7 ნოემბრის მოვლენების გამოძიება

უჩა ნანუაშვილი 7 ნოემბრის მოვლენების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

news.ge

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. სპეციალურ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ნანუაშვილის თქმით, 7 ნოემბერს ეს უფლება დაირღვა. 

"მიუხედავად იმისა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, იგი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, პროპორციული და თანაზომიერი საშუალების გამოყენებით შეიძლება შეიზღუდოს. 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევისა და ტელეკომპანია იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრიდან ექვსი წელი გავიდა, თუმცა, სახალხო დამცველისა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დარღვევის ამ ფაქტებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცემია", - ნათქვამია განცხადებაში. ომბუდსმენი წერს, რომ 7 ნოემბრის აქციის დაშლისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. მისი თქმით, აქციის დასაშლელად პირველად გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული.

"სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს, ტელეკომპანია იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა მოჰყვა.
საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის, ასევე 2008 წლის პირველი და მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიშებში დეტალურად არის განხილული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და აღწერილია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაციით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს, დროული და ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ კანონდარღვევებზე, თუმცა, ყველა ეს რეკომენდაცია დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის, ასევე ტელეიმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და ტელევიზიის დახურვის ფაქტები. 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების გამოვლენა-დასჯა არის ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტიანი საშუალება.

კომენტარები