კბილაშვილის გადადგომა

კახა კოჟორიძე: პროკურატურას რამდენიმე გახმაურებული საქმე დარჩა გამოსაძიებელი

timer.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, არჩილ კბილაშვილს პროკურორობა მძიმე პერიოდში მოუწია. მისი თქმით, როდესაც კბილაშვილი თანამდებობაზე დაინიშნა, პროკურატურას რამდენიმე ათასი ადამიანი მიაწყდა.

"მათ შეიტანეს განცხადებები, სადაც საუბარი იყო წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ ძალიან მძიმე დანაშაულებზე და ეს პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებს ძალიან მძიმედ დააწვათ. თავად ბატონი არჩილი აცხადებდა, რომ 333 პროკურორიდან თითოეულს აბრალებდნენ გარკვეულ დანაშაულს და მთავარ პროკურორს უნდა მოეხდინა საშტატო რეორგანიზაცია" - თქვა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ პროკურატურას გამოსაძიებელი დარჩა რამდენიმე გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმე.

"არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობა ისე დატოვა, რომ გამოსაძიებელია 7 ნოემბრის მიტინგის დაშლა და ტელეკომპანია იმედის შენობაში შეჭრა. ვანო მერაბიშვილის დაჭერა 26 მაისის დარბევის გამოძიებას არ ნიშნავს, 17 ადამიანისთვის ბრალის წაყენება არ გულისხმობს წამების, როგორც სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. მთავარმა პროკურატურამ უპირველესად ის საქმეები უნდა გამოიძიოს, რომელთა მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამ საქმეების გამოძიებით პროკურატურა ნამდვილად დაინტერესებული უნდა იყოს. მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, ვინც არ უნდა იყოს მომავალში, რომ ამ ტიპის საქმეებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ" - აცხადებს საიას თავმჯდომარე.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პროკურატურაში დღეს გააკეთა. ის პოსტს 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები