დავით ჩხიტუნიძე

საბერძნეთიდან საქართველოში დავით ჩხიტუნიძის ექსტრადირება აღარ მოხდება

საბერძნეთიდან საქართველოში დავით ჩხიტუნიძის ექსტრადირება აღარ მოხდება. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ათენის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი გაამართლა. გადაწყვეტილებაში, რომელიც საბოლოოა, მითითებულია, რომ ჩხიტუნიძის ექსტადირებაზე უარი საქართველოს პროკურატურას ბრალდების დაუსაბუთებლობის მოტივით ეთქვა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე 19 აგვისტო ათენში დააკავეს. საქართველოს შსს-მ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს". ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის თქმით კი, დავით ჩხიტუნიძე ინტერპოლით ძებნილი არ ყოფილა და ის ვადაგასული დიპლომატიური პასპორტით მგზავრობისთვის დააკავეს. ჩხიტუნიძე ათენის საექსტრადიციო ციხიდან 24 სექტემბერს გაათავისუფლეს, სადაც მანამდე, ადვოკატის ინფორმაციით, სცემეს კიდეც. ვახტანგ თალაკვაძის განმარტებით, ათენის ციხიდან ჩხიტუნიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადვოკატებმა სასამართლოს მიაწოდეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ჩხიტუნიძის დიპლომატიურ პასპორტს ვადა გასული არ ჰქონია.

დავით ჩხიტუნიძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექტორის ყოფილ მოადგილეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.  რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ადვოკატები აცხადებენ, რომ თავის დროზე ჩხიტუნიძე უკანონოდ დააკავეს და ათენის უმაღლესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებაში ეს ფაქტორიც გაითვალისწინა.

 

კომენტარები