უსუფაშვილის ვიზიტი ლიტვაში

დავით უსუფაშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა

parliament.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. უსუფაშვილი ლიტვაში ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხი ვილნიუსის სამიტის წინ და ვილნიუსის სამიტის შემდეგ. ასევე აღინიშნა, რომ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დოკუმენტებზე წინასწარი ხელმოწერა მოხდეს.

”მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს ლიტვის პრეზიდენტის სახით და ლიტვის სახით ჰყავს მეგობარი, რომელიც მზად არის ყველაფერი გაკეთოს, რათა ჩვენი სტრატეგიული ამოცანები ევროკავშირთან და NATO-სთან ურთიერთობაში რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს”, - თქვა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ლიტვური მხარე მზად არის ვილნიუსის სამიტის შემდგომაც გააგრძელოს საქართველოსთან ინტენსიური თანამშრომლობა.

ლიტვაში ვიზიტისას დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ვილნიუსის უნივერსიტეტს ეწვივნენ და რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელს შეხვდნენ. საუბარი საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობასა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს შეეხო.

პრესსამსახურის ცნობით, ლიტვურმა მხარემ გამოთქვა იდეა, ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსის გახსნის თაობაზე. ასევე აღინიშნა, რომ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე გახსნილია ლიტვური ენის შემსწავლელი კურსები. საუბარი შეეხო ასევე ლიტვისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. პარლამენტის თავმჯდომარე  უნივერსიტეტების ავტონომიისა და დაფინანსების საკითხებითაც დაინტერესდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაათვალიერა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ვილნიუსის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

კომენტარები