მძღოლების დაჯარიმება

შსს ჯარიმების შემცირების ინიციატივით პარლამენტს მიმართავს

RFE/RL


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყება პარლამენტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე ჯარიმების შემცირების ინიციატივით მიმართავს. ინიციატივის თანახმად, ჯარიმების ნაწილი ნახევრდება, ნაწილი კი არსებულის მესამედი ოდენობა რჩება.

კანონპროექტის მიხედვით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, სიჩქარის გადაჭარბებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) – 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავის ოდენობა 500 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500- ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, 10-ლარიან ჯარიმას და გადაუხდელობის შემთხვევაში 150-ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

ასევე, 125-ე მუხლის მე-71 ნაწილით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100-ლარიანი ჯარიმა ნახევრდება და მისი ოდენობა 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150 ლარის ოდენობით დაერიცხება საურავი. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

მცირდება აგრეთვე 125-ე მუხლის 72-ე ნაწილით განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200-ლარიანი ჯარიმა და მისი ოდენობა 100 ლარი იქნება. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500- ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 1000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

ასევე განახევრდა 116-ე, 117-ე, 1181-ე, 1182-ე, 1183-ე, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე, 127-ე და 1271-ე მუხლებით დადგენილი ჯარიმების და საურავების გადაუხდელობის შემთხვევაში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები და ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის თანხები, კერძოდ: ამ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს მართვის უფლება 1 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო 2 წლის ნაცვლად – 1 წლით. ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის შემთხვევაში, თუ მართვის უფლება 6 თვით არის ჩამორთმეული, ჯარიმის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარი იქნება, ხოლო 1 წლით ჩამორთმევის შემთხვევაში 1500 ლარის ნაცვლად – 1000 ლარი.

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე კვირის წინ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებულ 100-ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადების გაკეთება და გადაწყვეტილების არგუმენტირება მოსთხოვა.

"ვთხოვ ღარიბაშვილს, ტელევიზიით მოვიდეს და გააკეთოს განმარტებები. მახსოვს, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე ბევრი პოლემიკა გვქონდა, კარგი იქნება, თუ დისკუსია გაიმართება საზოგადოებაშიც. მე მოვითხოვ პოლემიკას და არგუმენტებს. ძალიან ბევრი მძღოლი გაჭირვებულია. კარგია, რომ იცოდეს მოსახლეობამ, რატომ კეთდება ეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 12 830 187 ლარით (70%-ით).

კომენტარები