღეს – საოკუპაციო ზოლის გასწვრივ რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართების ფონზე – ყველაზე თვალშისაცემი მცდარი სტერეოტიპი, რაც პრემიერ ივანიშვილის პოლიტიკას განსაზღრავდა განვლილი ერთი წლის განმავლობაში, იყო შემდეგი: რუსეთის საქართველოსადმი დამოკიდებულებაში მთავარი ფაქტორია პუტინის პირადი სიძულვილი სააკაშვილისადმი. საკმარისია, სააკაშვილის ფაქტორი მოიხსნას (თუ სასამართლოს წინაშე წარდგება, ხომ მთლად უკეთესი) და რუსეთთან ყველაფერი დალაგდება.

სამწუხაროდ, კოალიცია ქართული ოცნება მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი აწარმოა არა მხოლოდ მისთვის აშკარად მიუღებელი ლიდერების, გამსახურდიასა და სააკაშვილის დროს, არამედ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც, როდესაც ეს უკანასკნელი ყველანაირად ცდილობდა, პუტინთან შედარებით გაცილებით ნაკლებად აგრესიულ ელცინთან „დაყვავების პოლიტიკით" გასულიყო ფონს.

პიროვნებების როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც რუსეთის პოლიტიკას რამდენიმესაუკუნოვანი ოცნება განსაზღვრავს: შავი ზღვა იყოს მისი სამხრეთის ფანჯარა ევროპაში. წერილში „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება – რის ფასად?" (შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე sapere8aude.wordpress.com) პოლიტიკური მიმომხილველი ზურაბ ელიავა წერდა: „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ვერ მოხდება, საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზეც კი! სხვათა შორის, დღეს გავრცელებული აზრი, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, არასწორი მგონია".

ამ ფონზე, თუ რაიმე როლი ითამაშა ივანიშვილის პიროვნებამ და მისმა მცდარმა სტერეოტიპმა, მხოლოდ უარყოფითი: უწოდა რა მხოლოდ „გაუგებრობა" რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმას, მან სერიოზულად დაასუსტა ქართული დიპლომატიის ძალისხმევის მოსალოდნელი შედეგი. ეს შედეგი კი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება რუსეთის მორიგი ავანტიურის შესაკავებლად.

„სერგო"

და ბოლოს, ყველაზე მეტად პრემიერის ანალიზში მაინც „სერგო" (aka სერგი კაპანაძე) არ ჯდება. სხვა ექსპერტებთან „მეგობრობს", ედავება, პრეტენზიებს უცხადებს, უბრაზდება, მაგრამ მათი რაღაცნაირად ესმის კიდეც: ასეთია ჯერ კიდევ ჰეგელის მიერ გაანალიზებული ურთიერთობის არსი.

აი, „სერგოსი" არ ესმის. არა იმიტომ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს „სერგო" სხვაგვარ – ივანიშვილის აზრით, მცდარ – ინტერპრეტაციას აძლევს. ვერგაგების ძირი სხვაგანაა: როგორ არის შესაძლებელი, „სერგოს" მისგან ფულის ან თანამდებობის მიღება არ აინტერესებდეს.

კომენტარები