ახალი პრემიერი

ხიდაშელი: მნიშვნელობა არ აქვს, მინისტრობის ესა თუ ის კანდიდატი მოგვწონს თუ არა

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მომავალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სრული პასუხისმგებლობაა ის, რომ მთავრობა იყოს წარმატებული. როგორც ხიდაშელმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში - დიდი პოლიტიკა - თქვა, ამიტომ, მას სრული თავისუფლება უნდა მიეცეს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაში. დეპუტატის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს ღარიბაშვილის შეთავაზებულ კანდიდატებს, რადგან მომავალ პრემიერს ენდობა.

"იმიტომ, რომ მაღალი ნდობაა ირაკლის მიმართ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ მინისტრობის ესა თუ ის კანდიდატურა მოგვწონს თუ არა, ჩვენ ან ვენდობით პრემიერს ან არა. და როცა ნდობას უცხადებ პრემიერს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საშუალება უნდა მისცე - მართოს ქვეყანა იმ ნდობთ, რომელიც შენ მას გამოუხატე. თუ ეუბნები, რომ იცი რა, ირაკლი, შენ კი მომწონხარ და გენდობი, მაგრამ შენი შერჩეული ეს ბიჭი ან გოგო არ მომწონს.. იქნებ იმ კანდიდატზე სხვანაირად გვეფიქრა.. ეს აღარ არის პრემიერის თავისუფლება და ეს არ არის ნდობა" - თქვა ხიდაშელმა.

დღევანდელ გადაცემაში ინგა გრიგოლიამ დეპუტატს იმის შესახებ დაუსვა კითხვა, რომ კოალიციის წევრებმა ბოლო დღემდე არ იცოდნენ მომავალი პრემიერის ვინაობა.

"თქვენ ერთი წუთი მაინც ეჭვი გეპარებოდათ, რომ ირაკლი იქნებოდა პრემიერმინისტრი? არა, ისევე როგორც არც ერთ ჩვენგანს.. ამიტომ, სად არის აქ საიდუმლო? ეს კითხვა მაშინ იქნებოდა ლეგიტიმური, ივანიშვილს პრემიერად ვინმე უცხო რომ დაესახელებინა. როცა ყველამ იცის აბსოლუტურად, სად არის საიდუმლო? მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ პრესკონფერენცია გაიმართა ერთი დღით ადრე თუ 37 დღით გვიან? ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე ვიყავი აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა. გვარით და სახელით არ დაუსახელებია, მაგრამ მეც და ჩემი გარშემომყოფებიც დარწმუნებულები ვიყავით.. პრემიერი შეხვედრებისას მუდმივად ითხოვს აზრს და პოზიციას, მუდმივად სვამს შეკითხვებს და მე პირადად, ძალიან ხშირად მიმიღია ამაში მონაწილეობა. ეს გადაწყვეტილება ასე არ მიუღია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიძინა, გაიღვიძა და დილით თქვა, რომ "მოდი, ასე იყოს". ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმსჯელობდით ამაზე, ისე რომ არ გვითქვამს - ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პრემიერი და ამიტომ განვიხილოთ ეს საკითხი"" - განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები