კალათბურთი

ვინ იზრუნებს ქართულ კალათბურთზე

ქართული საკალათბურთო საზოგადოება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების მოლოდინშია. არჩევნების გამართვის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამგეობის წევრებმა დაადგინეს, რომ ის ჩატარდება არაუგვიანეს 14 დეკემბრისა. ბესიკ ლიპარტელიანი კალათბურთის ფედერაციას 2001 წლიდან ხელმძღვანელობს. ის აცხადებს, რომ წამოაყენებს თუ არა კვლავ კანდიდატურას, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. დღეისთვის ცნობილია, რომ ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ვეტერანმა კალათბურთელებმა – მიხეილ ახვლედიანმა, კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ გამოთქვეს. შენგელიასა და ბოისას, გულშემატკივარი თუნდაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოსვლის წყალობით იცნობს, მიხეილ ახვლედიანის სახელი და გვარი კი ფართო მასებისთვის ბოლო პერიოდამდე ნაკლებად იყო ცნობილი. ცოტა ხნის წინ ბესიკ ლიპარტელიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი ახვლედიანის ლობირებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ახვლედიანი ფედერაციის ამჟამინდელი ხელძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილოა და ლიპარტელიანს საპასუხო ბრალდებებს უყენებს. თუ კონკრეტულად რაში სდებს ბრალს პრეზიდენტობის კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს, რის შეცვლას აპირებენ ვლადიმერ ბოისა, კახა შენგელია და მიხეილ ახვლედიანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ტაბულა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს ესაუბრა.

რამ გადაგაწყვეტინათ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიგეღოთ მონაწილეობა?

კ.შ. მახსოვს, საიდან დაიწყო ამ ფედერაციის აღორძინება, მახსოვს, რა დღეში იყო და სადამდე მოვიდა. მე ამ პროგრესის მომსწრე ვარ და მის მუშაობას დადებითად ვაფასებ. ნაკრები ბრძოლისუნარიან კოლექტივად ჩამოყალიბდა, მაგრამ ვფიქრობ, საჭიროა ახალი სისხლი, ენერგია, ხედვა. ამან გადამაწყვეტინა, რომ ჩემი გამოცდილება და საკალათბურთო კავშირები, იმ ხალხთან ერთად, ვისაც ქართულ კალათბურთზე გული შესტკივა, ფედერაციას მოვახმარო. რასაც ვუყურებ, დღეს რაც შეუძლიათ, აკეთებენ. ამის მიუხედავად, ცვლილებები აუცილებელია. ვთვლი, რომ საჭიროა პირველი ლიგის გაკეთება და 20 წლამდე ზღვარის 25 წლამდე აწევა.

ვ.ბ. როდესაც დავინახე, რომ იმ დონეზე არ შემეძლო მეთამაშა, როგორც მანამდე და თან ისეთ გუნდში ვიყავი, სადაც მწვრთნელზე მეტი მესმოდა, პლუს ამას, ხელფასსაც მიგვიანებდნენ, გადავწყვიტე კარიერა დამესრულებინა. კარგ გუნდს რომ მოემართა წინადადებით, ალბათ კიდევ ვითამაშებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე, ვესაუბრე ჩემს მეგობრებს, რომლებიც კალათბურთში საქმიანობენ, ვკითხე აზრი და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება. მთავარი, რის გამოც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი გამოვთქვი, ისაა, რომ 15-16 წელი ნაკრებში თამაშით გამოვადექი ქვეყანას, ახლა კი მსურს ისევ კალათბურთში დავრჩე და უკვე სხვა ამპლუაში დავანახო ხალხს, თუ რა შემიძლია.

ვოვა, როგორ ფიქრობთ, საკალათბურთო პარკეტიდან პრეზიდენტის კაბინეტში გადმონაცვლება არ გაგიჭირდებათ?

ვლადიმერ ბოისა

ვ.ბ. გამიჭირდება, ეს ადვილი არ იქნება. უკვე ერთი თვეა რაც ჩამოვედი და ბევრი რამ ვისწავლე. მეგონა, ჩამოვიდოდი, ხალხს პროგრამას ვაჩვენებდი და ადვილად გადაწყვეტდნენ, ვინ უფრო კარგი კანდიდატია. ვხვდები, რომ ასე არ არის, მაგრამ კარგია, რომ არ ვარ მარტო, მეყოლება გუნდი. რა თქმა უნდა, ვიღაც იტყვის, რომ ვოვა დიდი ხანია წასული და არ იცის საქართველოში რა ხდებაო. მე ჩემი კარიერის ბოლო 6 თვე თბილისში, არმიაში ვითამაშე და ზუსტად ვიცი აქ რაც ხდება. ძნელი იქნება, მაგრამ დამეხმარება ისეთი ხალხი, ვისაც ესმის ეს საქმე. მაინტერესებს ყველას აზრი, ვაკვირდები სიტუაციას.

ბატონო მიშა, ფართო მასებისთვის ვლადიმერ ბოისას და კახა შენგელიას წარდგენა არ სჭირდებათ. ვიცი, რომ თქვენც ყოფილი კალათბურთელი ხართ, პირველ რიგში, თქვენი თავი წარუდგინეთ მკითხველს და შემდეგ პირველ კითხვაზე გადავიდეთ...

მ.ა. ბოისა ვინ არის, გასაგებია 20-25 წლის ბავშვებისთვის, 35 წელს ზევით ნებისმიერ კალათბურთელს მე თუ არ ვახსოვარ, მაშინ მეხსიერების პრობლემა აქვს. ზუსტად ეს პრობლემაა საქართველოში, რომ ახალგაზრდებმა არ იციან ვინ არის გურამ მინაშვილი, ნიკოლოზ დერიუგინი, მიხეილ ქორქია, მაგრამ იციან ვინ არის იგივე ბოისა. ეს სერიოზული პრობლემაა. სწორად გამიგეთ, ჩემს თავს არ ვაიგივებ ამ ადამიანებთან, მაგრამ იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ევალება კალათბურთის პროპაგანდა, ამ ლეგენდარული ხალხის ღვაწლის შეხსენება რომ არ ხდება ახალგაზრდა თაობისთვის, ეს ერთ-ერთი მოტივია, რის შესაცვლელადაც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა ფედერაციაში მოსვლა გადავწყვიტეთ. ჩვენ მეგობრობას არ შევუკრებივართ, ჩვენთან არის გურამ მინაშვილი, ნიკოლოზ დერიუგინი, ვლადიმერ სტეფანია. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაძლევს სტიმულს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა. მათ ნდობა გამომიცხადეს და ერთად გადავწყვიტეთ, რომ რეფორმისთვის დავიწყოთ წინსვლა.

დღევანდელი ფედერაციის მუშაობას როგორ შეაფასებთ?

კ.შ. ამ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცი. ფედერაციაში გამოცდილი ხალხია, რაც კარგი აქვთ, მათ გამოცდილებას არ დავუკარგავ. მოსვლის შემთხვევაში, რადიკალური ცვლილებების გაკეთებას არ ვაპირებ. ჩემი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, პირიქით – შესაძლოა კადრების დამატებაც დაგვჭირდეს.

 აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბავშვების მომზადების დონე და მთელმა საქართველომ ერთი სისტემით ივარჯიშოს. სამწუხაროდ, დღეს ხდება ისე, რომ ხშირად პატარებს ათამაშებენ კომბინაციებით, ოღონდ მოიგონ. ეს დაუშვებელია, რადგან დიდ ასაკში ამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება. - კახა შენგელია

ვ.ბ. რომელი ქვეყნის ფედერაციაც არ უნდა ავიღოთ, ვთქვათ, სლოვენიის, სერბეთის, ან ესპანეთის, შეიძლება ვთქვათ, რომ მეტის გაკეთება შეეძლოთ. ჩვენი ფედერაციის შემთხვევაშიც შეგვიძლია განვაცხადოთ, დიახ – მეტი შეეძლოთ. არის ბავშვთა კალათბურთი, შიდა ჩემპიონატი, მაგრამ ყველა მაინც ეროვნულ ნაკრებს უყურებს. ამ შემთხვევაში, კალათბურთის ფედერაციას ვერ მოედავები. 12 წელია, რაც ფედერაციას ლიპარტელიანი და მისი გუნდი უდგას სათავეში, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში კონკურენტი ფაქტობრივად არ ჰყოლიათ. პირველ წელს, მგონი, კანდიდატურა ქორქიამ დააყენა, სხვა დროს ასეთი რამ არ მომხდარა. 12 წელი რომ არის ეს ფედერაცია, ვისი ბრალია? ფედერაციის არა.

მ.ა. დღეიდან ერთი თვის თავზე უნდა იყოს მორიგი არჩევნები. ერთი თვით ადრე, ჩვენ არ ვიცით არც არჩევნების თარიღი, არც დელეგატების რაოდენობა, არც ფედერაციის წევრების ვინაობა, არც წესდება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ამ საზოგადოებამ. ერთი თვით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატს არ შემიძლია საარჩევნო კამპანიის ჩატარება, რადგან არ ვიცი სუბიექტების ვინაობა. ყველა არჩევნებზე, 2001 წლიდან, იყო დელეგატების განსხვავებული რაოდენობა: 2001 წელს 93, თუ არ ვცდები, 2005 წელს – 54, 2009 წელს იყო 65 და ეს სულ იცვლება. დღეს, ბოლო რიგგარეშე ყრილობაზე იყო 32. დღემდე გაურკვეველია, რა რაოდენობის სუბიექტი ეყოლება ფედერაციას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანია ჩაატაროს, პროგრამა გააცნოს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა შევაფასო ფედერაციის მუშაობა?

თუ ეს მართლაც ასეა, ამ ყველაფერზე რატომ არ აქვს FIBA-ს რეაქცია?

კახა შენგელია

მ.ა. საქართველოში ერთადერთი ფედერაცია, ვისაც შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა, არის ფეხბურთის ფედერაცია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციების, ფიფას და უეფას დაქვემდებარებაში და შეუძლია სახელმწიფოს დახმარების გარეშეც იარსებოს. ყველა დანარჩენი ფედერაცია დამოკიდებულია სახელმწიფო დაფინანსებაზე. ვინაიდან FIBA არ არის დონორი, თავის წესებში პირდაპირ უწერია, რომ სახელმწიფოს პირდაპირი უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა იმ ფედერაციის ფუნქციონირებაში, რომელიც 30%-ზე მეტით ფინანსდება სახელმწიფოსგან. ეს ორგანიზაცია მზად არის, თუნდაც ცუდ წესდებაზე დახუჭოს თვალი, მაგრამ კალათბურთის განვითარებას ხელი არ შეუშალოს, სანამ არ გაჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ საკითხს დააყენებენ. ჩვენი სახით, 12 წლის შემდეგ გაჩნდა ადამიანების ჯგუფი, ვინც ეს თემა წინ წამოსწია. როდესაც განვაცხადეთ, რომ ქართული კანონმდებლობა არ შეესაბამება სტანდარტებს, შედეგი იყო ის, რომ კალათბურთის ფედერაციამ ყრილობაზე 32 იურიდიული პირი მოიწვია და არა ფიზიკური პირები, როგორც აქამდე ხდებოდა.

ამის შესახებ თუ გქონიათ საუბარი ფედერაციის ხელმძღვანელობასთან?

მ.ა. ძალიან ბევრი წერილი გვაქვს ფედერაციისთვის მიწერილი და პრაქტიკულად უმრავლესობაზე პასუხი არ გვაქვს მიღებული. ამის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომ შექმნილიყო კომისია, სადაც შევიდოდნენ ჩვენი, კალათბურთის ფედერაციისა და სამინისტროს იურისტები. მათ უნდა დაედგინათ ჩვენი წესდების FIBA-ს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ეს მოხდა ზაფხულში, მიდიოდა მსჯელობა და როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა, მივიღეთ წერილი, სადაც წერია, რომ საერთაშორისო ფედერაციის წესდებასთან ჩვენი კანონის სრულყოფაში მოსვლისთვის, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია რამდენიმე პუნქტის გათვალისწინება. საბოლოოდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული.

ბავშვთა კალათბურთში არასახარბიელო სიტუაციაა. გაქვთ თუ არა კონკრეტული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით და, მოსვლის შემთხვევაში, რას შეცვლით უკეთესობისკენ?

კ.შ. ჩემი ოცნებაა, რომ ბავშვები ფულს არ იხდიდნენ. თუ ამას მივაღწიე, ჩავთვლი, რომ მხოლოდ ამიტომ ღირდა ფედერაციაში მოსვლა. ეს ბავშვთა ნაკადის მატებას გამოიწვევს, სელექცია გაადვილდება. პირადად მყავს გუნდი, სადაც 12 ბავშვს უფასოდ ვავარჯიშებ, რადგან ხალხს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ ვიცი, რა რთული სიტუაციაა. ვიცნობ საქართველოში მოღვაწე ყველა მწვრთნელს, მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვაპირებ კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას. აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბავშვების მომზადების დონე და მთელმა საქართველომ ერთი სისტემით ივარჯიშოს. სამწუხაროდ, დღეს ხდება ისე, რომ ხშირად პატარებს ათამაშებენ კომბინაციებით, ოღონდ მოიგონ. ეს დაუშვებელია, რადგან დიდ ასაკში ამის გამოსწორება შეუძლებელი იქნება. საერთო ჯამში, უცხოელი მწვრთნელები ნაკრებში აუცილებლად გვჭირდება. ასევეა ბავშვებშიც. ეს სპეციალისტები უნდა მივავლინოთ იმ კლუბებში, სადაც განვითარებულია ინფრასტრუქტურა. კვალიფიციური უცხოელები ქართველებსაც გაზრდიან, რაც კარგია.

მგონი ამას პირველად თქვენთან ვიტყვი: მიუხედავად ყველაფრისა, საჭიროა როგორც ფედერაციის, ასევე მწვრთნელის შეცვლაც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კოკოშკოვმა ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ დგება მომენტი, როცა ახალი სისხლი, ახალი ხედვაა საჭირო.
ვლადიმერ ბოისა

ვ.ბ. მე აქცენტს გავაკეთებ ბავშვთა კალათბურთზე. სულ ვამბობ, რომ საქართველოში დისციპლინა, კარგი კვება, ვარჯიში და ზოგადად პირობები, პრობლემაა. მსურს ჩამოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელები და მათი მეშვეობით, აქ სისტემა დავნერგოთ. ქართველმა ბავშვებმა უცხოეთში კემპებზე, შეკრებებზე უნდა იარონ.

ბევრს ვსაუბრობ სლოვენიაზე და ეს ლოგიკურიცაა. ამ ქვეყნის მოდელი მომწონს, თან ბევრი კონტაქტები მაქვს, მაგრამ რომ შევხედოთ, ამ ქვეყანაში როგორი წინსვლაა, რაც სტატისტიკაშიც ისახება, ყველაფერი ნათელი გახდება. წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად ყველა ბავშვმა წელს სკოლაში მისვლისას, საჩუქრად ილუსტრირებული ზღაპარი მიიღო კალათბურთის შესახებ. ეს დიდი ნაბიჯია კალათბურთის პოპულარიზაციის კუთხით და ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. მაქვს ბევრი იდეა, რომლის გაჟღერებასაც ახლა მოვერიდები. დღეს ყველა იმას ცდილობს, რომ საკუთარი სპორტის სახეობა უფრო მასობრივი გახადოს. ჩემი შვილი ფეხბურთზე დადის. კი, ამ ბოლო დროს ვხედავ ხოლმე, რომ კალათშიც ისვრის ბურთს, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო ფეხბურთითაა დაინტერესებული. ეს ფაქტიც კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ კუთხით სამუშაოებია ჩასატარებელი, ბავშვებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ კალათბურთი.

მოგწონთ უმაღლესი საკალათბურთო ლიგის დონე? რის გაკეთებას გეგმავთ იმისთვის, რომ სუპერლიგა უფრო უკეთესი გახადოთ?

კ.შ. რომ გითხრათ, ჩვენი ჩემპიონატი მომწონს-მეთქი, არ იქნება სიმართლე. ნამდვილად შეიძლება გაცილებით მაღალზე თუ არა, სუპერლიგის ოდნავ უფრო მაღალ დონეზე აყვანა. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებენ საუნივერსიტეტო გუნდები. შარშან მე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი ვიყავი, როდესაც შუა სეზონში დაიშალნენ გუნდები. უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე ცოტა, 60 კაცი უმუშევარი დარჩა, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, დროა გადავიდეთ საკლუბო სისტემაზე. ბავშვთა გუნდებიც კი ამ სისტემაზე უნდა იყვნენ და ფედერაციას მხოლოდ კლუბებთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა.

6 გუნდით დაიწყო რუსეთმა სუპერლიგა, როდესაც შეეძლო 150 მოეგროვებინა. არ ვამბობ, რომ მათ უნდა მივბაძოთ, მაგრამ კარგი მაგალითია. ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, 8 გუნდი ნორმალური იქნება. იმისთვის, რომ მოთამაშეები და მწვრთნელები უსაქმოდ არ დარჩნენ, უნდა გაკეთდეს პირველი ლიგა. ამ ლიგაში ასაკი შეზღუდული არ იქნება და ყველას შეეძლება თამაში. ყველაზე აუცილებლად მიმაჩნია ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე. ის კალათბურთელები, ვინც სუპერლიგაში ვერ ხვდებიან, შემდეგ იკარგებიან, რადგან ასაკობრივი ზღვარი 20 წლამდეა. მოთამაშე შეიძლება 21, 22, 23 წლის ასაკში გაიხსნას და ამის საშუალება უნდა მივცეთ.

პირველი ლიგა შესანახად არ დაჯდება ძვირი, მონაწილეობის ხარჯები დიდი არ იქნება, ხელფასებიც – ასევე. ზოგ მოთამაშეს იმდენად მიზერული ანაზღაურება აქვს, რომ ერთი კვირაც არ ჰყოფნის. მე პირადად უმაღლეს ლიგაში მყავდა მოთამაშე, რომელსაც 200 ლარი ჰქონდა ხელფასი. ეს უნდა დარეგულირდეს, რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს, რაზე ნაკლების გადახდაც არ შეიძლება. როდესაც მოთამაშე მშიერია და არ იცის სახლში საჭმელი როგორ მიიტანოს, მოედანზე თავს სათანადოდ ვერ გამოავლენს. რომ მოგვიწიოს, ხუთგუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ, თუ კლუბების მხრიდან არ მოხდება ამ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება. დანარჩენები წავიდნენ პირველ ლიგაში.

მიხეილ ახვლედიანი
ვ.ბ. სუპერლიგას რაც შეეხება, რომ გითხრა, ცუდი გუნდებია-მეთქი, ნამდვილად არა. ხელფასების მხრივ, წელს არ ვიცი რა სიტუაციაა, მაგრამ შარშან სლოვენიაზე არანაკლები იყო. ასევე არიან ლეგიონერები, უცხოელი მწვრთნელებიც, რაც კარგია. მაგალითად, სლოვენიაში ისეთი სისტემაა აწყობილი, როდესაც გუნდს სპონსორობას უწევს რომელიმე კომპანია, სპორტსმენი საღამოობით, ვარჯიშის შემდეგ, იმ ორგანიზაციაში მუშაობს. აქ მგონი ამაზე არავის უფიქრია, ასე რომ, ეს მენეჯმენტის საკითხია. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სუპერლიგაში 7-8 გუნდი იქნება. ძალიან მიკვირს, რომ დღეს ჩემპიონატში ახალგაზრდა ბიჭები არ თამაშობენ, მგონი არიან ისეთები, ვისაც ეს შეუძლიათ. სანამ საქართველოდან წავედი, მახსოვს 15 წლის ვიყავი და ვითაში მათამაშებდნენ. შემდეგ წელს, აზოტში ხუთეულში ვთამაშობდი, დღეს კი ასე არ ხდება. მგონი ბიჭები არასწორად იზრდებიან. ძალიან კარგი იქნება, თუ ახალგაზრდა მოთამაშეები 16-17 წლის ასაკში სუპერლიგაში ითამაშებენ. შემდეგ თუ წავლენ საქართველოდან, ესეც მშვენიერი იქნება, რადგან უკვე ეცოდინებათ, რას ნიშნავს კაცებთან თამაში და ყველაფერი გაუადვილდებათ. ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ფედერაცია შეეცდება, რომ 8 გუნდი გვქონდეს. თუმცა, თუ დავჯდებით და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მივხვდებით, რომ, მაგალითად, 6-ზე მეტის არსებობა არაა მიზანშეწონილი, გავითვალისწინებ, რადგან არ მჩვევია ჯიუტად ჩემი პოზიციის გატანა.

მ.ა. 15 ოქტომბერს ჩვენ შევქმენით სტუდენტური კალათბურთის ლიგა, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. დღეს, მოთამაშე როგორც კი ამთავრებს სკოლას და გადადის უმაღლეს სასწავლებელში, თუ არ გაუმართლა და რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდმა არ აიყვანა, დაკარგულია. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი ლიგა. ძალიან ბევრი კალათბურთელია, ვინც გვიან იხსნება – შეიძლება 20 წლის გაიხსნას, შეიძლება – 23-ის. ჩვენი მოსვლის შემდეგ, ეს სივრცე გაჩნდება და ამას დაემატება სტუდენტური კალათბურთი. მას შემდეგ, რაც ფედერაციაში მოვალთ, ვაპირებთ შევქმნათ მინიმუმ სამი ლიგა. ერთი იქნება პირველი ლიგა, სტუდენტური ლიგის უმაღლესი ლიგა და მათი პირველი ლიგა. 8-9 გუნდი აბსოლუტურად ნორმალური რაოდენობაა უმაღლესი პროფესიონალური ლიგისთვის.

არა მხოლოდ კალათბურთის შემთხვევაში, საქართველოში სპორტის ნებისმიერ სახეობაში რთულია ფინანსების მოზიდვა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, სპონსორები არ ინტერესდებიან სპორტით. რას აპირებთ ამ მიმართულებით?

კ.შ. ფინანსების მოზიდვა ქართულ სპორტში არის ურთულესი თემა, რადგან ინვესტორს არანაირი დაინტერესება, ხელშეწყობა არ აქვს. მთავრობები იცვლებიან, მაგრამ სპორტის კანონს არაფერი ეშველა, რაც ასევე ცუდი ფაქტია. ამ კანონში შეიძლება ბევრი რამ ჩაიწეროს, მაგალითად ის, რომ ვინც გადასახადებს იხდის, ვთქვათ, 20,25% მოახმაროს სპორტს. მთავრობამ კარგ გადამხდელს გამოართვას ის ფული, როგორც ართმევდა და ის დღგ სპორტს მოახმაროს.

ვ.ბ. სლოვენიაში ფედერაციის ერთ-ერთი სპონსორი, სათვალეების მაღაზიაა. ჩვენ უნდა ვიაროთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ბევრი სპონსორი მოვიზიდოთ. ყველა დამფინანსებელი, მცირეც კი, მნიშვნელოვანია. ბევრ ადამიანს ვესაუბრები ახლაც ამ თემაზე, რადგან ვაცნობიერებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ელემენტარულად, რაც უფრო იაფი დაჯდება კალათბურთელთა შეკრება, ეს ხომ ფედერაციისთვის უკეთესია?

მ.ა. მინდა გითხრათ, რომ ორ ინვესტორთან პრაქტიკულად უკვე მოლაპარაკებას მივაღწიეთ, რომ ისინი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სუპერლიგის და ნაკრების მუშაობაში. შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთ ინვესტორთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს ნაკრებს ექნება სრულყოფილი სავარჯიშო ბაზა, რომელშიც საქართველოს ყველა ნაკრები ივარჯიშებს და მოემზადება სხვადასხვა ტურნირებისთვის. ბაზის აშენების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რაც შეეხება პროფესიონალურ ლიგას, იქაც ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს, რომელიც ინვესტორთან ერთად, უკვე გავიარეთ, პრეზენტაციები გვქონდა და მომავალი წლიდან საკალათბურთო საზოგადოებას ძალიან საინტერესო პროექტი შეგვიძლია შევთავაზოთ.
სამწუხაროდ, ჩვენთან სპორტის მიმართ დამოკიდებულება იმდენად სუსტია, რომ სახელმწიფოს უწევს მისთვის პრიორიტეტული სახეობების შენახვა. იმის გამო, რომ ასეთი მდგომარეობაა დღეს, მწირი დაფინანსების პირობებში გვაქვს ერთი პროფესიონალური ლიგა, რომელსაც უწყებები აფინანსებენ. ეს ფული არის გადასახადების გადამხდელების. მოდი, დაუსვით მათ კითხვა – სურთ სხვადასხვა სპორტული სახეობების დაფინანსება? ეს ლეგიტიმური კითხვაა. ვინაიდან ასეა მოწყობილი სახელმწიფო, რომ ხელისუფლება, რომელსაც ვირჩევთ, ამაში ფულს დებს, შესაბამისად, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმაზე მეტ ფულს ვერ ვიშოვით, რაც არის. ერთი უნდა იყოს სუპერლიგა და შემდეგ სამოყვარულო დონის ლიგები. პირველ ლიგას შეიძლება ჰქონდეს რაღაც დაფინანსება, მაგრამ არა ისეთი, როგორც სუპერლიგას, თუმცა იმათაც ან სპონსორები უნდა იპოვონ, ან მუნიციპალურ დონეზე მოხერხდეს რამე. რაც შეეხება სტუდენტურ ლიგებს, ისინი არ იქნება დაფინანსებული, რადგან სტუდენტი ხელფასს არსად იღებს და არც საქართველოში უნდა აიღოს.

საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა საქართველოს ნაკრების შესახებ. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ ორჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა...

კ.შ. ვთვლი, რომ ვინც კი გვყოლია, იგორ კოკოშკოვი მათ შორის საუკეთესოა. ყველა შედეგით ფასდება და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ნაკრების წარმატებას სხვადასხვა გარემოებებს აბრალებს, ვფიქრობ, აქ მწვრთნელის და ფედერაციის კარგი მუშაობა ჩანს. ეს ნათლად გამოჩნდა მაშინ, როდესაც ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩენილი გუნდი ისე გადაეწყო, რომ ბრძოლისუნარიანი კოლექტივი მივიღეთ. ეს მწვრთნელის კვალიფიკაციაზე მეტყველებს.

ჩვენ არ ვიცით არც არჩევნების თარიღი, არც დელეგატების რაოდენობა, არც ფედერაციის წევრების ვინაობა, არც წესდება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ამ საზოგადოებამ. ერთი თვით ადრე, პრეზიდენტობის კანდიდატს არ შემიძლია საარჩევნო კამპანიის ჩატარება, რადგან არ ვიცი სუბიექტების ვინაობა. - მიხეილ ახვლედიანი

ვ.ბ. კოკოშკოვმა მოახერხა, ჩვენი ხასიათისა და მენტალიტეტისთვის აეღო ალღო. მაგალითად, გორდონ ჰერბერტი ძალიან კარგი მწვრთნელი იყო, მაგრამ მას გუნდში გერმანული დისციპლინის დამყარება სურდა და, საბოლოოდ, იგორისნაირ შედეგს ვერ მიაღწია. ამ პერიოდში, კოკოშკოვი და საქართველოს ნაკრები ერთად გაიზარდნენ. მგონი ამას პირველად თქვენთან ვიტყვი: მიუხედავად ყველაფრისა, საჭიროა როგორც ფედერაციის, ასევე მწვრთნელის შეცვლაც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კოკოშკოვმა ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ დგება მომენტი, როცა ახალი სისხლი, ახალი ხედვაა საჭირო.

მ.ა. მე არ ვუკარგავ ჩვენს ბიჭებს დამსახურებას. ძალიან კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ მოვხვდით. არც ის დავივიწყოთ, როგორ მოვახერხეთ ამის გაკეთება. ჩვენ ვერ ვხვდებოდით ევროპის ვერცერთ ჩემპიონატზე, მაგრამ FIBA-მ 8 გუნდის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, 8 გუნდი რომ დაამატოს უეფამ ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში, შეიძლება საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსაც ჰქონდეს მოხვედრის შანსი. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორიც ნუ დაგვავიწყდება.
დეტალებში არ დავიწყებ გარჩევას, მაგრამ კოკოშკოვისთვის უფრო სასარგებლო იყო საქართველოს ნაკრებში ყოფნა, ვიდრე ჩვენი გუნდისთვის კოკოშკოვი. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ის არ ყოფილა მთავარი მწვრთნელი. მთავარი მწვრთნელი ეს არის ადამიანი, რომელიც კრიტიკულ მომენტში იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც შენ ამის გამოცდილება არ გაქვს და უბრალოდ გადაწყვეტილების მიმღების მომსახურე პერსონალი ხარ, ეს არის ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც იმ კრიტიკულ მომენტებში კოკოშკოვს გადაწყვეტილებებს ვერ აღებინებდა. აქედან გამომდინარე, ალბათ მწვრთნელმა მეტი წაიღო ნაკრებიდან, ვიდრე პირიქით.

გადაწყვეტილია, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში აღარ იმუშავებს. თუ გყავთ შერჩეული კონკრეტული კანდიდატი, ვინც ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს, თუ არა, მაშინ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი?

ვ.ბ. არ მგონია, ამ ეტაპზე ისეთი ქართველი მწვრთნელი არსებობდეს, ვისაც ჩვენი ნაკრების გაწვრთნა შეუძლია, მაგრამ თუ ფედერაცია სწორად იმუშავებს, მაშინ მჯერა, რომ 4 წელიწადში ასეთი გვეყოლება. ვიცი, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს სპეციალური სკოლები, სადაც მწვრთნელებს ზრდიან. სპორტის აკადემია აღარ არსებობს და ახლა მეც რომ მოვინდომო, შემიძლია დარბაზში მივიდე და ავიყვანო ბავშვები. იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი მოთამაშე ვარ, ალბათ, რაღაც ჯგუფს შევკრებ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად ხომ არ არის? ეს არის ფსიქოლოგია, სწორი ყურადღება, ბევრ რამეში უნდა იყო განსწავლული. ვფიქრობ, 18 წლამდე თუ ქართველი მწვრთნელები იმუშავებენ, ნორმალური იქნება, მაგრამ უკვე ზემოთ უცხოელი, კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვაა საჭირო. საქართველო იმდენად საინტერესო ქვეყანაა, ბევრი იტალიელი, ესპანელი, ხორვატი მოინდომებს ჩვენთან ჩამოსვლას. საჭიროა ასეთი ტრენინგების გაკეთება, მაგრამ მახსოვს, რამდენჯერმე ჩატარდა და ქართველები არასერიოზულად მოეკიდნენ. ასე არ შეიძლება, უამისოდ არაფერი გამოვა. თუ ფედერაციაში მოვალ, აუცილებლად დავგეგმავ ასეთ ღონისძიებებს.
რაც შეეხება ნაკრების მომავალს, ვფიქრობ, აუცილებელია 2-3 წლის განმავლობაში ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეების მიმართ ყურადღების გამოჩენა. თუ მე ვიქნები ფედერაციის პრეზიდენტი, მზად ვარ ვიარო პირადად და, მაგალითად, სანაძისა და ბურჯანაძის შემთხვევაში, მეტი სათამაშო პრაქტიკა მოვითხოვო. ამ ბიჭებმა ბევრი უნდა ითამაშონ. ჩვენი კავშირებით, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ასეთი პრობლემა არ იდგეს. ნაკრების ახალი მწვრთნელი, როგორც ვთქვი, არა ჯიუტად მკაცრი, არამედ ჩვენს მენტალიტეტზე მორგებული უნდა იყოს. დღეს ისეთი სიტუაციაა, ფაჩულიასთან, შენგელიასთან, სანიკიძესთან, შერმადინთან და სხვებთან მუშაობა ყველა მწვრთნელს გაუხარდება, უბრალოდ, ძიებაა საჭირო.

მ.ა. კოკოშკოვი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო. ამ თანხად, შესაძლებელია, მოვძებნოთ ისეთი სპეციალისტი, რომელიც ზუსტად იმ ფუნდამენტის ჩასხმაში დაგვეხმარება. ის იმუშავებს ქართული კალათბურთის განვითარებაზე, შეხედავს ადგილობრივ ჩემპიონატს, სტუდენტურ ლიგას. სჯობს გადავუხადოთ მეტი, მაგრამ იმ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შეხება ბავშვთა მწვრთნელებთან, სტუდენტურ კალათბურთთან. ამ დროს გაიზრდებიან ჩვენი მწვრთნელებიც. კოკოშკოვი, როგორც ვიცი, საქართველოში საერთოდ არ ჩამოდიოდა, ჰყავდა მწვრთნელების რაღაც ჯგუფი, რომელიც აქ ინფორმაციას უგროვებდა, მერე ჩადიოდა და აჩვენებდა. ჩვენ ეს არ გვჭირდება, გვინდა, რომ იმ ადამიანმა, ვინც ანაზღაურებას აიღებს, შესაბამისი სამუშაო გასწიოს. რთული იქნება, მაგრამ მოვძებნით ასეთ მწვრთნელს. ჩვენ შედეგზე აქცენტს გავაკეთებთ არა 2013, 14, 15 წლებზე, არამედ 2020 და 2022-ზე.

იმის შანსი ხომ არსებობს, რომ შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები ვერ გავიდეს? ამ შესაძლებლობას უშვებთ?

მ.ა. საერთოდ ვერ ვხედავთ ამაში პრობლემას. მე თქვენ უფრო დიდ მიზნებზე გესაუბრებით. შევძლებთ? შევძლებთ, არა და ამაში ჩვენ ვერ ვხედავთ პრიორიტეტს. რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ზუსტად იმაზე ვიწყებთ მუშაობას. 2015 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე არ ვფიქრობთ. თუ მოვხვდებით, ეს იქნება კარგი, მაგრამ თუ არა, ჩვენ ვფიქრობთ გამარჯვებაზე 2022-ში. ეს არის ჩვენი მიზანი, ამით მოვდივართ.

ბოლოს, მარტივად რომ გვითხრათ, რატომ უნდა გახდეთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მაინცდამაინც თქვენ?

კ.შ. კალათბურთი მთელი ჩემი ცხოვრებაა, სიხარული, სატკივარი – ყველაფერია. არ ჩამითვალოს ვინმემ ისე, თითქოს რამეს ვამადლი, მაგრამ 9 წლისამ დავიწყე კალათბურთის თამაში, ახლა 42-ის ვარ და ერთი საათით არ წავსულვარ სხვაგან. ბიზნესი მე არ მქონია და არაფერი სხვა არ მიკეთებია, ამიტომ, ჩემდა სამწუხაროდ და სასიხარულოდ, შემიძლია ვთქვა, რომ კალათბურთის გარდა სხვა საქმეს ვერ გავაკეთებ. მსურს, იმ ხალხთან, ვისაც კალათბურთი სტკივა, წარვმართო სწორი მუშაობა და შედეგს მივაღწიო, მაგრამ თუ ასე არ იქნება, უკალათბურთოდ მაინც ვერ ვიცხოვრებ.

ვ.ბ. მქონდა კარგი კარიერა, ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ, პრეზიდენტობა კი იმიტომ მსურს, რომ საერთაშორისო დონეზე ვანახო ყველას – ქართული კალათბურთისთვის სიკეთის მოტანა შემიძლია. აქ დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, მას შემდეგ, რაც ჩემს ქვეყანაში მივაღწევ წარმატებას, მსურს საზღვარგარეთ ვიმუშაო და უკვე იქიდან დავეხმარო ქართულ კალათბურთს – ასეთია ჩემი გეგმა. აქ გაზრდილი ვარ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, რაც საქართველოში ხდება. რატომაც არა? მაინტერესებს, ვინ იცის ჩემზე მეტი... მე ქვეყნისთვის, ქართული კალათბურთისთვის მინდა კარგი და თუ საჭირო გახდება, არ გამოვრიცხავ ვინმესთან გაერთიანებას. ჩემი მთავარი მიზანია ჩემეული ხედვის, აზრების განხორციელება და რაც ამას დასჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ.

მ.ა. დღეს საკალათბურთო სამყაროს ესაჭიროება კვალიფიციური ჯგუფი, ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა სჭირდება ქართულ კალათბურთს. მეცნიერულად, სტატისტიკურად გვაქვს შესწავლილი ყველაფერი. თვეების მიხედვით გვაქვს გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ მზად ვართ, ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ.

 

კომენტარები