ამერიკული ხომალდი ბათუმში

ბათუმის ნავსადგურში, ამერიკულ ხომალდ Mount Whitney-ზე წვრთნები მიმდინარეობს

USS Mount Whitney
www.msc.navy.mil

ბათუმის ნავსადგურში, ამერიკული ხომალდი Mount Whitney შევიდა. მასზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის წვრთნები მიმდინარეობს. ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრები ცეცხლთან და ჩაუძირაობისთვის ბრძოლის საკითხებში ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ. ასევე, ხომალდზე სწავლებები გაიმართება საზღვაო ოპერაციების მართვისა და ლიდერობის შესახებ.

დღესვე, ამერიკული ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის მინი-ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართება.

ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდისა და გემის კაპიტან ქრეიგ კლეპერტონის სახელით მიღება გაიმართება. ამერიკულ ხომალდზე დაგეგმილ მიღებაზე მიწვეული არიან საქართველოს მოქმედი და ყოფილი მთავრობის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. 

ამერიკული ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ დატოვებს.

ცნობისთვის, Mount Whitney იგივე სამხედრო ხომალდია, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა. ამერიკული ხომალდის სიგრძე 200, ხოლო სიგანე - 34 მეტრია. გემის ეკიპაჟი 325 წევრისგან შედგება. ხომალდზე განთავსებულია ვერტმფრენებიც, რომლებსაც სხვადასხვა ოპერაციის ჩატარება შეუძლია.

კომენტარები