მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

ადვოკატი ჩივიაშვილი: მოწმეს სრულყოფილი ინფორმაცია ნოე ქინქლაძემ არ მიაწოდა

Zurab Chiaberashvili and Vano Merabishvili
government.gov.ge

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან” დაკავშირებით ქუთაისის საოლქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის 8 ნოემბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. ჩივიაშვილის განმარტებით, გუშინდელ პროცესზე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა დეტალურად აღწერეს “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის” ფარგლებში ჩატარებული სამუშაო და აღნიშნეს, რომ არც ვანო მერაბიშვილს და არც ზურაბ ჭიაბერაშვილს რაიმე სახის უკანონო დავალება მათთვის არ მიუციათ. გუშინდელი სხდომის დეტალებზე გიორგი ჩივიაშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

"სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი ნათია გამყრელიძე, რომელიც ერთი კვირის წინ დაიბარეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე, თუმცა მისი დაკითხვის ოქმი საქმეში არ დევს. მისი განცხადებით, დაკითხვის ოქმზე ხელი არ მოუწერია. სასამართლოზე მიცემული მისი ჩვენებიდან გაირკვა, რომ აუდიტორმა ნათია გამყრელიძემ “სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის” ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიში არასრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა. კერძოდ, მისთვის არ მიუწოდებიათ სამუშაოს აღრიცხის მაძიებელთა მონაცემთა უნიკალური ბაზა, რომელიც 600,000 ოჯახში დასაქმების აგენტის ვიზიტის შედეგად შეიქმნა და რომელშიც 700,000-ზე მეტი მოქალაქის მონაცემის შეყვანილი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან არ გამოუთხოვია დევნილთა საჭიროებების შესწავლის მასალები; კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან არ მოუთხოვია 2012 წლის 19 ივლისის სტიქიით დაზარალებულთა ზიანის აღმრიცხველი ფორმები" - აცხადებს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ "პროკურატურის მიერ მხოლოდ ერთი კვირის წინ ნაჩქარევ რეჟიმში გამოვლენილ მოწმეს" სრულყოფილი ინფორმაცია არ მიაწოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ.

"ნოე ქინქლაძე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სამშენებლო კომპანიის “ელიტა-ბურჯის” ყოფილი დირექტორი და კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო ფონდის მსხვილი შემომწირველია" - ამბობს გიორგი ჩივიაშვილი. მისივე თქმით, კომპანია ელიტა-ბურჯმა 2013 წელს მოიგო შსს-ს გამარტივებული ტენდერი 1.5 მილიონი ლარის ოდენობით.

კომენტარები