ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

გამოცდების ეროვნული ცენტრი: ოლიმპიადის პირველ ტურზე პასუხისმგებელია სკოლა

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის შეფასებით, ეროვნული ოლიმპიადა არ უნდა ჩაიშალოს. მინდაძის თქმით, ის მოსწავლეები, რომლებმაც ოლიმპიადის ტესტები გუშინ საღამოს Facebook-ის მეშვეობით შეიტყვეს, პირველ ტურს კი დაძლევენ, მაგრამ მეორე და მესამე ტური გაუჭირდებათ.

“გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია მეორე და მესამე ტურის ჩატარებაზე, ხოლო პირველ ტურს ატარებს სკოლა. ჩვენ ვაწვდით ტესტებს რესურსცენტრებს გამოცდამდე სამი დღით ადრე და რესურსცენტრები ამ ტესტებს აწვდიან სკოლებს. სკოლა არის პასუხისმგებელი მათ შერჩევაზე, რეგისტრირებაზე, გასწორებაზე. ეს რამდენიმე წელია ასეთი ფორმით მიმდინარეობს”, - აცხადებს მინდაძე სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

"მე არ მინახავს Facebook-ზე გამოქვეყნებული ტესტები, დღეს გავიგე ეს ამბავი და არ ვიცი, ის ტესტებია თუ არა. მაგრამ თუ ეს ის ტესტებია, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არის არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც ეს გააკეთა. ტესტების გამოქვეყნება მოიტანს შედეგს, რომ პირველ ტურს გაცილებით ბევრი ბავშვი დაძლევს, ვიდრე ეს რეალურად შეეძლოთ. თუმცა, ოლიმპიადას აქვს მეორე და მესამე ტური და იმ მოსწავლეებს, რომლებმაც არაკეთილსინდისიერად მოიპოვეს ტესტები, მეორე ტურის დაძლევა გაუჭირდებათ”, - აღნიშნა მინდაძემ და დასძინა, რომ მისთვის უცნობია, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ტესტების გამოქვეყნება.

“სავარაუდოდ, ერთ-ერთ სკოლაში ტესტებზე ხელი მიუწვდებოდა არაკეთილსინდისიერ ადამიანს და სწორედ მისი საშუალებით გავრცელდა ტესტები. რაც შეეხება ჩაშლას, ოლიმპიადა 8 საგანში ტარდება და ალბათ, დიდი უმრავლესობა კეთილსინდისიერად წერს და არანაირ დახმარებას არ იღებს. ამის გამო, ჩაშლის იდეას არ ვემხრობი”, - განაცხადა მინდაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ინტერნეტში გავრცელდა მათემატიკის, ბიოლოგიის, ინგლისურის და რუსული ენის ტესტური დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები სავარაუდოდ, დღევანდელ ოლიმპიადაზე დაწერენ.

დღეს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური მათემატიკის ოლიმპიადით დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში ტარდება.

კომენტარები