0 კომენტარი

„ნობელის პრემია ბილეთია საკუთარ გასვენებაზე დასასწრებად, არცერთ მის მფლობელს არაფერი გაუკეთებია მას შემდეგ, რაც პრემია მიიღო", – თქვა ერთხელ ტომას ელიოტმა. შესაძლოა, ამის შეცვლას ცდილობს ნობელის კომიტეტი, როდესაც ჯილდოს გასცემს არა წარსული მიღწევების, არამედ მომავლის გეგმების მიხედვით. როგორც ევროკავშირის და, ასევე, პრეზიდენტ ობამას შემთხვევაში, წლევანდელი მშვიდობის პრემიის გაცემისას კომიტეტმა მომავლის გეგმებით იხელმძღვანელა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, 2013 წლის ნობელის პრემია ნაკლებად კონტროვერსული და მეტად პროგნოზირებადი იყო.

ნობელის მშვიდობის პრემია

ნობელის პრემია ჩემთვის უნდა გადმოეცათ, – იხუმრა ბაშარ ალ-ასადმა მას შემდეგ, რაც მშვიდობის პრემია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ ნობელის კომიტეტს ბევრჯერ მიუღია საკამათო გადაწყვეტილება, ალბათ არც ის იქნებოდა გასაკვირი, თუ ასადი, რომლის წამოწყებულ სამოქალაქო ომსაც 115 000 ადამიანი შეეწირა, პრემიის მფლობელი გახდებოდა. ამასთანავე, წლევანდელ ნომინანტებში ვლადიმირ პუტინიც იყო წარდგენილი.გადაწყვეტილება ნობელის კომიტეტმა 14 ოქტომბერს გაახმოვანა.

ორგანიზაციას, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ქიმიური იარაღის მონიტორინგი დაევალა, ჯილდო „ქიმიური იარაღის განადგურებაში შეტანილი წვლილისთვის" გადაეცა. რამდენიმე კვირის წინ OPCW-მა ინსპექტორები სირიაში გაუშვა, ასადის ქიმიური იარაღის არსენალის დემონტაჟისა და განადგურების მიზნით. ორგანიზაცია გაეროს ეგიდით და 60-მდე ექსპერტის დახმარებით ცდილობს დამასკში ქიმიური იარაღის განადგურებას. სირიას ახლო აღმოსავლეთში ქიმიური იარაღის ყველაზე დიდი არსენალი აქვს.

გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. წელს ჯილდოს მოპოვების მთავარ ფავორიტებად პაკისტანელი გოგონა მალალა იუსაფზაი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მკვიდრი, გინეკოლოგი დენის მუკვენგე ითვლებოდნენ. პრემიაზე წარდგენილთა შორის ასევე იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველი რუსი აქტივისტები – ლუდმილა ალექსეევა და ლილია შიბანოვა და გვატემალის იუსტიციის მინისტრი კლაუდია პას ი პასი.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ამ მისიით წლებია მუშაობს, ნობელის კომიტეტის ყურადღება მან მხოლოდ სირიის კრიზისის შემდეგ მიიპყრო. ის პირველად ატარებს სამუშაოებს ომის ზონაში, რაც დიდ რისკებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ნობელის კომიტეტმა, „ძლიერი მხარდაჭერა" გამოეხატა იმათ მიმართ, ვინც დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ქიმიური იარაღის განადგურებას ცდილობს.

ნობელის პრემია ეკონომიკაში

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სამ ამერიკელ მეცნიერს მიანიჭა– მეცნიერებს პრესტიჟული პრემია საბაზრო აქტივების ფასების ემპირიული ანალიზისთვის გადაეცათ. მკვლევრებმა ბაზარზე აქტივთა ტრენდი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ დროის მცირე მონაკვეთში ძნელია ივარაუდო აქციათა და ობლიგაციათა ფასების ცვლილება, თუმცა სამ წელზე უფრო მეტ დროზე გათვლისას, ამის შესაძლებლობა არსებობს. პრემია ეუჯინ ფამას (ჩიკაგოს უნივერსიტეტი), ლარს ჰანსენს (ჩიკაგოს უნივერსიტეტი) და რობერტ შილერს (იელის უნივერსიტეტი) გადაეცათ. შილერი, რომელმაც გლობალური ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა, თავიდანვე ფავორიტებს შორის სახელდებოდა.კვლევის მიხედვით, ამერიკის ფედერალური რეზერვის სტიმულის პოლიტიკა და მზარდი ეკონომიკის სპეკულაცია ქმნის „ბუშტებისმაგვარ" საკუთრების ბუმს, რამაც ხელი შეუწყო გლობალურ რეცესიას. მკვლევართა აზრით, „აქტივების არასწორი შეფასება ხელს უწყობს ფინანსურ კრიზისს და როგორც უკანასკნელმა გლობალურმა რეცესიამ აჩვენა, მსგავსმა კრიზისმა შესაძლოა ეკონომიკას ავნოს".

ნობელის პრემია ეკონომიკაში თავად ალფრედ ნობელს არ შეუქმნია. თავდაპირველად პრემია ფიზიკას, მედიცინას, ქიმიას, ლიტერატურასა და მშვიდობას მოიცავდა. შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა 1969 წელს პირველად გასცა ეს პრემია ალფრედ ნობელის პატივსაცემად, რომელიც მეწარმე იყო.

ნობელის პრემია ლიტერატურაში

ნობელის კომიტეტმა პრემია 82 წლის კანადელ ავტორს ელის მანროს მიაკუთვნა „თანამედროვე მოკლე მოთხრობების შესანიშნავი შესრულებისთვის". მანროს „კანადელ ჩეხოვს" უწოდებენ. მისი შემოქმედება 1960-იანი წლების სოციალურ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ ქალთა ცხოვრებას აღწერს. მისი მოთხრობები პატარა ქალაქის ცხოვრებას უკავშირება, სადაც დამკვიდრებულისოციალური ნორმები სხვადასხვა თაობებს შორისმორალური კონფლიქტების გამომწვევი ხდება. მანრო პირველი კანადელი ავტორია, რომელმაც პრემია მიიღო. როგორც მისმა გამომცემელმა დაგ გიბსონმა აღნიშნა, „პრიზი მოიგო ადამიანმა, რომელიც წერს დიასახლისებზე ვანკუვერში, ბუკინისტებზე ვიქტორიაში, ფერმერებზე, მდივნებზე, მასწავლებლებზე, ბიბლიოთეკარებზე – ჩვეულებრივ კანადელებზე და ამას მაგიურად აკეთებს".

მანრო სამხრეთ-დასავლეთ ონტარიაში, ქალაქ კლინტონში ცხოვრობს. ის ფერმერისა და მასწავლებლის ოჯახში გაიზარდა და მოთხრობების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. შემდეგ დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და მოგვიანებით ქმართან ერთად ვიქტორიაში (ბრიტანული კოლუმბია) გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წიგნების მაღაზია გახსნა. მანროს მოთხრობები განსაკუთრე ბულია იმით, რომ ჩეხოვის მსგავსად, ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე წერს. ჩეხოვისთვის, მისივე ფრაზის მიხედვით, ლიტერატურა „საყვარელი იყო", მანროსთვის ის ნამდვილად „კანონიერი ქმარია".

ნობელის პრემია ქიმიაში

სამმა ამერიკელმა მეცნიერმა 2013 წლის ნობელის პრემია ქიმიური რეაქციების კომპიუტერული მოდელის შექმნისთვის მიიღო. კომპიუტერული პროგრამა ახალი მედიკამენტების ფორმულის მისაღებად და სხვა ქიმიური დავალებების შესასრულებლად გამოიყენება. მარტინ კარპლუსმა (სტრასბურგის უნივერსიტეტი), მაიკლ ლევიტმა (სტენფორდის უნივერსიტეტი) და არიე ვარშელმა (სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი), პროგრამის შესაქმნელად კლასიკური და კვანტური ფიზიკის მიდგომები გამოიყენეს. თავდაპირველად, კომპიუტერული სისტემა ნიუტონისეულ მარტივ მოდელს ეფუძნებოდა, თუმცა მოგვიანებით, მეცნიერებმა სცადეს ელემენტების დამატებით მოლეკულათა მახასიათებლების გათვალისწინება და ქიმიური რეაქციების მთლიანობაში სიმულაცია. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროგრამის ხელოვნურ ინტელექტს აქვს ლიმიტები და ვერ ახდენს რეალობის სრულყოფილ მოდელირებას. ის უფრო მეცნიერებისთვის აქტუალური საკითხების კვლევისთვის იქნება გამოყენებული.

„მოლეკულები ზარმაცი არსებები არიან, ძირითად შემთხვევაში ისინი უბრალოდ ნელა მოძრაობენ, თუმცა როდესაც რეაქციაში შედიან, ყველაფერი სწრაფად ხდება", – განაცხადა გუნარ კალსტრომმა სამეფო აკადემიიდან. ნობელის კომიტეტის თქმით, აღნიშნული მიღწევა საშუალებას აძლევს მეცნიერებს, ამ სწრაფ პროცესს შენელებულ მოძრაობაში დააკვირდნენ. როგორც CCN-მა ლაურეატებისთვის მიძღვნილ სტატიაში აღნიშნა, თუკი ადრე ქიმიკოსები ბურთებს და ჯოხებს იყენებდნენ ქიმიური რეაქციის შედეგების აღსაწერად, დღეს ეს რეალობამკვეთრად შეიცვალა. კარპლუსმა, ლევიტმა და ვარშელმა ქიმია კომპიუტერულ ერაში გადაიყვანეს.
 

ნობელის პრემია ფიზიკაში

ნობელის სამეფო კომიტეტმა არ დაივიწყა გასული წლის „ღვთიური" აღმოჩენა, როდესაც ცერნის ლაბორატორიამ ჟენევაში, ჰიგსის ბოზონის ნაწილაკს მიაკვლია და პრემია ბრიტანელ პიტერ ჰიგსს და ბელგიელ ფრანსუა ენგლერს გადასცა 1964 წელს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარებული თეორიისთვის, რომელიც აღწერს, როგორ იძენენ სუბატომური ნაწილაკები მასას. მათ იწინასწარმეტყველეს ბოზონის ნაწილაკის არსებობა, რომელიც CERN-ის ლაბორატორიის აღმოჩენამ დაადასტურა. ლაბორატორიამ ნაწილაკის აღმოჩენაზე მუშაობა 2008 წელს დაიწყო.

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, პრემია მეცნიერებს იმ თეორიული მექანიზმის აღმოჩენის გამო მიენიჭათ, რომელიც გვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო 13 მილიარდი წლის წინ მომხდარი კოლოსალური ენერგიით დამუხტული პატარა ნაწილაკების აფეთქების დროს. პირველყოფილ ნაწილაკებს მასა არ ჰქონდათ და ჰიგსის ველთან ურთიერთქმედებით შეიძინეს. ამით ისინი გადაიქცნენ კომპლექსურ ნაწილაკებად, რამაც საბოლოოდ მატერია წარმოშვა.

შარშანდელი აღმოჩენის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ „ღვთიური ნაწილაკი" დაიმსახურებდა პრემიას. თუმცა, ძნელი სათქმელი იყო, ვის აარჩევდა ნობელის კომიტეტი ჯილდოს ღირსად. შესაძლო ლაურეატებს შორის განიხილებოდნენ CERN-ის ლაბორატორია, პიტერ ჰიგსი, რომლის სახელსაც ნაწილაკი ატარებს, ტომ კიბლე, ჟერალს გურალნიკი და კარლ ჰეიგენი, რომლებმაც ასევე სრული თეორიული ჩარჩო შექმნეს და ის ნაწილაკს აღწერდა, თუმცა ეს პიტერ ჰიგსის ნაშრომის გამოქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირაში გააკეთეს. ასევე მოიაზრებოდნენ ფრანსუა ეგლერი და რობერტ ბრაუტი, რომლებმაც ნაწილაკის არსებობის თეორია, ჰიგსის თეორიის პარალელურად შეიმუშავეს. ბრაუტი 2011 წელს გარდაიცვალა და სამეფო აკადემიამ არჩევანი ჰიგსსა და ეგლერზე შეაჩერა.

ნობელის პრემია მედიცინაში

2013 წლის მედიცინის პრემია მიიღო ამერიკაში მოღვაწე სამმა მეცნიერმა, რომლებმაც ნივთიერების უჯრედებში მოძრაობის შესახებ ახალი თეორია შექმნეს. პრიზი ამერიკელმა ჯეიმს როთმანმა (იელის უნივერსიტეტი), რენდი შეკმანმა (კალიფორნიის უნივერსიტეტი) და თომას სიუდჰოფმა (სტენფორდის უნივერსიტეტი) გაინაწილეს. მათ განავითარეს უკეთესი თეორია, თუ როგორ ახდენენ ე.წ. ვეზიკულები ნივთიერების გადაზიდვას უჯრედებში. სამი მეცნიერის მიერ აღწერილი პროცესი მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის, უჯრედთა განაწილებიდან დაწყებული, ჰორმონების მიერ სხეულის სისტემის რეგულაციით დამთავრებული. ამ სისტემის დარღვევა იწვევს ნევროლოგიურ დაავადებებს, დიაბეტსა და იმუნოლოგიურ დარღვევებს. ასე რომ, მისი მუშაობის სისტემის აღწერა მეცნიერებს მკურნალობის მეთოდების მიგნებაში დაეხმარება.

„თქვენ შვედი ბაკალავრი სტუდენტების მსგავსად იქცევით", – ასე მიმართა კომიტეტმა ჟურნალისტებს, რადგან ლაურეატების გამოცხადებას შეკითხები არ მოჰყოლია. შეკმანმა უჯრედში ნივთიერების გადაზიდვაზე დაკვირვების შედეგად და გადაზიდვის წარმატებული და წარუმატებელი შემთხვევების შედარების მეშვეობით, 70-იან წლებში განაცალკევა გენის სამი განსხვავებული კლასი, რომლებშიც მუტაცია ქაოსს იწვევს. ხოლო როთმანმა აღმოაჩინა მექანიზმი, რომელიც ხსნის, თუ როგორ აწოდებს თითოეული ვეზიკულა საკუთარ ნივთიერებას იქ, სადაც საჭიროა. მან მოახდინა პროტეინის წყვილის კომპლექსის იდენტიფიცირება, რომელთაგანაც ერთი განთავსებულია ვეზიკულაზე, ხოლო მეორე – მის განსაზღვრულ სამიზნეზე და ისინი ერთმანეთს ღილების მსგავსად უკავშირდებიან. იმ შემთხვევაში თუ პროტეინები ერთმანეთთან თავსებადია, ვეზიკულა იხსნება და გადასცემს ნივთიერებას სამიზნეს. თუ ისინი ერთმანეთთან ვერ თავსდებიან, მაშინ გადაზიდვა არ ხდება. მოგვიანებით, აღნიშნული კვლევა სიუდჰოფმა ნერვული უჯრედების კომუნიკაციას დაუკავშირა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები