ენერგეტიკული პროექტები

კალაძე: წლის ბოლომდე 4 ჰესის მშენებლობა დასრულდება

Kakha Kaladze
Tabula

წლის ბოლომდე 4 ჰესის მშენებლობა დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ჰესების ჯამური სიმძლავრე 46 მეგავატია, წლიური გამომუშავება - 250 კილოვატსაათი, ხოლო საინვესტიციო ღირებულება - 45 მილიონი დოლარი.

კალაძის თქმით, სულ საქართველოს მასშტაბით 15 ჰიდროელექტროსადგური შენდება. მისივე თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მიზნით მემრანდუმი გაფორმდა 26 ჰესზე, რომელთა დადგმული სიმძლავრე 545 მეგავატია, ხოლო მთლიანი საინვესტიციო ღირებულება - 850 მილიონი დოლარი.

ჰიდროელექტროსადგურების გარდა, ენერგეტიკის სამინისტრო თბოსადგურის და ქარის სადგურების აშენებასაც აპირებს. "ენერგეტიკული განვითარების ფონდთან ერთად სამინისტრომ დაიწყო ქარის სადგურების მშენებლობა, პირველ ეტაპზე - 20 მეგავატი, ხოლო შემდეგ 300 მეგავატის განვითარების პერსპექტივით. გორის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიდგა ქარის სიმძლავრის გამზომველი აპარატურა. ქარის ელექტროსადგური ქართლი პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს. პროექტის საივესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც 2015 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 220 მილიონი დოლარია. 

კომენტარები